Accessibility links

logo-print
უკრაინაში ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმე, რომლისადმი ინტერესიც 10 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგაც ძალიან დიდი რჩება. სამშაბათს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ უარყო ყოველგვარი კავშირი ღონღაძის მკვლელობასთან. კუჩმა ამ განცხადებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გამოაცხადა, რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ღონღაძის მკვლელობასთან კუჩმას შესაძლო კავშირის დასადგენად. შეგახსენებთ, რომ გიორგი ღონღაძე 2000 წლის სექტემბერში დაიკარგა, რის შემდეგაც ის მოკლული - თავმოკვეთილი იპოვეს კიევის მახლობლად.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ კავშირს 2000 წელს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან.

„მე დღეს მორალურად მზად ვარ, ჯოჯოხეთის ყველა ტანჯვა გავიარო იმის დასამტკიცებლად, რომ უდანაშაულო ვარ. მინდა, რომ უკრაინის ისტორიაში მარტო სიმართლე დარჩეს იმის შესახებ, თუ რა მაქვს გაკეთებული ქვეყნისათვის და რა არა მაქვს გაკეთებული“, - უთხრა კუჩმამ ჟურნალისტებს პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადებამდე.

ლეონიდ კუჩმა
სამშაბათს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, რენატ კუზმინმა გააკეთა განცხადება ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. მისი განმარტებით, „კუჩმა ეჭვმიტანილია უფლებამოსილებების გადაჭარბებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებისათვის უკანონო განკარგულებების გაცემაში, რომლებსაც შედეგად მოჰყვა ჟურნალისტის მკვლელობა“.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ იქვე განაცხადა, რომ იმედოვნებენ, გამოძიება „ძალიან მალე“ დასრულდება. ბევრი იმასაც იმედოვენებს, რომ ბოლო მოეღება გაურკვევლობას ღონღაძის ტრაგიკული ბედის გარშემო და ბოლოსდაბოლოს დაადგენენ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ჟურნალისტის სასტიკ მკვლელობაზე. ღონღაძე, რომლის ინტერნეტგამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ კრიტიკულად აფასებდა კუჩმას საბმიანობას, 2000 წელს კიევში მოიტაცეს. თვენახევრის შემდეგ ის მოკლული იპოვეს, თავმოკვეთილი და დამწვარი გვამი უკრაინის დედაქალაქთან, ტყეში...

72 წლის კუჩმა ყოველთვის უარყოფდა კავშირს ჟურნალისტის მკვლელობასთან, მიუხედავად აუდიოჩანაწერისა, რომელზეც ისმის, როგორც ავალებს ერთ-ერთი მამაკაცი (მისი ხმა კი კუჩმას ხმას ჰგავს) სხვებს: „მიხედონ“ ოპოზიციონერ ჟურნალისტს. ეს იყო ერთი ეპიზოდი საიდუმლო ჩანაწერებიდან, რომლებსაც 1998-2000 წლებში აკეთებდა მიკოლა მელნიჩენკო - იმ პერიოდში კუჩმას დაცვის წევრი. მელნიჩენკოს ჩანაწერების ავთენთურობა არასოდეს დადასტურებულა, მაგრამ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ახლა ისინი მტკიცებულებად არის აღიარებული ღონღაძის მკვლელობის საქმეში.

ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ საქმის აღძვრა გამარჯვებად ითვლება მისი ოპონენტებისათვის - ხალხისათვის, ვინც 10 წელიწადზე მეტია, მოითხოვს ღონღაძის მკვლელობასთან მაშინდელი პრეზიდენტის შესაძლო კავშირის გამოძიებას.

აი, როგორი იყო გიორგი ღონღაძის ქვრივის, მიროსლავას რეაქცია: „მივესალმები სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ გენერალურ პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები აქვს გიორგის მკვლელობასთან კუჩმას დასაკავშირებლად. იმედი მავს, რომ პროკურატურა გამოიჩენს პროფესიონალიზმსა და ნებას, გამოძიების ბოლომდე მისაყვანად“.

კუჩმას წინააღმდეგ საქმის აღძვრა ასევე დადებითად შეაფასა ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“. თუმცა, ორგანიზაციის წარმომადგენელი იოჰან ბირი მაინც ფრთხილობს მიმდინარე პროცესის შეფასებისას. „ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება, სხვა მაღალი რანგის პირებსაც წაუყენებენ თუ არა ბრალდებებს, რადგან კუჩმა არ არის ერთადერთი, ვისი სახელიც ამ საქმეში ახსენეს. საქმე რამდენჯერმე წავიდა სწორი მიმართულებით და მერე უკან დაიხია. ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მას დიდი ყურადღებით დავაკვირდებით. მოდით, ახლა ნუ ვიზეიმებთ, რადგან ამით საქმე ნამდვილად არ მთავრდება“, ამბობს ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ წარმომადგენელი.

შარშან პროკურორებმა უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური კრავჩენკო დაასახელეს პირად, რომელმაც ღონღაძის მოკვლის შესახებ დავალება გასცა. კრავჩენკო 2005 წელს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა. ღონღაძის მკვლელობასთან კავშირში ბრალდების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ყოფილი თანამშრომელი დააპატიმრეს. მილიციის ასევე ყოფილი გენერალი ოლექსი პუკაჩი, რომლემაც, როგორც ხელისუფლება აცხადებს, 2009 წელს აღიარა ღონღაძის მკვლელობა, ახლა ელოდება სასამართლო პროცესს.

რაც შეეხება ლეონიდ კუჩმას გასამართლებას, ღონღაძის ქვრივის ადვოკატი შიშობს, რომ ამ პროცესმა ძალიან დააგვიანა და შესაძლოა, ნათელი ვერ მოჰფინოს მკვლელობას.

ბევრი ანალიტიკოსიც გამოთქვამს ვარაუდს, რომ კუჩმას მიმართ აღძრული საქმე უშედეგოდ დასრულდება. თვით კუჩმას თქმით, ის „მშვიდად“ არის, რადგან თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG