Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდივიდუალურად კოლექტიურ “რვიანთან” თუ “რვიანის” სუბიექტებთან?


”ოპოზიციური რვიანის” ერთ-ერთი შეხვედრა, 7 მარტი
”ოპოზიციური რვიანის” ერთ-ერთი შეხვედრა, 7 მარტი
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა ინდივიდუალური კონსულტაციების ფორმატში უნდა განახლდეს - ეს ინიციატივა, მმართველი პარტიის სახელით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა 4 მაისს გაახმიანა. მოლაპარაკებების თითქმის თვე-ნახევრის განმავლობაში შეჩერებული პროცესის განახლებისათვის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებს.
ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური კონსულტაციები არის უფრო სწორი გზა ამ შემთხვევაში, ვინაიდან მათ თავის დროზე თავადვე გადაწყვიტეს, რომ ეს ურთიერთობები, ეს მოლაპარაკებები არ ყოფილიყო იმ ფორმატში...

როგორი იქნება ინდივიდუალური მოლაპარაკებების პროცესი და, შესაბამისად, რა სახეს მიიღებს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი, ამ დროისათვის ბუნდოვანია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განგვიცხადეს, მიმდინარეობს კონსულტაციები და მის დასრულებამდე აღნიშნულ საკითხზე კომენტარები არ გაკეთდება. თუმცა მანამდე ნათელია არგუმენტი, რომლითაც მმართველი პარტია ოპოზიციურ „რვიანთან“ მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლის აუცილებლობას ხსნის. აი რა განუცხადა 4 მაისს ტელეკომპანია ”კავკასიას” საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა:

”ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური კონსულტაციები არის უფრო სწორი გზა ამ შემთხვევაში, ვინაიდან მათ თავის დროზე თავადვე გადაწყვიტეს, რომ ეს ურთიერთობები, ეს მოლაპარაკებები არ ყოფილიყო იმ ფორმატში.”
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი

პავლე კუბლაშვილი გულისხმობს ოპოზიციური „რვიანის” ფორმატის სახელით ცნობილ პროცესს, რომელიც მარტის ბოლოდან შეჩერებულად - და არა შეწყვეტილად - ითვლება. მისი განახლების ერთ-ერთ მთავარ პირობად „რვიანში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ადეკვატურ ნაბიჯებს გულისხმობდნენ. თუმცა, საბოლოოდ, ამან ორმაგი ჩიხისა და ურთიერთბრალდებების სახე მიიღო; მოლაპარაკებების ჩაშლაში ოპოზიცია ხელისუფლებას, ხელისუფლება კი ოპოზიციას ადანაშაულებს. მთელი ეს პროცესი კი საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონიტორინგის პირობებში მიმდინარეობს. ხელისუფლების მისამართით მათი მხრიდან გაკეთდა რამდენიმე საგულისხმო განცხადებაც, რომელთა არსია ქვეყანაში არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნას კონკურენტუნარიანი და სამართლიანი საარჩევნო გარემო.

”დღეს საერთაშორისო საზოგადოების აზრი ამ პროცესის შესახებ ცალსახაა თითქმის. ის უფრო ოპოზიციის მხარეზეა, ვიდრე ხელისუფლების მხარეზე. ამიტომ ეს პროცესი ბოლომდეა მისაყვანი და უნდა დამთავრდეს ან ნორმალური საარჩევნო გარემოთი, ან არადა, ყველა საშუალება უნდა ამოიწუროს და მაშინ მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა დაიდოს ასეთი ფაქტი, რომ ეს ხელისუფლება საქართველოში არჩევნებს არ ატარებს”, - ამბობს ოპოზიციური „რვიანის“ ექსპერტი ირაკლი მელაშვილი, რომლის აზრითაც, მმართველი პარტიის ინტერესი მოლაპარაკებების პროცესში არა პროდუქტის მიღება, არამედ თავად პროცესის წარმოებაა გარე მოხმარებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ანგარიშგების მიზნით. ოპოზიციის შეფასებით, ამ რიგის პროექტია ინდივიდუალური მოლაპარაკებების ინიციატივაც. „რვიანის“ ერთ-ერთი სუბიექტი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ლევან ვეფხვაძის პირით, ამ ინიციატივის შემდეგ ინტერპრეტაციას გვთავაზობს:
ოპოზიციური „რვიანი“ მზად არის ინდივიდუალური მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს... ამ მოლაპარაკების დროს ოპოზიციური „რვიანი“ იქნება ერთი მხარე და მომლაპარაკებელ მეორე მხარეს იქნება ის, ვისაც სურვილი ექნება...

”ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მაგიდა ჩაიშალა და ინდივიდუალურად ვიწყებ მოლაპარაკებასო. მე ვამბობ, რომ დავიწყოთ მოლაპარაკება ზუსტად იმაზე, რომ მაგიდა აღდგეს. ეს არის, მე მგონი, ძალიან მარტივი ფორმულა. „რვიანი“ არის დაფიქსირებული ერთ სუბიექტად მაგიდაზე, მაგიდის გარშემო, უფრო სწორად, და ეს მაგიდა უნდა აღდგეს. მთავარი სწორედ ეს არის. თემატურ და შინაარსობრივ საკითხებზე, მე არა მგონია, ღირდეს ლაპარაკი.”

საარჩევნო კოდექსზე „რვიანსა“ და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები 2010 წლის ნოემბერში დაიწყო. მოლაპარაკებების პროცესი ეტაპებად დაიყო. გასული წლის დეკემბრის ბოლოს მხარეებს თავიანთი ხედვების პრეზენტაცია უნდა დაესრულებინათ. ვადა მხოლოდ ხელისუფლებამ დაარღვია. პრინციპულ და არსებით საკითხებზე შეთანხმებების პროცესი 2011 წლის მაისის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, 2011 წლის ზაფხული შეთანხმებული საკითხების საერთაშორისო ექსპერტიზას უნდა დაეთმოს, შემოდგომაზე კი საკანონმდებლო ცვლილებები და კანონის იმპლიმენტაცია უნდა განხორციელდეს. ოპოზიციური „რვიანის“ სახელით, მემარჯვენე მამუკა კაციტაძე აღნიშნავს, რომ ეს ეტაპები ჯერაც ძალაშია, ხელისუფლების მიერ მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლის შესახებ განცხადების მიუხედავად:
”ახალი მემერჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე

”თუ ხელისუფლებისთვის უფრო კომფორტულია, უფრო მოსახერხებელია ინდივიდუალური მოლაპარაკებები, უფრო მეტიც, თუ მოლოდინი, შედეგის მიღწევის თვალსაზრისით, უფრო მეტია ინდივიდუალური მოლაპარაკებების დროს, ოპოზიციური „რვიანი“ მზად არის ინდივიდუალური მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს ხელისუფლებასთან, ისე როგორც სხვა მსურველ ორგანიზაციებთან, ერთი მარტივი დეტალის გათვალისწინებით: ამ მოლაპარაკების დროს ოპოზიციური „რვიანი“ იქნება ერთი მხარე და მომლაპარაკებელ მეორე მხარეს იქნება ის, ვისაც სურვილი ექნება.”

მამუკა კაციტაძის ინფორმაციით, ინდივიდუალური მოლაპარაკებების ფორმატში „რვიანს“ ერთ სუბიექტად მოიაზრებს მმართველი პარტიაც. ასეა თუ არა ეს, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG