Accessibility links

logo-print

ურშულა დოროშევსკა: "ვიცი, რომ ცვლილებები რთულია, ჩვენთვისაც რთული იყო...”


პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა

პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა

3 მაისს მთელი პოლონეთი ქვეყნის კონსტიტუციის დღეს აღნიშნავდა. მოგვიანებით, უკვე 5 მაისს პოლონეთის საელჩომ, ქართველ მეგობრებთან ერთად, თბილისშიც აღნიშნა ეს დღე. ევროპაში პირველ კონსტიტუციაზე ასევე, პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ურშულა დოროშევსკა გვესაუბრება:


ურშულა დოროშევსკა:
ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ეს არის ევროპაში პირველი კონსტიტუცია და ეს მოხდა 1791 წელს. 220 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც პოლონეთმა კონსტიტუცია მიიღო. ამ კონსტიტუციაში ევროპაში პირველად მოხდა ხელისუფლების სამ შტოდ განაწილება - აღმასრულებელი, საკანონმდელო და სასამართლო. და ამ კონსტიტუციაში გაკეთდა ასეთი ჩანაწერი: ”ყოველგვარი ხელისუფლება, ყოველ საზოგადოებაში, სათავეს ერის ნებიდან იღებს”. დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს იმდროინდელი მსოფლიოსათვის მართლაც რევოლუციური აზრი იყო. ეს ის დრო იყო, როცა მთელ დანარჩენ მსოფლიოს მიაჩნდა, რომ ხელისუფლება მეფისგან მოდის და არა ერისგან. ჩვენს პირველ კონსტიტუციაში კი მეფე არის წარმოდგენილი, როგორც მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება, ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლება გახლავთ სეიმი, ანუ ჩვენი პარლამენტი, რომელიც არჩევითია. მაგრამ ეს კონსტიტუცია, სამწუხაროდ, მაშინვე არ ამოქმედდა პოლონეთში. სამწუხაროდ, ძალიან მალე ამის შემდეგ, ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება და 125 წელი გავატარეთ სხვა ქვეყნების მონობაში, რომლებიც არ ცნობდნენ ამ პრინციპებს. მაგრამ ჩვენი კონსტიტუციის იდეა ცოცხალი იყო ერის ცნობიერებაში და სწორედ ამ განცდით, - რომ თავისუფლება ერისა და ხალხისაგან მოდის, თავისუფლება ეს არის ყოველი ადამიანის თავისუფლება, - ამ იდეით იბრძოდა პოლონელი ხალხი დამპყრობლების წინააღმდეგ.

3 მაისის კონსტიტუციის პრინციპების დაცვა მაშინაც ვერ მოხერხდა, როდესაც პოლონეთი, ისევე როგორც საქართველო, კომუნისტების ხელში აღმოჩნდა. კომუნისტებმა აკრძალეს კონსტიტუციის დღის, 3 მაისის აღნიშვნა. 1 მაისის დღესასწაული, რა თქმა უნდა, გვქონდა, ამ დღეს შეგვეძლო საზეიმოდ დროშების გამოფენა, მაგრამ 3 მაისამდე ეს დროშები აუცილებლად უნდა მოგვეხსნა და თუკი ვინმე გაბედავდა და დროშებს მესამე დღესაც დატოვებდა, მისთვის საგანგებო სანქციები იყო გათვალისწინებული.

ის, რომ ჩვენ გვახსოვს ჩვენი კონსტიტუცია, ის, რომ ჩვენ ერთხელ ვაღიარეთ ეს პრინციპები საუკუნეების მანძილზე გვაძლევდა ძალას, რომ შესაბამისად წარგვემართა ჩვენი ცხოვრება და ეს არის სწორედ სოლიდარობა იმ ერებთან, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ, ან ახლაც აქვთ ეს პრობლემები.

”რადიო თავისუფლება”: მართლაც განსაკუთრებულია პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობები. საქართველოს ახსოვს პოლონეთის და მისი მაშინდელი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მხარდაჭერა აგვისტოს ომის დროს და შემდგომ... ბრიუსელში, დონორთა კონფერენციაზე, 2008 წელს პოლონეთმა საქართველოს საკმაოდ დიდი დახმარება გამოუყო. როგორ იყო გამოყენებული ეს დახმარება? ახლა თუ ვიღებთ დახმარებას პოლონეთისგან?

ურშულა დოროშევსკა: საქართველო პოლონეთისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა ამ თვალსაზრისით. საერთოდ ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას, გვეკისრება ვალდებულება, რომ ჩვენი შემოსავლის გარკვეული წილი გავცეთ. მაგრამ საქართველო ჩვენთვის მაინც პრიორიტად რჩება. ეს დახმარება ომის შემდგომ პერიოდში ისეთ გადაუდებელ საჭიროებებზე იყო გათვლილი, როგორიც არის თავშესაფარი დევნილებისთვის და სხვა... თუმცა ყოველწლიურად ცხადდება კონკურსი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლის საფუძველზეც ვლინდება ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა სახის პროექტს ახორციელებენ საქართველოში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს კეთდება ქართველ პარტნიორებთან ერთად, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ეს პროექტები საქართველოს საჭიროებებზე იყოს მორგებული. ერთ-ერთი ასეთი პროექტი, რომელიც სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეგიონალურ რეფორმას უკავშირდება. კიდევ ერთი მიმდინარე პროექტი, რომლითაც ძალიან ვამაყობთ, ბავშვთა სახლების პროგრამაა, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. მასში პოლონელი ექსპერტები არიან ჩართული და ძალიან გვიხარია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში ვმონაწილეობთ.

”რადიო თავისუფლება”:
რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ეს არის პოლონეთის სახელმწიფოს დახმარება, ახლა მინდა გკითხოთ პოლონური ინვესტიციების შესაძლებლობის თაობაზე საქართველოში. პოლონეთი არის ქვეყანა, რომელმაც განსაკუთრებულად გაუძლო ეკონომიკურ კრიზისს და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანათა შორის არის დღეს. რა პერსპექტივა აქვს პოლონეთის კერძო სექტორის ინვესტიციებს საქართველოში?

ურშულა დოროშევსკა: მართლაც, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, ბიზნესურთიერთობები არ არის ასეთივე აქტიური. პოლონეთი, როგორც აღნიშნეთ, მართლაც საკმაოდ განვითრებული ქვეყანაა. ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ და მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნა, ჩვენმა ბიზნესმენებმა მიაშურეს გერმანიას, ინგლისს, საფრანგეთს და ინვესტიციები ჩაიტანეს, რამაც, რა თქმა უნდა, დიდი შედეგი მოიტანა. ასევე, პოლონური ბიზნესი ძალიან აქტიურად იყო წარმოდგენილი უკრაინაში, იქ უზარმაზარი ფული ჩაიდო, თუმცა ბოლოხანს იქ ისეთი პრობლემები გაჩნდა, რომ პოლონელი ბიზნესმენები ნამდვილად დაფრთხნენ. უკრაინის მაგალითით შეშინებული ჩვენი ბიზნესმენები ერიდებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში თანხის ჩადებას, მათ ეშინით მაფიის, კორუფციის, სხვადასხვა სახის სირთულის... საქართველოს რაც შეეხება, ამ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში შეინიშნება გამოცოცხლება ამ კუთხით, შეიქმნა პოლონურ-ქართული ბიზნესპალატა. რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს.

”რადიო თავისუფლება”:
ანუ, თანამშრომლობის სურვილი არის, მაგრამ ფრთხილობენ...

ურშულა დოროშევსკა: დიახ, ფრთხილად არიან, თუმცა არის დაინტერესება და არის რაღაც ხელშეწყობის მექანიზმებიც, მაგალითად, ერთ-ერთმა პოლონურმა ბანკმა გამოთქვა სურვილი, რომ მხარს დაუჭერდა ინვესტიციებს საქართველოში. მეორე მხრივ, ვითარდება კონტაქტები ქალაქებს შორის, მაგალითად, ქუთაისი და პოზნანი. დღეს მქონდა შეხვერა პოზნანის წარმომადგენლებთან, და საინტერესო საუბარი წარიმართა ინვესტიციების თაობაზე. მე, რა თქმა უნდა, მათ ვურჩიე, რომ განახორციელონ ინვესტიცია, მაგრამ ალბათ ქალაქ ქუთაისის წარმომადგენლებმაც უნდა დაარწმუნონ, რომ ამის გაკეთება ღირს.

”რადიო თავისუფლება”:
ქართველმა ხალხმა იცის, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ეს მუდმივად ისმის... პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კშიშტოფ სტანოვსკიმ, თბილისში სტუმრობისას რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და მის სტრუქტურებთან მიახლოების პერსპექტივა საქართველოსთვის საკმაოდ რეალურია, თუმცა საქართველოს მხარემ უნდა გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული რეფორმებიო. თქვენ როგორ ხედავთ ამ პერსპექტივას საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და პროცესების თვალსაზრისით?

ურშულა დოროშევსკა: უდაოა, რომ საქართველო ვითარდება და ძალიან სწრაფი ცვლილებები ხდება. თუმცა ის ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის ძნელად დასანახია, მაგალითად, საკვების უსაფრთხოების ნორმები. ვიცი, რომ ცვლილებები ამ სფეროში რთულია. ჩვენთვისაც ძალიან რთული იყო. გვიკვირდა და გვეცინებოდა კიდეც, როცა გვიწესებდნენ ზედმიწევნით დეტალურ ნორმებს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ბოსელი, ან ამ ბოსელში - ძროხა... და თავიდან გვეჩვენებოდა, რომ ვერასოდეს მივაღწევდით ამ ნორმებს. თუმცა მივაღწიეთ და ჩვენი პროდუქტები დიდი წარმატებით იყიდება მთელ ევროკავშირში.

”რადიო თავისუფლება”:
ანუ იმისათვის რომ შანსი გვქონდეს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ როგორ მიმდინარეობს რეფორმები...

ურშულა დოროშევსკა: სხვა გამოსავალი არ გაქვთ, ამას ძალიან სკრუპულოზურად და სერიოზულად იყურებენ და სხვაგვარად უბრალოდ არაფერი გამოგივათ.

”რადიო თავისუფლება”: მოგეხსენებათ, ევროკავშირმა ჩამოაყალიბა სამხრეთის დერეფნის პროექტის კონცეფცია. ევროკომისია ცდილობს, შექმნას ინსტრუმენტები გაზის დივერსიფიცირებული მოწოდებისთვის ევროპაში სამხრეთის დერეფნის მეშვეობით, რათა ევროპა ერთ წყაროზე არ იყოს დამოკიდებული. ამ კონცეფციის შემუშავებაში პოლონეთმა დიდი როლი შეასრულა. ბრიუსელში, საგანგებო სამიტზე საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, სწორედ პოლონეთი იყო ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ საგანგებო რეზოლუციაში გაჟღერდა კავკასია-შუა აზიის ენერგეტიკული დერეფნის განხორციელების აუცილებლობა.
როგორ ვითარდება ეს ინიციატივა და როგორი იქნება პოლონეთის როლი მომავალში ამ თვალსაზრისით?

ურშულა დოროშევსკა: ეს ფართო თემაა და მოიცავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, მათ შორის თურქეთის მიმართ, იმიტომ რომ ამ დერეფნის ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში. ეს ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოსთვისაც.

”რადიო თავისუფლება”:
ძალიან საინტერესოა, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ ევროკომისიის სამხრეთის დერეფნის პროექტი, მხოლოდ თურქეთს არ უკავშირდება, ეს პროექტი ასევე ითვალისწინებს გაზის მიწოდებას კასპიის ქვეყნებიდან საქართველოსა და შავი ზღვის გავლით.

ურშულა დოროშევსკა:
რა თქმა უნდა... პოლონეთი ამ იდეას თავიდანვე მხარს უჭერდა და უჭერს დღესაც.

”რადიო თავისუფლება”:
ეს მხარდაჭერა მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ როტაციის პრინციპით, პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება 2011 წლის 1 ივლისს. ანუ სულ მალე... და მაშინ მის ხელში გაცილებით მეტი ბერკეტი იქნება.

ურშულა დოროშევსკა:
ჩვენ რა თქმა უნდა ვემზადებით ევროკავშირის თავმჯდომარეობისათვის. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს გაერთიანებას ევროკავშირში. თუმცა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა ამ ბოლო დროს მთელი ევროპის ყურადღება მიიპყრო და ჩვენც, სავარაუდოდ, ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ ამ რეგიონს ევროკავშირში ჩვენი თავმჯდომარეობის დროს. ბრიუსელში ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხია, მოლაპარაკებების საგანი. ჩვენ ჩვენი გამოცდილებით ყოველთვის დავეხმარებით საქართველოს ამ მოლაპარაკებებში, და, რა თქმა უნდა, მის დაახლოებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან.

”რადიო თავისუფლება”:
მოგეხსენებათ, ახლა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ პოლონეთი რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შერბილებისკენ მიდის. რამდენად რეალურია ეს საუბარი?

ურშულა დოროშევსკა:
ძირითადად საერთაშორისო პოლიტიკა ითვალისწინებს იმას, რომ ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობები იყოს და ეს ყოველთვის სასურველია. პოლონეთი ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სერიოზული მოთამაშე გახდა ევროკავშირში და ამიტომ, რუსეთს სურს, რომ კარგი ურთიერთობა დაამყაროს პოლონეთთან. აქვე მინდა ვთქვა, რომ ამით პოლონურ-ქართულ ურთიერთობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

”რადიო თავისუფლება”:
სწორედ საქართველო-პოლონეთის ურთიერთობას უკავშირდება ჩემი შემდეგი კითხვა... გახსოვთ, რომ პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველებს ისეთი იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ მისი, როგორიც პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა ჰქონდათ. მაშინ ამ გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა... მაგრამ თავად ბატონ კომოროვსკის, სეიმის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში არაერთხელ დაუფიქსირებია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, თუნდაც გავიხსენოთ 2008 წლის საქართველოს მხარდამჭერი სეიმის დადგენილება, რომელიც კომოროვსკის ინიციატივით იყო მიღებულ. ასევე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ პოლონეთში პრეზიდენტის შეცვლა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და საქართველოსადმი დამოკიდებულებას არ შეცვლის.

ურშულა დოროშევსკა:
რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები უცვლელია, უბრალოდ სხვადასხვაგვარ სახეს იღებს, რადგან ამ ურთიერთობებში სხვადასხვა ადამიანი მონაწილეობს. ახლა ჩვენ გვაქვს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა, სადაც საქართველოს დიდი როლი ენიჭება. ამის ერთ-ერთი წამომწყები პოლონეთი იყო და სხვათაშორის, სწორედ მინისტრმა შიკორსკიმ წამოიწყო. რაც შეეხება პრეზიდენტ კომოროვსკის, მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ, თავად მისი ოჯახის ფესვები ისტორიულად ლიტვიდან მოდის და მას ესმის ამ ქვეყნების და უყვარს ეს ქვეყნები. სხვათა შორის ჩვენ ვგეგმავთ მის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ალბათ ივლისის დასაწყისში შედგება.

”რადიო თავისუფლება”: 3 მაისს, პოლონეთის კონსტიტუციის დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე დაემთხვა და მე გამახსენდა ერთი კონკრეტული მაგალითი, როგორ ეხმარებოდნენ პოლონელები პრესის თავისუფლების დაცვას საქართველოში; ადამ მიხნიკის ჩამოსვლა თბილისში და მისი აქტიური, ძალიან გულიანი მონაწილეობა ამ პროცესებში. ამას გარდა არის არაერთი პროექტი, ქართველ ჟურნალისტებს იწვევენ პოლონეთში გამოცდილების გაზიარებისათვის. ამგვარი თანამშრომლობა თუ გაგრძელდება?

ურშულა დოროშევსკა: პოლონეთი დიდი სიამოვნებით ახორციელებს ასეთ პროექტებს. ჩვენ ახლაც გვაქვს საგანგებო პროექტი ადგილობრივი პრესის განვითარებისთვის.

”რადიო თავისუფლება”: ძალიან დიდი მადლობა. დაბოლოს მინდა აღვნიშნო ყველა ამ ურთიერთობის საფუძველი - ქართველი და პოლონელი ხალხის განსაკუთრებული კეთილგანწყობა და სოლიდარობა...

ურშულა დოროშევსკა: დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან ნამდვილად გაგრძელდება. ვინაიდან ჩვენ, პოლონელებს, სულში გვაქვს ადგილი სადაც საქართველოს საოცარი ადგილი უჭირავს. საქართველოს, რომელიც ასეთი ლამაზია, ასეთი პოეტურია და რომელიც ასე ძალიან გვჭირდება...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG