Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”პოლიციის შესახებ კანონს” საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან პოლიციის შესახებ კანონის მე-9 პრიმა მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაზარალებული მოქალაქის, დავით შუბლაძის, სახელით მოამზადა. შუბლაძის განმარტებით, 4 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, პოლიციის თანამშრომელმა ის უსაფუძვლოდ გააჩერა და შეამოწმა. ამასთან, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ კანონის მოთხოვნა ბუნდოვანია და გაურკვეველია, სად გადის ზღვარი ზედაპირულ შემოწმებასა და ჩხრეკას შორის. გარდა ამისა, არ არის ნათლად განმარტებული, თუ რით განსვავდება ”გონივრული ეჭვი” ”დასაბუთებული ვარაუდისგან”, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ადამიანის დაკავების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა საიას თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა, პოლიციის შესახებ კანონის მე-9 პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციის მხრიდან გონივრული ეჭვის საფუძველზე პირის შეჩერებას და მის ზედაპირულ შემოწმებას გულისხმობს, კონსტიტუციის მე-18 და მე-20 მუხლებს ეწინააღმდეგება. საუბარია თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებაზე და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე.
XS
SM
MD
LG