Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


მოდით, საგაზეთო სივრციდან ცოტა მსუქან გამოცემაში ჩავიხედოთ: „ცხელი შოკოლადი“. „ბახმარო“ არის ფილმი, სალომე ჯაშის მიერ გადაღებული, რომლის გამჭოლი ხაზი, ასე ვთქვათ, უმოქმედობაა. ახალგაზრდა რეჟისორს აღებული აქვს ერთი რაიონის ერთი შენობა, სადაც ადამიანები მოლოდინში ატარებენ დროს, მოქმედება მხოლოდ ფორმის დონეზე არსებობას მოიცავს. შექმნა ან ცვლილება არ ხდება - როგორც ჩანს, სალომემ ცადა ეჩვენებინა მოლოდინის ის რეჟიმი, რომელშიც, ხშირ შემთხვევაში, ქვეყანა ცხოვრობს. დავარქვათ ამას უკეთესი ცხოვრების მოლოდინი, რომლისთვისაც ნაკლებად მოქმედებენ. სწორედ ამაზე წერს „შოკოლადი“. კიდევ ერთი საინტერესო წერილი სტუდენტისა, რომელიც თვითმმართველობამ გამოხატვის ცინიკური ფორმისთვის ფიზიკურად დასაჯა. სტუდენტი პასუხისმგებლობის გრძნობაზე წერს საზოგადოებაში, უფრო სწორად, ამ გრძნობის უქონლობაზე. ვიმართებით ისე, როგორც ვიმართებით, იმიტომ რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის უნარს ვერ ვამჟღავნებთო, ეუბნება მკითხველს სტუდენტი. გულისხმობს იმას, რომ პროტესტი თვითმმართველობის ცენტრალიზებულ, ბიუროკრატიულ მორჩილებაზე აგებული სტრუქტურის წინააღმდეგ სტუდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა გამოთქვა. ლაშა ქავთარაძე წერს:

”ჰორიზონტალობას პასუხისმგებლობა სჭირდება, პასუხისმგებლობის გრძნობას კი ჩვენში, როგორც ჩანს, საღათას ძილით სძინავს.”

ჰორიზონტალობაში ლაშა ქავთარაძე, სავარაუდოდ, იმას გულისხმობს, რასაც ჩვენში დემოკრატიის სახელი აქვს.

გადავინაცვლოთ თხელტანიან გაზეთებზე. დავიწყოთ ტრადიციულად „რეზონანსით“. გაზეთი ცდილობს გამოიცნოს 21 მაისს სავარაუდოდ განსახორციელებელი სცენარები. გაზეთი ესაუბრება სოსო ცისკარიშვილს, რომელიც ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას ხელს აძლევს რევოლუციური პროცესების განვითარება და ეს არჩევნებსაც კი ურჩევნიაო, რადგან ამ გზით სიტუაციაზე კონტროლს უფრო კარგად მოახერხებსო. ცისკარიშვილი პროტესტის წინააღმდეგი არაა. უბრალოდ, მას, როგორც ინტერვიუდან ირკვევა, სჯერა რაციონალური, გონიერი დაგეგმვის და არ სჯერა იმპულსური და გაუთვლელი ემოციური ქმედების. ”იმედი მაქვს, რომ აქციის ყველა მონაწილე შინ მშვიდობით დაბრუნდება და ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია”, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

პრესაში აქციებისა და პროტესტის თემასთან მედლის მეორე მხარესავით მიწებებულია რუსეთის ფაქტორი, რაც გარკვეული შიშის მაპროვოცირებელია გაზეთებში. შეკითხვები ჟურნალისტებისა დაახლოებით ასეთია: რა გარანტია გვაქვს, რომ ამ ყველაფერს რუსეთი არ გამოიყენებს? ან რა იცით, რომ რუსეთი არ დგას იმის ან ამის უკან? რა იქნება, თუ ის ან ეს… თუმცა შედარებით უფრო მძიმეწონიანი ეჭვებიც არსებობს პრესაში. მაგალითად, „რეზონანსი“ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს ეხმაურება, რომლებიც, თავის მხრივ, ინფორმაციას რუსული სპეცსამსახურებიდან იღებენო, წერს გაზეთი. ჰოდა, ასე, კულუარულად, ვრცელდებაო ინფორმაცია, რომ ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების ლიდერი შესაძლოა პანკისში იმალებოდესო. სტატია, რომელშიც ეს ამბავია მოთხრობილი, დიდი ასოებითაა დასათაურებული: ”რუსეთი საქართველოში შემოჭრის საბაბს ეძებს?”

ოპოზიცია კი საკუთარ რიგებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პოულობს. „აგენტები ოპოზიციაში - აღმოჩენა ნომერი სამიო“, წერს „რეზონანსი“. სტატიაში განვითარებულია აზრი, რომ შსს ბრძოლის უკანონო მეთოდებს იყენებს და უკანონოდ უთვალთვალებს ოპოზიციას.

„რეზონანსი“ გადაადგილების უნარშეზღუდულ ადამიანებზე ვრცელ მასალას გვთავაზობს. აი, ციტატა ერთი სტატიიდან: ”იყო დამოუკიდებელი ნიშნავს სხვის დამოუკიდებლობასაც უწყობდე ხელს.” ასევე რამდენიმე სტატია ქვეყნდება „რეზონანსში“ ეკონომიკაზე. ერთ სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში ინფლაციის ნიშნული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მეორე სტატია კი გვამცნობს, რომ ბოლო 12 თვეში ქვეყნის საგარეო ვალი 20 პროცენტით გაიზარდა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საგარეო ვალი 2003 წლის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაში იყო და რაღაც პერიოდში მისი კლებაც ფიქსირდებოდა. 2008 წლის შემდეგ კი მდგომარეობა სულ უფრო უარესდებაო, წერს „რეზონანსი“. ქვეყნებს შორის ვისი ვალიც საქართველოს აქვს, პირველ ადგილზე გერმანიაა, მეორე ადგილზე კი რუსეთი. სულ ჩვიდმეტი ქვეყნის ვალი გვაქვს. ორგანიზაციების ვალები, მაგალითად, მსოფლიო ბანკის 2 მილიარდი დოლარი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია. სულ მაისის თვისთვის, „რეზონანსის“ მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალი შვიდ მილიარდ დოლარს შეადგენს.

ფოცხო-ეწერის მძიმე რეალობა. „რეზონანსი“ გვთავაზობს რეპორტაჟს ფოცხო-ეწერიდან, საიდანაც ვგებულობთ, რომ იქ არაფერი შეცლილა, დევნილები ისევ იმ პირობებში ცხოვრობენ, როგორიც ჩასახლებისას დახვდათ.

„24 საათი“ რუსეთისა და ნატოს ურთიერთობებზე წერს. გაზეთი ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის ამერიკულ გამოცემა „ჩიკაგო ტრიბუნში“ გამოქვეყნებულ წერილზე წერს, სადაც რასმუსენი ამბობს, რომ დღეს საუკეთესო მომენტია თანამშრომლობისთვის და ამ მომენტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ამ მდგომარეობაში გადამწყვეტი როლი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა ითამაშოსო, ამბობს რასმუსენი.
XS
SM
MD
LG