Accessibility links

logo-print

ქუთაისელთა ნაწილი აქციების მიმართ ნიჰილისტურადაა განწყობილი


ქუთაისის მერია

ქუთაისის მერია

„წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ ქუთაისის ორგანიზაციის ოფისი რამდენიმე დღეა დაკეტილია. ოპოზიციური გაერთიანების ადგილობრივი ლიდერები და აქტივისტები 21 მაისის შემდეგ თბილისში დაგეგმილ აქციებს შეუერთდნენ. როგორც „სახალხო კრების“ ქუთაისის კომიტეტის წევრი მანანა მანაგაძე რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, ქუთაისის ორგანიზაციის წევრები, სხვა შტაბების მსგავსად, აქციებზე ბოლომდე დარჩენას გეგმავენ.

თბილისში გამართულ აქციებს შეუერთდნენ პოლიტიკური მოძრაობა- „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის შტაბის წევრებიც. „მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობას არ ვიღებთ, თუმცა „სახალხო კრების“ პოზიციას ვიზიარებთ და ვუერთდებით აქციებსა და მსვლელობებში“, -განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზვიად წაქაძემ.
ოპოზიციურ „რვიანში“ გაწევრიანებული პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები, როგორც თავად აცხადებენ, ცენტრალურ ორგანიზაციებთან შეთანხმებით მოქმედებენ. „ეროვნული ფორუმის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის კახი დვალიშვილის თქმით, ოპოზიციური „რვიანი“ „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ მოთხოვნებს ნაწილობრივ იზიარებს, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შესახებ მათი მოსაზრება განსხვავებულია.

ქუთაისელთა ნაწილი აქციების მიმართ ნიჰილისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ ხალხის სასარგებლოდ არაფერი შეიცვლება, მცირე ნაწილი კი ძალისმიერი მეთოდების მომხრეა და ოპოზიციური „რვიანის“ ინიციატივებს აბსურდულს უწოდებს.
რადიო თავისუფლების რესპონდენტთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ქუჩის აქციებში მონაწილეობდა და ამჯერად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მხოლოდ მოლაპარაკებისა და შეთანხმების მიღწევის ცივილიზებული ფორმების მომხრეა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG