Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გადაუღებელი წვიმები გორში


ბოლო დღეებში გადაუღებელი წვიმების გამო გორში რკინიგზის სადგურის დასახლება დაიტბორა. დასახლება მთის ძირშია. წვიმის შემდეგ წყალთან ერთად მთიდან თიხაც ჩამოდის, რომელმაც სანიაღვრე არხები ჩაკეტა, დაგროვილი წყალი კი ეზოებსა და სარდაფებში შევარდა. ზოგიერთ ოჯახს წყალი სახლებშიც შეუვარდა. ლიანა ლოთიშვილის ეზო ახლაც დატბორილია. იგი ვერც სარდაფით სარგებლობს, რადგან წყლითაა სავსე. აცხადებს, რომ ეს პრობლემა დასახლებას დიდი ხანია აწუხებს. გარდა ამისა, არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა, რის გამოც წყალი გასასვლელს ვერ პოულობს.

სადგურის დასახლების მცხოვრებლებმა ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ სანიაღვრე არხი მხოლოდ რამდენჯერმე არასრულად გაიწმინდა და პრობლემამ ისევ მალე იჩინა თავი. სადგურელების აზრით, ვიდრე საკანალიზაციო სისტემა არ შეიქმნება და სანიაღვრე არხი მტკვრის შესართავამდე არ გაიწმინდება, წყალდიდობის საფრთხე ყოველი წვიმის დროს იქნება.

საკრებულოს წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან დავით რაზმაძემ სადგურის დასახლების პრობლემა საკრებულოს წინაშე დააყენა. დეპუტატი თვითონაც ამ დასახლების მცხოვრებია და პრობლემა კარგად აქვს შესწავლილი. მისი თქმით, ხელისუფლების დაპირება უკვე არსებობს, რომ პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნუკრი აბალაკი ახლა საკრებულოს უახლოეს სხდომას ელოდება, რათა თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი თანხა გამოყოს. აბალაკის თქმით, ზაფხულის განმავლობაში მისი სამსახური ამ პრობლემას მთლიანად მოაგვარებს.

საკრებულოს სხდომა 10 ივნისს გაიმართება. სადგურის დასახლების მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სპეციალისტებს მუშახელით თვითონაც დაეხმარებიან, რათა სამუშაოები უფრო ხარისხიანად ჩატარდეს და დასახლებაში წყალდიდობის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას.
XS
SM
MD
LG