Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომაა რთული იკოლის ბაქტერიის წყაროს დადგენა?


იკოლის ბაქტერია
იკოლის ბაქტერია
იკოლის ბაქტერიით გამოწვეულმა დაავადებამ ევროპაში, ძირითადად კი გერმანიაში, 22 ადამიანი იმსხვერპლა და ასობით პირი საავადმყოფოებში მოახვედრა. გერმანიის გამომძიებლებს ძალიან უჭირთ ინფექციის წყაროს დადგენა.

იკოლის ინფექციის შესახებ ევროპაში ოთხშაბათს კარგი ახალი ამბებიც გავრცელდა და ცუდიც.

ცუდი ამბავი ის არის, რომ დაავადება, რომელმაც გერმანიაში 21, შვეციაში კი 1 ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ 94 პირს შეეყარა. ამით გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 2 325-ს გაუტოლდა. ევროპის სხვა ქვეყნებში და აშშ-ში კიდევ 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კარგი ამბავი - უფრო ზუსტად კი, დადებითი სიახლის იმედი - იმ ფაქტორს უკავშირდება, რომ ახალი შემთხვევების სიხშირე იკლებს. ეს ტენდენცია თუ შენარჩუნდა, შესაძლებელი გახდება ითქვას, რომ ეპიდემიამ პიკს უკვე მიაღწია.

თუმცა მთავარი პრობლემა კვლავ უცვლელია - ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ისევ უჭირთ იკოლის ეპიდემიის წყაროს დადგენა, რაც დაავადების გავრცელების აღკვეთას გახდიდა შესაძლებელს.

თუმცა, ექსპერტების თქმით, ამ სირთულეში არაფერია უჩვეულო, როცა საქმე საკვების ამგვარ დაბინძურებასთან გვაქვს. პირველ რიგში ის არის დასადგენი, კონკრეტულად რომელი პროდუქტი ატარებს ბაქტერიას და საიდან მოდის ეს პროდუქტი. შემდეგ კი მისი ამოღება უნდა მოხდეს საკვების სადისტრიბუციო ქსელიდან. ამას კი რამდენიმე კვირის მანძილზე წარმოებული დეტალური გამოძიება ესაჭიროება, რომელიც ან დასრულდება წარმატებით, ან არა.

ბაქტერიოლოგიის სფეროში ბრიტანეთის ერთ-ერთმა წამყვანმა ექსპერტმა, ჰიუ პენინგტონმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ მას დამაჯერებლად ეჩვენება ვარაუდი, თითქოს იკოლის ბაქტერია ლობიოს ღივებით გავრცელდა.

„ლობიოს ღივებით გამოწვეული ეპიდემია, როგორც წესი, საკმაოდ მასშტაბურია ხოლმე - უწინარესად, ქალები და შუა ხნის ადამიანები ავადდებიან, ხოლო ეპიდემია იმდენ ხანს გრძელდება, სანამ ვინმე არ მიხვდება მისი ჩაქრობის გზას. ვშიშობ, რომ ეს ზოგადი სცენარი - ისევე, როგორც სხვა უფრო კონკრეტული ფაქტორები - მიუთითებს, რომ გერმანიაში სწორედ ამასთან გვაქვს საქმე“, - ამბობს ის.

ეს თეორია - რომ ეპიდემია ლობიოს ღივებმა გამოიწვია - ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. თუმცა არც მისი დადასტურება ხერხდება ბოლომდე. ჰამბურგთან ახლოს მდებარე მეურნეობებში ჩატარებულ შემოწმებას კონკრეტული შედეგი არ მოუტანია. პენინგტონის თქმით, ეს მოსალოდნელიც იყო. მეცნიერი ვარაუდობს, რომ ბაქტერია იმ მეურნეობაში კი არ გაჩნდა, სადაც ლობიომ ღივები გამოიღო, არამედ ის საკუთრივ ლობიოს მარცვლებზე იყო. ეს მარცვლები კი, მეცნიერის ვარაუდით, გერმანიაში რომელიღაც ტროპიკული ქვეყნიდან იყო შეტანილი, რაც, სოფლის მეურნეობის გლობალიზაციის პირობებში, გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს.

ეს, ცხადია, კიდევ უფრო ართულებს გამომძიებლების ამოცანას - დაადგინონ ინფექციის წყარო.

ამჟამინდელი კრიზისის დაძლევის მთავარ იმედად კვლავ რჩება ოპტიმისტური ვარაუდი, რომ ეპიდემია პიკს მიაღწევს და თავად გადაივლის - ბაქტერიის მატარებელი პროდუქტის დაძველების და ლიკვიდაციის ფონზე.

თუმცა მაშინაც კი, თუკი ეპიდემია მართლაც გადაივლის, მისგან გამოწვეული შიში კიდევ დიდხანს დარჩება. ამ ეპიდემიას უკვე უწოდეს იკოლის ყველაზე სერიოზული აფეთქების შემთხვევა თანამედროვეობის ისტორიაში - ყველაზე მეტი მსხვერპლით. მეცნიერების განცხადებით, საქმე გვაქვს ბაქტერიასთან, რომელმაც მუტაცია განიცადა და ადამიანის ორგანიზმს, განსაკუთრებით თირკმელს, ძალიან აზიანებს.
XS
SM
MD
LG