Accessibility links

logo-print

თომას დე ვაალი: დადგა დრო საქართველო სერიოზულად მიუდგეს ევროკავშირთან დაახლოებას


ორშაბათს, 13 ივნისს, ვაშინგტონში, საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდში საქართველოს შესახებ საგანგებო შეხვედრა მოეწყო. საქმე ის გახლდათ, რომ კავკასიის საკითხების ცნობილმა ექსპერტმა, თომას დე ვაალმა, რომელიც ამ ფონდში მუშაობს, აუდიტორიას წარუდგინა თავისი ახალი და ვრცელი ანგარიში - „საქართველოს არჩევანი: ცვალებად პირობებში გამოკვეთილი სამომავლო სურათი“.

დისკუსიის მოდერატორი რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯეიმს კოლინსი იყო. ტომ დე ვაალის გარდა, მოკლე მოხსენება წაიკითხა კიდევ ერთმა ამერიკელმა დიპლომატმა - საქართველოში ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ.

“საქართველოში გარდამავალი პერიოდი იწყება. 2012-2013 წლებში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული, რის შემდეგაც ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში. ამჟამინდელმა მთავრობამ კარგ პროგრესს მიაღწია ქმედითი სახელმწიფოს აშენებაში, რომელიც მოქალაქეებს გარკვეულ სერვისებს სთავაზობს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკური სურათი სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება.“

ასე იწყება თომას დე ვაალის ანგარიში, სახელწოდებით „საქართველოს არჩევანი: ცვალებად პირობებში გამოკვეთილი სამომავლო სურათი“, რომელიც მკვლევარმა 13 ივნისს ვაშინგტონში წარუდგინა აუდიტორიას.

თომას დე ვაალის ანგარიში


„როგორც იქნა, ვარდების რევოლუციიდან თითქმის ათი წლის გასვლის შემდეგ, საქართველო პოსტრევოლუციურ ფაზაში შედის.
საქართველოს მმართველი ელიტა, რომელიც ხელისუფლებაში მშვიდობიანი რევოლუციით მოვიდა, კვლავაც დიდწილად რევოლუციურ რეჟიმში აზროვნებს

დადგა გადაწყვეტილების მიღების დრო ქვეყნის გრძელვადიანი მომავლის ირგვლივ“, - თქვა მან. „ერთი-ერთი პრობლემა, რომლის შესახებაც ანგარიშში ვსაუბრობ, ის არის, რომ საქართველოს მმართველი ელიტა, რომელიც ხელისუფლებაში მშვიდობიანი რევოლუციით მოვიდა, კვლავაც დიდწილად რევოლუციურ რეჟიმში აზროვნებს და დიდად არ გამოირჩევა ქვეყნის გრძელვადიანი პერსპექტივის შესახებ დისკუსიით.“

„წლების განმავლობაში მართვის არაოფიციალური და იმპროვიზებული სტილის ქონის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ინსტიტუტების ფორმირება უნდა მოახდინოს და ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი მოდელი უნდა აირჩიოს“, - წერს ავტორი და ანგარიშის შესავალშივე განსაზღვრავს იმ სამ იდეას, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს „სხვადასხვა მიმართულებით ექაჩება“.

ამ სამ იდეას თუ მოდელს ავტორი პირობითად ასე უწოდებს:„ევროკავშირი“, „ძველი საქართველო“ და „სინგაპური“.


პირველი მოდელი: „ევროკავშირი“

თავად დე ვაალი უპირატესობას ევროკავშირთან დაახლოებას ანიჭებს:„ჩემი მთავარი არგუმენტი ალბათ ის არის, რომ დადგა დრო [საქართველო] სერიოზულად მიუდგეს ევროკავშირთან უფრო სიღრმისეული დაახლოების საკითხს, რაც, ცხადია, დღესდღეობით გაწევრიანების პერსპექტივას არ ითვალისწინებს. ამავე დროს, ჩემი აზრით, ევროკავშირიც უნდა გააქტიურდეს და საქართველოს უფრო მკაფიოდ აჩვენოს, რა შეუძლია მას შესთავაზოს“, - უთხრა მან ორშაბათის დისკუსიაზე მისულ აუდიტორიას.

საქართველოსთვის ამ ეტაპზე ევროკავშირი დროშას თუ სიმბოლოს უფრო წარმოადგენს, ვიდრე კონკრეტულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ მოდელსო, წერს ავტორი. არადა, მისი თქმით, ევროკავშირთან დაახლოებას ძალიან კონკრეტული პირობები აქვს - მათ შორის, რეგულირებული ბაზარი, მყარი სტანდარტები და დემოკრატიული ანგარიშვალდებულება. დე ვაალი ბევრს წერს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის დაარსების პერსპექტივაზე, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამას საქართველოში ინსტიტუციური რეფორმის გატარება, ქვეყნის მმართველი ელიტის მხრიდან კი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების დათმობა დასჭირდება. ავტორს ცალსახა პასუხი არა აქვს იმაზე, გამოიჩენს თუ არა მმართველი ელიტა ამ ცვლილებების მოხდენის ნებას ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოების სანაცვლოდ, თუმცა თვლის, რომ საქართველოსთვის განვითარების სამი შესაძლო მოდელიდან ყველაზე სასურველი სწორედ ეს იქნებოდა.

„ამჟამად საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ჯართი, ფეროშენადნობები და სხვა ქვეყნებში წარმოებული მანქანებია. საქართველო თავად არ აწარმოებს ისეთ საქონელს, რომლის ყიდვაც მოუნდებოდა ხალხს“, - უთხრა ტომ დე ვაალმა დისკუსიის მონაწილეებს. არადა, მისი თქმით, საქართველოს მეზობელი თურქეთი, რომელმაც
ჩემი აზრით, საქართველომ სწორედ ამ მოდელს უნდა მისდიოს - არა ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირთან დაახლოებას

ევროკავშირთან საბაჟო ხელშეკრულება 1996 წელს გააფორმა, ახლა მინის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში, ტლევიზორების - სიდიდით მესამე ექსპორტიორი ევროპაში და ტანსაცმლის ფართო მრეწველობა აქვს. „ჩემი აზრით, საქართველომ სწორედ ამ მოდელს უნდა მისდიოს - არა ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირთან დაახლოებას, მის ბაზრებზე შეღწევის მცდელობას ხარისხის ამაღლების გზით და უფრო რეგულირებული და უფრო სტანდარტიზებული ეკონომიკის განვითარებით“ - უთხრა ავტორმა აუდიტორიას.

ამასთან, ტომ დე ვაალის თქმით, ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს მოქალაქეებს სხვა სიკეთეებსაც არგუნებს - მაგალითად, სავიზო რეჟიმის გამარტივებას და, ბოლოს, საერთოდ გაუქმებას. ავტორი განვითარების ამ მოდელის გეოპოლიტიკურ განზომილებაზეც წერს - ის თვლის, რომ სწორედ ევროკავშირთან დაახლოება მოუტანდა საქართველოს სასურველ პოლიტიკურ სტაბილურობას.


მეორე მოდელი: „ძველი საქართველო“

„ძველ საქართველოში“ ავტორი კონსერვატიულ, ნაციონალისტურ, რელიგიურ და, დიდწილად, იზოლაციონისტურ განწყობებს გულისხმობს. „ეს იდეა ემყარება ფილოსოფიურ შეხედულებას, რომ საქართველო უძველესი ცივილიზაციაა და გარეშე გავლენებით არ უნდა გაირყვნას“, - წერს დე ვაალი და დასძენს, რომ ამ მიმართულების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი საქართველოს ეკლესიის მეთაური, პატრიარქი ილია მეორეა.

„სავარაუდოდ, საქართველო ავტომატურად დაუბრუნდება ამ მოდელს იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკის მდგომარეობა გაუარესდება, დასავლეთის ქვეყნები საქართველოს მიმართ ინტერესს დაკარგავენ და ძალაუფლების სტრუქტურებში უფრო რეგრესული ფიგურები გაძლიერდებიან“ - წერს ტომ დე ვაალი. მისი თქმით, რაც უნდა ძველი და მდიდარი იყოს საქართველოს ისტორია და კულტურა, ეს გზა ქვეყნის მომავალს ბევრს არაფერს სთავაზობს. ბიზნესის კუთხით, „ძველ საქართველოზე“ ორიენტირებული მოდელი ქვეყანას ჩაკეტილ ოჯახურ ქსელებს და მთვლემარე ეკონომიკას უქადის. პოლიტიკური თვალსაზრისით კი ეს მიდგომა ადრეულ 1990-იან წლებს და ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდს ჩამოჰგავს, როცა ქსენოფობიური ეთნიკური ნაციონალიზმის გაძლიერებამ საქართველოს უმცირესობათა დისკრიმინაცია მოიტანა.

ორშაბათს გამართულ განხილვაზე ტომ დე ვაალთან ერთად სხვა მომხსენებელიც იყო - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი. მისი თქმით, ეს მოდელი - „ძველი საქართველო“ - მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ეროვნულ იდენტობას და
საქართველოს ლიდერები ბოლო წლებშიც ბევრ რისკზე წავიდნენ ნაციონალისტური ემოციების გაღვივებით და კრემლის გაღიზიანებით

თავდაჯერებულობას უნდა დაედოს საფუძვლად. თუმცა დიპლომატმა იქვე ნაციონალისტური პოპულიზმის საფრთხეებზეც ისაუბრა: „ტომი ანგარიშში სწორად აღნიშნავს გადაჭარბებული ნაციონალიზმის საფრთხეს. ნაციონალიზმმა პიკს პრეზიდენტ გამსახურდიას კატასტროფული პრეზიდენტობის დროს მიაღწია, 1990-1991 წლებში. მაგრამ საქართველოს ლიდერები ბოლო წლებშიც ბევრ რისკზე წავიდნენ ნაციონალისტური ემოციების გაღვივებით და კრემლის გაღიზიანებით. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ბევრი უმცირესობა ჰყავს. ამასთან, მოსკოვთან მიმართებით უფრო კეთილგონივრულ ნაბიჯებს ევროპის და აშშ-ის მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვებოდა.“

მესამე მოდელი: „სინგაპური“

მესამე მოდელი, რომელსაც თომას დე ვაალი მოკლედ და პირობითად „სინგაპურს“ უწოდებს, ემყარება დაბალ გადასახადებს, ბიზნესის კეთების სიიოლეს, რეგულაციების მინიმალიზაციას, ბაზრის „უხილავ ხელად“ მიჩნეულ თვითრეგულირების უნარის წახალისებას და მთავრობის ფუნქციების შეკვეცას. აქ საქართველო წარმოდგენილია როგორც ახალი სინგაპური, რომელიც მსოფლიო ინვესტიციებისთვის არის ღია. ტომ დე ვაალის თქმით, ამ მოდელს საქართველოში ბევრი მომხრე ჰყავს, უწინარესად, „ლიბერტარიანელებად“ იდენტიფიცირებულთა ჯგუფში, რომლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი კახა ბენდუქიძეა - ეკონომიკის „გურუ“, როგორც მას დე ვაალი უწოდებს.

თუმცა, ავტორის აზრით, იმ ფონზე, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა იკლებს, ეს მოდელი ვერ გადაჭრის ქვეყნის წინაშე მდგარ უმწვავეს და ფართოდ მოდებულ პრობლემებს - სოფლებში სიღარიბეს და უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს. „საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის წარმატებულმა ნაწილმა მართლაც მოუტანა სარგებელი ურბანულ ელიტას, რომელიც სინგაპურსაც ჰყავს, მაგრამ მას თითქმის არაფერი გაუკეთებია სოფლად მცხოვრები ღარიბი მოსახლეობის სიტუაციის გასაუმჯობესებლად - მოსახლეობისა, რომელიც სინგაპურს არ ჰყავს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

საყურადღებოა, რომ თომას დე ვაალი პირდაპირ წერს „სინგაპურის“ და „ევროკავშირის“ მიმართულებების მიმდევრებს შორის არსებულ წინააღმდეგობებსა და უთანხმოებაზე, იმ სკეპტიციზმზე, რომელიც „ლიბერტარიანელებად“ წოდებული ჯგუფის წარმომადგენლებს აქვთ ევროკავშირთან ინტეგრაციის სანაცვლოდ ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლის პერსპექტივის მიმართ. ანგარიშის თანახმად, მაგალითად, კახა ბენდუქიძე იმდენად შორს მიდის, რომ „მოღალატეებს“ უწოდებს ყველას, ვინც თვლის, რომ ბრიუსელთან დასაახლოებლად საქართველომ ეკონომიკაში შესაბამისი რეგულაციები უნდა შემოიღოს.

სიღარიბე, ფარული მონოპოლიები და ელიტური კორუფცია

თომას დე ვაალი იმ ფაქტორებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ხელს უშლის საქართველოს აღქმას ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელ გარემოდ - ისეთ გარემოდ, რომელზეც „სინგაპურად“ წოდებული მოდელის მიმდევრები ოცნებობენ. მაგალითად, ავტორი წერს ცნობებზე მთავრობის მხრიდან ბიზნესების შევიწროების შესახებ, თანხების მოპოვების მიზნით.

დე ვაალი ანგარიშშიც წერს და ორშაბათს გამართულ პრეზენტაციაზეც ილაპარაკა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებზე 2003 წლის შემდგომ პერიოდში. „ყოველდღიური კორუფციის ფაქტობრივი აღმოფხვრა
საქართველოში ბიზნესის დიდ ნაწილს კვლავ ოფიციალური პირები და პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ადამიანები ფლობენ, თუმცა ახლა ბევრად უფრო დაფარულად, ვიდრე უწინ

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის შთამბეჭდავი მიღწევააო“, ვკითხულობთ ტექსტში. თუმცა ავტორი იქვე „ელიტურ კორუფციად“ წოდებულ პრობლემაზეც ლაპარაკობს. „საქართველოში ბიზნესის დიდ ნაწილს კვლავ ოფიციალური პირები და პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ადამიანები ფლობენ, თუმცა ახლა ბევრად უფრო დაფარულად, ვიდრე უწინო“, წერს ტომ დე ვაალი. „საუბარია დაფარულ მონოპოლიებზე საქართველოს ეკონომიკაში. გასაგები მიზეზების გამო, ამ საკითხზე ბევრი არ იწერება, მაგრამ ქართველმა ჟურნალისტებმა მაინც დაიწყეს ამაზე წერა - უწინარესად, ჟურნალ ლიბერალში“, - უთხრა მკვლევარმა ანგარიშის პრეზენტაციაზე მისულ აუდიტორიას. „წერენ, რომ ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში - იქნება ეს ლატარია, მიკროავტობუსები, კვების გარკვეული პროდუქტები, წამლები, თუ ბენზინი - არის იმის ნიშნები, რომ ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე უნდა იყოს, ფარული მონოპოლიების გამო.“

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოთქვამს შეშფოთებას ინდივიდთა საკუთრების უფლების ხელყოფაზე ადგილებში, სადაც მთავრობას პირდაპირი ინტერესი აქვს - მაგალითად, ანაკლიის, ბათუმის და სვანეთის ახალ ტურისტულ ცენტრებში. ზოგადად, წერს ავტორი, საზოგადოებამ ძალიან ცოტა რამ იცის იმაზე, თუ ვინ ფლობს საქართველოს ბიზნესის და მედიის ფართო სექტორებს და ამ საკითხთან მიმართებით რაიმეს დამტკიცება ძალიან ძნელია: „რაც უფრო მაღლა მიდიხარ, რაც უფრო მეტად ეხები მნიშვნელოვანი ხალხის ინტერესებს, - პარლამენტარების ან თუნდაც მთავრობის წევრების ინტერესებს, - მით უფრო ნაკლებად გამჭვირვალე ხდება ყველაფერი. არ ვიცით, ვინ ფლობს საქართველოს ეკონომიკის მაღალ შრეებს. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლის, მარკ მალენის სიტყვები რომ მოვიყვანო, რაც უფრო მაღლა მიდიხარ, მით უფრო მეტი შანსია, რომ ვირჯინის კუნძულებზე დარეგისტრირებული მისამართი შეგრჩეს ხელშიო. მე მართლა ვაღიარებ საქართველოს მიღწევებს - მან ნამდვილად უკან ჩამოიტოვა თავისი მეზობლები ყოველდღიური კორუფციის თვალსაზრისით. მაგრამ რჩება შეკითხვები იმის შესახებ, თუ როგორ განაგებენ ეკონომიკის მაღალ შრეებს. ამას კი, ბუნებრივია, მთლიანად ეკონომიკაზე აქვს გავლენა“, - უთხრა დე ვაალმა აუდიტორიას.

ანალიტიკოსის ვარაუდით, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ ეკონომიკის მდგომარეობა იქნება ის ფაქტორი, რომელიც გადამწყვეტ გავლენას იქონიებს ქვეყნის სტაბილურობაზე - ისევე როგორც მთავრობის პოზიციებზე. ავტორს მოჰყავს 2011 წლის მარტში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - NDI-ს - მიერ ჩატარებული კვლევა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ ყველაზე მწვავე პრობლემად სამუშაო ადგილები და ფასების ზრდა დაასახელა - რუსეთთან კონფლიქტის და სეპარატიზმის პრობლემებზე უფრო წინ. 2010 წლის ნოემბერში ჩატარებული კიდევ ერთი გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25-მა პროცენტმა თქვა, რომ მათ ოჯახს საკვებისთვის საკმარისი ფული არა აქვს, 42 პროცენტმა კი განაცხადა, რომ საჭმელზე ფული ჰყოფნის, მაგრამ ტანსაცმელს ვეღარ ყიდულობს.

უთანასწორობა ქალაქსა და სოფელს შორის

„ვარდების რევოლუციის შემდეგ, გაღრმავდა უთანასწორობა ქალაქსა და სოფელს შორის. დღესდღეობით საქართველოს ყველაზე ღრმა სოციო-ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს სოფლებში თანმდევი სიღარიბე“ - ვკითხულობთ ანგარიშში. „რუსეთში და თურქეთში დიდძალი მუშახელის გადინებაც ძირითადად სოფლებიდან ხდება“ - ამბობს დე ვაალი, რომელიც იქვე მიწათმოქმედების კულტურულ თუ სიმბოლურ მნიშვნელობაზეც წერს - რომ „საქართველო ამაყობს თავისი სასოფლო ტრადიციებით. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ახლაც მიწაზე ცხოვრობს, ბევრ ქალაქელ ქართველს კი შენარჩუნებული აქვს კავშირი წინაპრების სოფლებთან და იქ მიწას ან საკუთრებას ფლობს.“

თომას დე ვაალი საუბრობს კონტრასტზე, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობაში შეიქმნა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. აღნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც საბჭოთა კავშირში კვების პროდუქტების ექსპორტიორი რესპუბლიკა იყო, ახლა თავად ახდენს მოხმარებული საკვების 80 პროცენტზე მეტის იმპორტს - რაც, თავის მხრივ, ინფლაციურ პროცესებს აძლევს ბიძგს.

„მიუხედავად ქართველების იმ რაოდენობისა, რომლებიც მიწაზე ცხოვრობენ, სოფლის მეურნეობაზე გამოყოფილმა სამთავრობო თანხებმა 2010 წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ერთ პროცენტზე ნაკლები შეადგინა, მხოლოდ 53 მილიონი ლარი - ციხეების სისტემისთვის გამოყოფილი თანხის ნახევარზე ნაკლები. ამ სიტუაციის შედეგები ჩანს თბილისის სუპერმარკეტების თაროებზე, სადაც თურქეთიდან იმპორტირებულ პომიდორთან ერთად, უფრო მეტი უკრაინიდან და ბელორუსიიდან შეტანილი რძე იყიდება, ვიდრე საქართველოში წარმოებული“ - ვკითხულობთ ანგარიშში.

სოფლის მეურნეობაში არსებული კრიზისის გადაჭრას და ამ სექტორის რეფორმას საქართველოსთვის „გადაუდებელი პრიორიტეტი“ უწოდა მეორე მომხსენებელმა, უილიამ კორტნიმ. თუმცა, მისი თქმით, ეს პრობლემა საქართველომ თავად უნდა გადაჭრას და ამ სფეროში მას ბევრს არაფერს მოუტანს ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირების დამყარება. კორტნიმ სტატისტიკური მონაცემებიც მოიშველია, რომლის თანახმადაც სოფლის მეურნეობა მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9 პროცენტს შეადგენს - და ეს მაშინ, როცა მუშახელის 55 პროცენტი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული. შედარებისთვის, პორტუგალიაში სოფლის მეურნეობის სფეროზე მუშახელის მხოლოდ 10 პროცენტი მოდის, ესტონეთში - 11. ამდენად, კორტნის აზრით, საქართველომ „ბევრად მეტი უნდა გააკეთოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდის და ინფრასტრუქტურის ხელშეწყობისთვის.“

ტომ დე ვაალი ანგარიშში იმასაც შენიშნავს, რომ 2011 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიწათმოქმედება პირველად დაასახელა ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორად - ინფრასტრუქტურასთან და ტურიზმთან ერთად - და დამატებითი თანხების გამოყოფის დაპირებითაც გამოვიდა. სააკაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობას დამატებით 150 მილიონი ლარი გამოეყოფა, რაც, დე ვაალის შეფასებითვე, ბევრად აჭარბებს 2011 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს. დე ვაალი იქვე სხვა ექსპერტების მოსაზრებებსაც დაიმოწმებს - რომ ამ სექტორში ვითარების სწრაფი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის, რადგან სახეობების მოყვანას და კულტივაციას წლები დასჭირდება.

მოდერნიზაცია, მაგრამ არა დემოკრატიზაცია

ეკონომიკის გარდა, თომას დე ვაალი თავის ანგარიშში დიდ ადგილს უთმობს საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური გარემოს მიმოხილვას. წერს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში საქართველომ მოდერნიზაცია ნამდვილად განიცადა, თუმცა შეიძლება იგივე არ ითქმოდეს დემოკრატიზაციაზე.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ერთპარტიულ სახელმწიფოდ გადაქცევა ემუქრება; რომ სააკაშვილი და მისი ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ჰყავთ დიდი უმრავლესობა პარლამენტში და თვითონ ნიშნავენ ყველა რეგიონალურ მმართველს. ამასთან, დე ვაალის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიას თავად მმართველი ელიტა განაგებს - დიდწილად იმ მიზეზით, რომ მას ქვეყნის სამი ყველაზე დიდი ტელევიზიის უპირობო მხარდაჭერა აქვს.

ორშაბათის დისკუსიის დროს თომას დე ვაალმა ამ პრობლემას - ერთი პოლიტიკური ჯგუფის დომინაციას - უფრო ზოგადი, რეგიონალური მნიშვნელობა მიანიჭა: “ჩემი აზრით, ამ საკითხზე მთელ ევრაზიულ სივრცესთან მიმართებით უნდა ვისაუბროთ, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით - ვითარებაზე, როდესაც ერთ მმართველ ელიტას ქვეყანაზე კონტროლის დამყარების
ისინი ქმნიან შეხედულებას, რომ ალტერნატივა არ არსებობს. ამაში საკმაოდ უნარიანები არიან. ეს, რასაკვირველია, მაშფოთებს

საშუალება ეძლევა, თუნდაც მეტნაკლებად დემოკრატიული გზით, და შემდეგ ეს ელიტა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ალტერნატივა არ არსებობს. ეს ელიტა განაგებს დისკურსს, ტელევიზიას. საქართველოს შემთხვევაში ეს საკმარისად უწყინარი ფორმებით ხდება ხოლმე, თუმცა გასულ თვეში თბილისის ქუჩებში დემონსტრანტების საკმაოდ სასტიკი დარბევაც ვიხილეთ. ისინი ქმნიან შეხედულებას, რომ ალტერნატივა არ არსებობს. ამაში საკმაოდ უნარიანები არიან. ეს, რასაკვირველია, მაშფოთებს.”

ალტერნატივის არარსებობის ამ სტრუქტურის თუ შთაბეჭდილების საილუსტრაციოდ ტომ დე ვაალმა კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა:

„თბილისის მერის პოსტისთვის წარმოებულ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთ კანდიდატზე - ირაკლი ალასანიაზე - ასჯერ უფრო მეტი თანხა დახარჯა გიგი უგულავამ. არა მგონია აშშ-ში მოიძებნოს თუნდაც ძალიან ქარიზმატული კანდიდატი, რომელსაც თანხებით ასე გაუსწრებდნენ და ალასანიაზე უკეთეს შედეგს აჩვენებდა. ამდენად, ერთი მხრივ, საქმე მართლაც ინდივიდებთან გვაქვს - და სააკაშვილს სააკაშვილის ტოლფასი მოწინააღმდეგე მართლაც არ ჰყავს. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის სტრუქტურა და შეხედულება, რომელიც შექმნილია - რომ ალტერნატივა არ არსებობს“, - განაცხადა მან.

სამი მთავარი წინაღობა

დისკუსია, რომლის მოდერატორი კიდევ ერთი ამერიკელი დიპლომატი, რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯეიმს კოლინსი იყო, თითქმის ორ საათს გაგრძელდა და კიდევ ბევრ საკითხს შეეხო.
რუსეთის მხრიდან საფრთხის არსებობის გამო, ეკონომიკური ზრდა და დემოკრატიული პოლიტიკა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ამით საქართველო თავის უსაფრთხოებას გააძლიერებს

აუდიტორიას საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციოკულტურული განვითარების დეტალები აინტერესებდა. საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემები აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ, ასე შეაჯამა: „საქართველოს განვითარებისთვის სამი მნიშვნელოვანი წინაღობა ხვდება. პირველი, როგორც ტომიც წერს, ის არის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ჰყავს სერიოზული ოპოზიცია და საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ ქცევის საფრთხის წინაშეა. მეორე - ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის სიმცირე და არასაკმარისი ინვესტიციები. მესამე წინაღობა რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა და [მოსკოვის] აგრესიული პოზიცია საქართველოს მიმართ. განვითარების მოდელის არჩევისას საქართველომ ყველა ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. მაგალითად, რუსეთის მხრიდან საფრთხის არსებობის გამო, ეკონომიკური ზრდა და დემოკრატიული პოლიტიკა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ამით საქართველო თავის უსაფრთხოებას გააძლიერებს.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG