Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევისა და პუტინის ქუჩები ცხინვალში


ცხინვალი
ცხინვალი
ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევისა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის სახელობის ქუჩები გაჩნდა. ცოტა ხნის წინ ცხინვალის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, მიკრორაიონ „მოსკოვსკის“ ორი პარალელური ქუჩისთვის რუსეთის ხელმძღვანელების სახელები მიენიჭებინა.

ექსპერტების აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამ ნაბიჯით დე ფაქტო ლიდერმა რუს მაღალჩინოსნებს თავის ერთგულებაზე კიდევ ერთხელ მიანიშნა. ცხინვალში მცხოვრებთა ნაწილის აზრით, მედვედევი და პუტინი იმსახურებენ, რომ მათი სახელობის ქუჩები არსებობდეს და მომავალმა თაობამ არ დაივიწყოს ის ადამიანები, რომლებმაც მათ გადარჩენაში დიდი როლი შეასრულეს.

მედვედევისა და პუტინის სახელები არასდროს დაავიწყდება თამარაშნელ დავით დათაშვილს. იგი ამჟამად დევნილია. მისი თქმით, მიკრორაიონი „მოსკოვსკი“ იმ ადგილას აშენდა, სადაც ადრე სოფლის უნიკალური ვენახი იყო გაშენებული. მისი აზრით, აბრები, რომლებზეც პუტინისა და მედვედევის სახელები წერია, ადრე თუ გვიან საოკუპაციო მუზეუმში მოხვდება.
დმიტრი მედვედევი, ვლადიმირ პუტინი

თაია გოგიძე ცხინვალიდან დევნილია. იგი ამჟამად მაჩაბლის სახელობის თეატრში მუშაობს. მან ემოცია ვერ დამალა, როცა გაიგო, რომ ცხინვალში ორი ქუჩა, მისი აზრით, ოკუპანტების სახელების მატარებელი გახდა. თაია ამ ქალაქში დიდი ხანია ვეღარ ჩადის და ვეღარც მამის საფლავს უვლის.

პირველი რუსი მოხელის სახელობის ქუჩა ცხინვალში რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. მაშინ თბილისის ქუჩას მოსკოვის ყოფილი მერის - იური ლუჟკოვის - სახელი უწოდეს. როგორც ცნობილია, ლუჟკოვის საქმე ახლა ცუდად მიდის, იგი ხელისუფლებას ჩამოაცილეს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში კრემლის განწყობის მიხედვით იმოქმედებენ და, თუ საჭირო გახდა, ლუჟკოვის ქუჩას სახელს კიდევ ერთხელ გამოუცვლიან.
XS
SM
MD
LG