Accessibility links

logo-print

"შეთანხმება კანონად უნდა იქცეს"


დავით გამყრელიძე, დავით ბაქრაძე და პავლე კუბლაშვილი

დავით გამყრელიძე, დავით ბაქრაძე და პავლე კუბლაშვილი

დღეს საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, შეხვდნენ ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერები დავით გამყრელიძე და მამუკა კაციტაძე.

ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გამოსული პოლიტიკოსები ჟურნალისტების წინაშე წარდგნენ და მოკლედ შეეხნენ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებს.

მათი განცხადებით, ”ახალი მემარჯვენეები” და პარლამენტის თავმჯდომარე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე შეთანხმების ხელმომწერი პარტიებისგან კვალიფიციური სარედაქციო ჯგუფი შეიქმნება და ოქტომბრის ბოლოს "შეთანხმების დოკუმენტი" საკანონმდებლო ინიციატივად იქცევა. სარედაქციო ჯგუფს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდა.
ასევე საუბარი იყო უწყებათაშორის კომისიაზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიციისა და ადმინისტრაციული რესურსის განეიტრალებისთვის...

დავით გამყრელიძე: ეს მოგვცემს ჩვენ მთავარ რამეს, რომ არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად თავისუფალ გარემოში, სამართლიან გარემოში და, რაც მთავარია, ამომრჩეველს დავუბრუნოთ რწმენა არჩევნებისადმი და მაქსიმალურად მონაწილეობის სურვილი გავუჩინოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ მიღწეული შეთანხმება, ზევით ნახსენები მიზნების განსახორციელებლად, ა) სარედაქციო ჯგუფმა რაც შეიძლება მალე დაამუშაოს; ბ) შეთანხმებას კანონპროექტის სახე მიეცეს; გ) გაეგზავნოს ვენეციის კომისიასაც და ეუთოსაც და, ბოლოს, შეთანხმება კანონად იქცეს.

დავით გამყრელიძე: ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს კანონში ამის ასახვა.

პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა პროდუქტიული იყო.

მამუკა კაციტაძე: აქ არის მნიშვნელოვანი წინსვლა საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების კუთხით.

თავად შეხვედრა, სადაც საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან წინსვლაზე ისაუბრეს, ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. პოლიტიკოსები მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ აკეთებენ კომენტარებს.
პავლე კუბლაშვილი

პავლე კუბლაშვილი: ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტი, ვინც ხელს მოაწერს
ამ შეთანხმებას, იყოს ჩართული ამ პროცესში და თავიდან ბოლომდე ჰქონდეს გააზრებული ის ცვლილებები, რაც ამ შეთანხმებას მოსდევს.

ცვლილებების გააზრება პოლიტიკოსებს ჟურნალისტებთან არ უცდიათ. ისაუბრეს იმ სტრუქტურულ მექანიზმებზე, რაც უკვე მიღწეული შეთანხმების კანონად ქცევისთვის არის საჭირო, და აღნიშნეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დასრულდეს სიების თემა და, ბოლოს და ბოლოს, ეს საკითხი უნდა გახდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე.

დავით გამყრელიძე: ასევე საუბარი იყო უწყებათაშორის კომისიაზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიციისა და ადმინისტრაციული რესურსის განეიტრალებისთვის.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ზევით ნახსენებ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას ხელი არ მოაწერა ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ წარსულში ცნობილი „რვიანის“ ჯგუფიდან და ახლა უკვე „ექვსიანი“, თავის მხრივ, შეხვედრებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მართავს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG