Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”უბნური კინო” და მსოფლიო კინოპროცესი


ტერენს მალიკის ”სიცოცხლის ხის” პოსტერი
ტერენს მალიკის ”სიცოცხლის ხის” პოსტერი
”ქართული კინო და მსოფლიო კინოპროცესი” - ასე ერქვა დისკუსიას, რომელიც ამ დღეებში ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” თაოსნობით მოეწყო. დისკუსიის საბაბი გახდა კანის უკანასკნელი კინოფესტივალი, რომელზეც ახალი ტენდენციები გამოიკვეთა კინოში, აგრეთვე ფესტივალის ”ოქროს პალმით” აღნიშნული ფილმის, ტერენს მალიკის ”სიცოცხლის ხის” პრემიერა თბილისში და, რა თქმა უნდა, რამდენიმე ახალი ქართული ფილმის პრემიერა.
იშვიათად მინახავს ქართველი რეჟისორი, რომელსაც მონდომებით ევლოს სხვის ფილმებზე...

არსებობს თუ არა რაიმე საერთო ახალ ქართულ ფილმებსა და იმ კინოს შორის, რომელიც ახალ მოდას ამკვიდრებს მსოფლიოში? მაინც რომელ ტენდენციაზე შეიძლება მსჯელობა და რას მიიჩნევენ კინოკრიტიკოსები ქართული კინოს მთავარ პრობლემად? ამაზე საუბრობდა ეროვნული მუზეუმის დარბაზში შეკრებილი საზოგადოება, რომელსაც ”კინემატოგრაფიულს” ნამდვილად ვერ უწოდებ - სტუდენტები მოვიდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, ასევე კინოს უბრალო მოყვარულები... კინორეჟისორი სულ რამდენიმე შევნიშნე. ქართველ კინორეჟისორებს ასეთი დისკუსიები ნაკლებად აინტერესებთ. უფრო მეტიც, როგორც კინოკრიტიკოსმა თეო ხატიაშვილმა აღნიშნა, სხვისი ფილმებიც ნაკლებად აინტერესებთ:

”იშვიათად მინახავს ქართველი რეჟისორი, რომელსაც მონდომებით ევლოს სხვის ფილმებზე. მაგალითად, კინოფესტივალების დროს თბილისში ორგანიზატორები ხშირად გამოთქვამდენენ უკმაყოფილებას, რეჟისორებს სწყინთ, როცა დახურვის ან გახსნის ცერემონიალზე არ შეხვდებათ ხოლმე მოსაწვევი, მაგრამ ფესტივალის დღეებში ფილმების მიმართ დაინტერესებას არ იჩენენო.”
არადა, კინორეჟისორი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე ”ცნობისმოყვარე პროფესიაა”... მან უნდა უთვალთვალოს, ყური უნდა უგდოს...

თუმცა არც ესაა პრობლემა - სხვისი კინოს მიმართ გულგრილობა. კინო მხოლოდ ნაწილია რეალობისა. პრობლემა უფრო რეალობის მიმართ გულგრილობაა ან, როგორც დისკუსიაზე თეო ხატიაშვილმა აღნიშნა, ”რეალობიდან აცდენა”.

”არადა, კინორეჟისორი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე ”ცნობისმოყვარე პროფესიაა”... მან უნდა უთვალთვალოს, ყური უნდა უგდოს”, - აღნიშნა თეო ხატიაშვილმა.

კინორეჟისორი რომ ერთგვარი ვუიარისტია და თვალთვალი უყვარს, ამას ალფრედ ჰიჩკოკი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში, ფრანსუა ტრიუფო კი მთელი ცხოვრება ამტკიცებდა. მაგრამ ერთია დაკვირვებული თვალი და მეორეა დაკვირვებული და მგრძნობიარე გული... ბერლინის, კანის კინოფესტივალებზე წელს ახალი ტენდენცია გამოიკვეთა - რეჟისორთა დიდი ნაწილი ინტერესს იჩენს მათთვის აბსოლუტურად უცხო, განსხვავებული სამყაროსადმი. აღსარებითი ინტონაციები ჯერ კიდევ წამყვანია (მაგალითად, ტერენს მალიკის თუ ლარს ფონ ტრიერის ახალ ფილმებში), მაგრამ იგრძნობა საპირისპირო ტენდენციაც - ახალი ”ფაქტურების”, ახალი გმირების ”ათვისების” სურვილი. ამის შესახებ დისკუსიაზე დაწვრილებით ისაუბრა კინომცოდნე ნინია კაკაბაძემ - გაიხსენა კინორეჟისორები, რომლებმაც სოციალური თემებით დაიმკვიდრეს ადგილი კინემატოგრაფიულ ელიტაში და ისაუბრა ასეთი კინოს პერსპექტივებზე.
მთავარია, ქართველ რეჟისორებს გაუჩნდეთ ინტერესი, თავიანთი მიკროგარემოს გარეთ გაიხედონ, სხვა ადამიანებით დაინტერესდნენ...

დისკუსიაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ ფინანსებზე დაიწყეს საუბარი, იმაზე, რომ ეროვნულმა კინოცენტრმა დროა შეცვალოს პოლიტიკა, გამოაცხადოს თემატური კონკურსები. მაგრამ კინოკრიტიკოსები საქართველოში კვლავ ამტკიცებენ, რომ ფინანსები არაა მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სახელი მოიპოვო ეგრეთ წოდებული ”საავტორო კინოს” სივრცეში.

”მთავარია, ქართველ რეჟისორებს გაუჩნდეთ ინტერესი, თავიანთი მიკროგარემოს გარეთ გაიხედონ, სხვა ადამიანებით დაინტერესდნენ, სხვა ადამიანების არსებობით, მათი პრობლემებით”, - აღნიშნა ნინია კაკაბაძემ.
კადრი ფილმიდან "გაღმა ნაპირი"

მისი თქმით, უკანასკნელი 20 წლის საქართველო ყველაზე კარგი ”ბაზაა” იმისთვის, რომ ასეთი კინო შეიქმნას... ანუ საქართველოს უახლესი ისტორია ერთი დიდი სიუჟეტია, რომელიც კინოხელოვნებას ჯერ არ გაუაზრებია. არის მხოლოდ ცალკეული ცდები - მაგალითად, გიორგი ოვაშვილის ”გაღმა ნაპირი”, რომელსაც ნინია კაკაბაძე ახალი ქართული კინოს ლამის ერთადერთ მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევს.

დისკუსიაზე გაიხსენეს კონკრეტული მაგალითები კინოს ისტორიიდან, როცა კინორეჟისორებს კრიზისი სოციალური პრობლემებით დაინტერესებამ დააძლევინა. მაგალითად, ბრიტანელი ”გაბრაზებულები”. მაგრამ სოციალური პრობლემების მიმართ ინტერესი გაჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა ქართული არტისტული ელიტა, მათ შორის, ქართველი კინემატოგრაფისტები იმ სივრცეს გაარღვევენ, რომელშიც ტრიალებენ. ეს პროცესი შეიძლება მტკივნეული აღმოჩნდეს - ტკივილს კი ყველა გაურბის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ”გულის ტკივილზეა” ლაპარაკი. ნინია კაკაბაძის თქმით, დღევანდელ ქართულ კინოს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ”უბნური კინო”.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG