Accessibility links

პეტრეუსი: ავღანეთში ბრძოლის ეპიცენტრი იცვლება


ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების სარდლის, გენერალ დევიდ პეტრეუსის განცხადებით, ავღანეთში შეიარაღებული დაპირისპირების ეპიცენტრი აღმოსავლეთისაკენ ინაცვლებს. თუ აქამდე დაპირისპირების სიმწვავით და სიხშირით გამოირჩეოდა სამხრეთში მდებარე რეგიონები თალიბანის განსაკუთრებით ძლიერი პოზიციებით, მომავალ თვეებში ბრძოლის ეპიცენტრი, პეტრეუსის შეფასებით, გადაინაცვლებს აღმოსავლეთში, პაკისტანთან ცუდად დაცული საზღვრებისაკენ. ამ საკითხს ამერიკელი გენერალი შეეხო 4 ივლისს ავღანეთში, საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ წარმომადგენლებთან საუბარში. მრავალეროვანი კოალიციის ჯარების დიდი ნაწილი ამჟამად კონცენტრირებულია სამხრეთში მდებარე რეგიონებში. პეტრეუსი, რომელიც მალე შეუდგება მუშაობას სხვა თანამდებობაზე, აცხადებს, რომ ახლა საგანგებო დანიშნულების მეტი რაზმი, დაზვერვა და საჰაერო ძალები გადაინაცვლებს აღმოსავლეთისაკენ. 18 ივლისს ავღანეთში მრავალეროვანი ჯარების სარდლობას შეუდგება ასევე ამერიკელი გენერალი ჯონ ალენი. დევიდ პეტრეუსი კი სათავეში მოექცევა შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს.
XS
SM
MD
LG