Accessibility links

logo-print
გამომცემლობა “ინტელექტმა” ნობელიანტების სერიაში ორი ავტორის - ვიდიადჰარ ნაიპოლისა და ჰერტა მიულერის - წიგნები გამოსცა. ორივე ეს ავტორი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.

ყოველი ახალი ავტორის პირველი თარგმანი, ალბათ, მნიშვნელოვან მოვლენად უნდა იქცეს ლიტერატურისთვის. მით უმეტეს, თუკი ეს ავტორი თანამედროვეა, ჩვენი დროის პრობლემებზე წერს, ახალი ენით გველაპარაკება, ახალ ხედვებს წარმოგვიდგენს. და თუკი თარგმანსაც არა უშავს, სხვა რა დაგვრჩენია, უნდა დავივიწყოთ კუდაბზიკობა და ჩავუღრმავდეთ უახლეს ლიტერატურას, რათა თავად დავრწმუნდეთ რაღაც-რაღაცებში.

დღეს ორ ასეთ ახალ ავტორზე ვისაუბრებთ. ორივე ნობელიანტია, ორივეს ბოლო 10 წლის მანძილზე აქვს აღებული ეს პრემია, ორივე ძალიან სერიოზულად უდგება თავის სათქმელს და ორივეს შემოქმედება გარკვეულ სამოქალაქო პასუხისმგებლობას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ვიდიადჰარ ნაიპოლისა და ჰერტა მიულერის წიგნები ერთ გადაცემაში მოვაქციე.

ვიდიადჰარ ნაიპოლს ქართველი მკითხველი, მათ შორის უფროსი თაობისაც, მეტ-ნაკლებად იცნობს. მისი ნაწარმოებები საბჭოთა პერიოდშიც ითარგმნებოდა, ცხადია, რუსულ ენაზე, მაგრამ მრავალწლიანი დავიწყების შემდეგ მან ჯერ ნობელით შეგვახსენა თავი 2001 წელს და სულ ცოტა ხნის წინ, თამარ კოტრიკაძის დამსახურებით, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი, “ნახევარი სიცოცხლე”, ქართულადაც გამოვიდა.
ინდური წარმოშობის სამხრეთამერიკელი ინგლისურენოვანი მწერალი ვიდიადჰარ სურაჯპრასად ნაიპოლი მულტიკულტურალიზმის ნამდვილ განსახიერებად იქცა XX საუკუნის მეორე ნახევარში. მთარგმნელმა თამარ კოტრიკაძემ სწორედ ამაზე გაამახვილა პირველ რიგში ყურადღება:
“ამიტომაც მისი თემატიკა მუდამ უკავშირდებოდა რასებს, ერებსა და კულტურებს შორის დიალოგს, მათ შორის საერთო ენის მოძებნას, კონფლიქტებს და ა.შ. ეს მწერალი შეიძლება დავახასიათოთ როგორც მწერალი დოკუმენტალისტი, მას აქვს პუბლიცისტური ნაწარმოებებიც და უნდა ითქვას, რომ იგი ძალზე პროდუქტიული ავტორია, მაგრამ ძირითადად იგი რომანების ავტორია, ძალიან ოსტატურად დაწერილი მხატვრული პროზისა, მაგრამ ამ მხატვრულ ტექსტებშიც -და მისთვის სწორედ ეს არის დამახასიათებელი და ამით არის გამორჩეული - იგი რჩება რამდენადმე დოკუმენტალისტად...”

ზოგიერთები მას კიდევ ერთ უცხოური წარმოშობის ინგლისელ მწერალს ადარებენ, ჯოზეფ კონრადს. ისიც პერიფერიის შვილია, ისიც ბევრს მოგზაურობდა და, რაც მთავარია, ნაიპოლიც იმპერიულ ბედიწერათა ჟამთააღმწერლად მიაჩნიათ.

“საინტერესოა ის, რომ სალმან რაშდიმ, ასევე ინდური წარმოშობის მწერალმა, დაახასიათა ნაიპოლი როგორც “ფაქტის ლიტერატურის ავტორი” და, მართლაც, ის დოკუმენტური სიზუსტით აღწერს ფაქტებს, ამახვილებს ყურადღებას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პრობლემებზე, თუმცა ეს რომანი, სახელწოდებით “ნახევარი სიცოცხლე”, რომელიც მე ვთარგმნე, და ესაა პირველი მისი ნაწარმოები, რომელსაც ქართველი მკითხველი გაეცნობა, ეს არის სრულყოფილი გაგებით მხატვრული პროზა, მაგრამ აქაც ეს პრობლემატიკა პირველ რიგში დგას.”

რა თქმა უნდა, ნაიპოლი პრობლემების მწერალია, პუბლიცისტური ნაკადი ძალზე ძლიერია მასთან და ამიტომაცაა, რომ ხანდახან მისი პერსონაჟებიც გარკვეულ საზოგადოებრივ ტიპებს წარმოადგენენ:
“ჯერ ვიტყვი, რომ ეს არის ერთი ადამიანის, ახალგაზრდა ინდოელის, უილი ჩანდრანის ცხოვრების ისტორია, მისი ნახევარი ცხოვრების ისტორია, მისი ოჯახისა და სხვ. ამბები, მაგრამ ამ კერძო პიროვნების ფონზე ავტორი გვიხატავს მთელს ეპოქას თავისი პრობლემატიკით და ყოველი პერსონაჟი, რომელიც შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ფრაზით იყოს მონიშნული და შემდეგ შეიძლება საერთოდ აღარც გამოჩნდეს წიგნში, ამავე დროს, საზოგადოებრივი ტიპიცაა, ძალიან კონკრეტული, მთელი თავისი პრობლემატიკით, კონფლიქტებით და ეს რაღაც ძალიან საინტერესო ეპოქალურ სიღრმეს ანიჭებს მთელს ამ თხრობას.”

ჰერტა მიულერის ესეების მოზრდილი კრებული “მეფე დაიხრება და კლავს” ნანა გოგოლაშვილმა თარგმნა ქართულ ენაზე. წიგნი 2003 წელს გამოვიდა გერმანულ ენაზე და იგი მოიცავს 9 ესეს, რომელსაც 2000-2001 წლებში ტიუბინგენის უნივერსიტეტში წაკითხული ლექციები უდევს საფუძვლად.

წიგნს ლევან ცაგარელის ამომწურავი და ძალიან ინფორმატიული წინასიტყვაობა უძღვის, საიდანაც უცნაური მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ბევრ საინტერესო დეტალს ვიგებთ. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში, სადმე მარიენფელდში (ჩვენებურად, სართიჭალაში) ან ელიზავეტალში (ასურეთში) დაბადებულ-გაზრდილ გერმანულენოვან მწერალს აქაური კოლონიური სამყაროს აღწერისთვის მიეძღვნა მთელი თავისი შემოქმედება. რა თქმა უნდა, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ის, რაც ჩვენთან შეუძლებელი აღმოჩნდა, შესაძლებელი გახდა რუმინეთში, სადაც გერმანელებით დასახლებულ ოლქში, ბანატში, 1953 წელს დაბადებულმა ჰერტა მიულერმა 1982 წელს სახელი იმით გაითქვა, რომ თავისიანების, ბანატის ოლქში დასახლებული შვაბების, “იზოლირებული გერმანულენოვანი უმცირესობის, პროვინციული ცხოვრების შემაძრწუნებელი ანტიიდილია” დახატა.

ჰერტა მიულერი 70-იან წლებში ტემეშვარში სწავლობდა გერმანისტიკასა და რუმინისტიკას, შემდეგ მთარგმნელადაც მუშაობდა ერთ-ერთ ქარხანაში და პირველ პრობლემებსაც სწორედ აქ შეხვდა, როდესაც სამსახურიდან დაითხოვეს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე უარის გამო. 1982 წელს გამოცემულ მის პირველ წიგნს, “დაბლობს”, ცენზურამ გადაუარა, თუმცა 1984-ში დასავლეთ გერმანიაში წიგნის სრული ვერსია გამოვიდა და სულ მალე, 1987-ში, მწერალმა დატოვა კიდეც მშობლიური რუმინეთი და თავდაპირველ სამშობლოში - გერმანიაში - გადასახლდა.

ჰერტა მიულერი საკმაოდ ნაყოფიერი მწერალია, იგი 20-ზე მეტი რომანის, პროზაულ-ესეისტური და პოეტური კრებულის ავტორია, ეს წიგნი კი, რომელიც ქართულადაც გამოიცა, ალბათ, მიულერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც მწერლის ძალზე დეტალურ და დაწვრილებით განსჯას წარმოადგენს “ტოტალიტარიზმის გარემოცვაში ცხოვრებისა და შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ”.

2008 წელს ეს წიგნი შვედეთის მწერალთა კავშირმა ბოლო დროის მანძილზე ქალი მწერლის მიერ დაწერილი უმნიშვნელოვანესი წიგნების ათეულში მოახვედრა. ცოტა უცნაურად კი ჟღერს ეს ჯილდო თუ დაფასება, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ეს ფაქტი იქცა ერთ-ერთ ბიძგად იმისთვის, რომ ერთი წლის შემდეგ შვედებს მწერლისთვის ნობელის პრემია მიენიჭებინათ.

წიგნში ხშირად შეხვდებით ღრმა დაკვირვებებსა და სულისშემძვრელ ეპიზოდებს. მე, მაგალითად, ყველაზე მეტად ის მონაკვეთი დამამახსოვრდა, სადაც მწერალი შიმშილობისდროინდელ ამბებს ჰყვება, იმას, თუ როგორ ისწავლა დედამისმა კარტოფილის სიყვარული და სიძულვილი ერთდროულად.

სხვათა შორის, ჰერტა მიულერი თავის წიგნში სამშობლოს იდეასაც უტრიალებს ხშირად და მას პროვინციალიზმის, ქსენოფობიისა და ამპარტავნების ცნებებით ახასიათებს და, რაც მთავარია, მასვე უკავშირებს ე.წ. ღალატის მითსაც, უფრო სწორად, ღალატისა და ბედნიერების მითს. გარკვეულწილად, ეს ერთი და იგივეა. ჩვენთანაც ხომ ასეა. ან იბერიის გაბრწყინებას ველოდებით, ანდა მოღალატეებს ვეძებთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG