Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნახატი, როგორც ლექსი, ანუ ვერა ფაღავას გაცნობის მოლოდინში


ვერა ფეღავა
ვერა ფეღავა
დღეს ვისაუბრებთ ვერა ფაღავაზე - მხატვარზე, რომელმაც საქართველო 20-იან წლებში, 12 წლის ასაკში, დატოვა (მშობლებთან ერთად) და თითქმის მთელი ცხოვრება საფრანგეთში გაატარა. თუ ემიგრანტების მიმართ საბჭოთა ხელისუფალთა დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, ალბათ, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ვერა ფაღავას სახელი მის სამშობლოში მხოლოდ სპეციალისტებისა და მხატვრობით დაინტერესებულთა ვიწრო წრისთვის არის ცნობილი. და, მართალია, მისი შემოქმედება ფრანგული კულტურის ნაწილი უფროა, ვიდრე ქართულისა, ვერა ფაღავა ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მას საქართველოშიც იცნობდნენ.

ახლახან პარიზში გამოიცა ვერა ფაღავას ალბომი, რომელშიც თავმოყრილია მისი ყველა უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი. მხატვრის აქამდე დასტამბულ კატალოგებსა და ალბომებს შორის სწორედ ეს გახლავთ ყველაზე სრული გამოცემა - მასში ქრონოლოგიურად არის ასახული ფაღავას ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი გზა, 30-იანიდან 80-იან წლებამდე. ჩვენც სწორედ ამ ალბომის გამოსვლა გამოვიყენეთ ფაღავაზე საუბრის საბაბად და პარიზში დავურეკეთ ელისო ტარასაშვილს, ვერა ფაღავას ასოციაციის თავმჯდომარეს, რომლის მეცადინეობითაც მოხერხდა ამ ძვირადღირებული პროექტის განხორციელება.
ელისო ტარასაშვილი (შუაში) ვერა ფაღავასთან ერთად, ავინიონი, 1981 წ.


აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონი ელისოს ოჯახს ვერა ფაღავასთან აკავშირებდა არა მარტო მეგობრული, არამედ საქმიანი ურთიერთობაც: მხატვარი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე თანამშრომლობდა პარიზში მოქმედ სამხატვრო გალერეა „დარიალთან“, რომელიც ელისო ტარასაშვილის დედას, თამარ წულაძეს ეკუთვნოდა.

თუმცა, „დარიალამდე“ ვერა ფაღავა სხვა გალერისტებთან თანამშრომლობდა. მისი პირველი გამოფენა, როგორც ელისო ტარასაშვილი ამბობს, ჟან ბიუშეს ცნობილ გალერეაში მოეწყო: „პირველი გამოფენა ჰქონდა 43-ში. აკადემიის დირექტორმა შეახვედრა გალერისტ ჟან ბიუშე, რომელმაც 20-იან და 30-იან წლებში ბევრი ცნობილი ფრანგი მხატვარი გამოიყვანა დიდ ასპარეზზე. მას ძალიან მოეწონა ვერა და მისი პირველი გამოფენა მოაწყო პიკასოს ცოლთან ერთად. ერთ წერილში ბიუშე ამბობს, პიკასოს ცოლთან ერთად გამოვფენ ვერას; ხალხი უფრო პიკასოს ცოლის სანახავად მოვა, ამ დროს კი ვერას ნახავსო.“
ვერა ფაღავა. "დამთხვევა", 1972 წ.


იმ გამოფენის წარმატებამ მართლაც ხელი შეუწყო ვერა ფაღავას შემოქმედებით პარიზის სახელოვნებო წრეების დაინტერესებას, მაგრამ მალე ჟან ბიუშე გარდაიცვალა და მისი სახით ვერამ დიდი მოამაგე და მფარველი დაკარგა. ბიუშეს გალერეაში ვერა 60-იან წლებამდე დარჩა, მაგრამ მხოლოდ მხატვრობით თავის რჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო: 30-იანი წლების ფინანსურმა კრიზისმა ფაღავების ოჯახიც მნიშვნელოვნად დააზარალა და ვერას, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრების მანძილზე უხდებოდა სხვადასხვა სამუშაოს შესრულება - შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად.

როგორც ელისო ტარასაშვილი იხსენებს, ვერა ხშირად ამბობდა, ჩემს გემოზე ვერ ვხატეო. ყოველ შემთხვევაში, ასე ყოფილა 70-იან წლებამდე, როცა ფრანგმა კოლექციონერებმა და ხელოვნების მოყვარულებმა თანდათან დაიწყეს ვერა ფაღავას სურათების შეძენა. როგორც ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი ქეთევან კინწურაშვილი აღნიშნავს, ამას უდავოდ ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ 1966 წელს ვერა ფაღავამ საფრანგეთი წარმოადგინა ვენეციის ბიენალეზე.

ქეთევან კინწურაშვილი, რომელმაც ვერა ფაღავას შემოქმედებას არაერთი წერილი მიუძღვნა, საგანგებოდ უსვამს ხაზს ფაღავას შემოქმედებაში სინათლის მნიშვნელობას. მისი თქმით, ვერა ფაღავა,
ვერა ფაღავა. "პეიზაჟი", 1963 წ.

როგორც მხატვარი, ძალიან რაფინირებულია, ძალიან დახვეწილია გემოვნებითაც და აზროვნებითაც. „მას აქვს შინაგანი სიღრმე, პოეტური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, რასაც გამოხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამუშევრები დეკორაციულია, ისინი სივრცითა და სინათლით არის აღსავსე. სინათლე მის შემოქმედებაში ძალიან მნიშვნელოვანია.“

ქეთევან კინწურაშვილის თქმით, ვერა ფაღავას მხატვრობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მინიმალისტურ აბსტრაქციებს. „მისი ადრეული ნამუშევრები, რომლებშიც ობიექტებიც იკითხება (ნატურმორტები, პეიჟაზები), მაინც უფრო აბსტრაქტულია, ვიდრე რეალობასთან მიახლოებული. ის პოეტურ განზოგადებას ახდენს მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ობიექტს აღვიქვამთ. ძალიან ლაკონიურია, სადა, მარტივად აღსაქმელი და, ამავე დროს, შინაგანი სიღრმე აქვს. ლექსებივით ნამუშევრებია, მათში იგრძნობა შინაგანი ლირიზმი. იგრძნობა ისიც, რომ ადამიანებთან ურთიერთობებში ის თავშეკავებული ადამიანი იყო.“

ვერა ფაღავა თავშეკავებული ადამიანი რომ იყო, ელისო ტარასაშვილიც ადასტურებს. „თავშეკავებული იყო და თუ სათქმელი ჰქონდა, ის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. იმიტომაც უსმენდნენ!“

როგორც ელისო ტარასაშვილი აღნიშნავს, კოლეგა მხატვრები ძალიან აფასებდნენ ვერას აზრს. „ვერას ბევრ მეგობარსა და კოლეგას უთქვამს ჩემთვის, რომ მის შეფასებას მუდამ გულისფანცქალით ელოდნენ“, იხსენებს ტარასაშვილი.
ვერა ფაღავა. "დიდი ქალაქი", 1959 წ.


ერთხელ ვერა ფაღავასთვის ვიღაცას უკითხავს, რაიმე მოგვიყევით თქვენს ფერწერაზეო. ვერას უპასუხია, ფერწერას ნახვა უნდა და არა ლაპარაკიო. ეს მართლაც ასეა. და რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ ვერა ფაღავას შემოქმედებაზე, მასზე სრულ წარმოდგენას ვერ შევიქმნით მანამ, ვიდრე მის ნამუშევრებს არ ვიხილავთ.

საქართველოში ოდესმე თუ მოწყობილა ფაღავას თუნდაც მცირე გამოფენა-მეთქი - ამ შეკითხვით მივმართავ ელისო ტარასაშვილს. ირკვევა, რომ ასეთი გამოფენა არასოდეს მოწყობილა, მაგრამ მისი გამართვა გაისისთვის იგეგმება. როგორც ვერა ფაღავას ასოციაციის პრეზიდენტი გვეუბნება, უკვე გაიმართა მოლაპარაკება მასა და საქართველოს კულტურის მინისტრს ნიკოლოზ რურუას შორის.

ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, მოთმინება მოვიკრიბოთ და მომავალი წლისთვის, თბილისში დაგეგმილ გამოფენას დაველოდოთ.
XS
SM
MD
LG