Accessibility links

უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ტყის მართვასთან დაკავშირებით რამდენიმე სიახლეს გეგმავს. პირველი ახალი ”ტყის კოდექსია”, რომელზე მუშაობაც მომდევნო ორი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს და პარლამენტს წარედგინოს; მეორე კი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ტყეების კერძო ინვესტორებისათვის გრძელვადიანი - 49 წლიანი - იჯარით გადაცემას ითვალისწინებს. სწორედ ეს საკითხები იყო 4 აგვისტოს ”შერატონ მეტეხი პალასში” ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი თემა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ტყე, ნავთობთან და გაზთან ერთად, ენერგეტიკის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დაექვემდებარა, ტყეების მომავალს სახელმწიფომ ეკონომიკურ ჭრილში შეხედა და გადაწყვიტა საქართველოს ტყეების 100% კერძო სექტორს 49 წლიანი იჯარით გადასცეს. ეს გადაწყვეტილება გარემოსდაცვით არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას დაადასტურა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმაც, რომელმაც სამსაათიან შეხვედრაზე გარემოსდამცველებს ტყის მართვის სამომავლო სახელმწიფო ხედვა წარუდგინა:

რა ვალდებულებები და უფლებები ექნება მოიჯარეს, ჩაიდება თუ არა კონკრეტული გარანტიები კანონში, რომ გრძელვადიანი იჯარით გაცემულ ტყეებს არაფერი დაემუქრება, ვის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული ესა თუ ის კერძო პირი თუ კომპანია? ალექსანდრე ხეთაგური ამბობს, რომ მოიჯარის ვალდებულებები ჩაიწერება კონკრეტული ტერიტორიის მართვის ხელშეკრულებაშიც და აისახება კანონშიც. ეს ვალდებულებები კი მოიცავს:

”სატყეო ფართობს უნდა მოუაროს და ამაში იგულისხმება ტყის გაწმენდა, სანიტარული ჭრები და ამას აკონტროლებს, ცხადია, სააგენტო. ასევე მოიჯარემ უნდა მოაწყოს ინფრასტრუქტურა მდგრადი განვითარებისათვის, დაიცვას ტყე ხანძრისგან. ჩვენთან ხანძარი რატომაა ასე პრობლემატური? იმიტომ რომ არ არსებობს ტყეში მისასვლელი გზები. ავსტრიაში მე პირადად ვნახე 2300 მეტრ სიმაღლეზე არსებული ტყე და მერსედესით ვიყავით მისულები უღრან ტყეში. ვაკვირდებოდით 50 გრადუსიანი დახრის ფერდობზე როგორ ახორციელებდნენ შერჩევით ჭრას - ანუ ეს შესაძლებელია და შეგვიძლია ჩვენც გავიზიაროთ ეს გამოცდილება. გარდა ამისა, მოიჯარის ვალდებულებაა დაიცვას ტყე უკანონო ჭრისგან, ასევე მოსახლეობა დაუბრკოლებლად უნდა შეუშვას ტერიტორიაზე და მისცეს უფლება შეაგროვოს ფიჩხი, სოკო, კენკრა, დაიჭიროს თევზი ანკესით და შეუშვას საქონელიც, ოღონდ არა იმ ტერიტორიაზე, სადაც ტყის განახლება მიმდინარეობს.”

ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ჯერ გამოქვეყნდება საიჯარო ხელშეკრულების პროექტი, შემდეგ კი აუქციონი გადაწყვეტს ვინ გახდება მოიჯარე - ცხადია, ის, ვინც მეტ საიჯარო გადასახადს გადაიხდის. ხელშეკრულების ხელმოწერიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში - 1-დან 2 წლამდე - მას არ ექნება ხის მოჭრის უფლება. და ეს მანამ, სანამ მოიჯარე არ შეაფასებს ტერიტორიას და არ წარმოადგენს მისი მართვის გეგმის პროექტს, რომელიც მხოლოდ საჯარო განხილვის შემდგომ დამტკიცდება. განხილვაში ყველა დაინტერესებული ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ამ გეგმის მთავარი პრინციპია ისიც, რომ მოიჯარემ მუდმივად უნდა განაახლოს ტყე. ვალდებულებებს შორისაა ისიც, რომ ინვესტორმა ე.წ. სოციალური ჭრებისთვის (მოსახლეობის მიერ გასათბობად საჭირო შეშის მოჭრა) უნდა გამოყოს სათანადო ფართობი.

გარემოსდამცველები შიშობენ, რომ ტყეების კერძო სექტორისათვის გადაცემა, მაშინ როცა არ არსებობს ტყეების მართვის თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შესაძლოა რამდენიმე საფრთხეს შეიცავდეს. კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ თავისთავად ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემაში ცუდი არაფერია, მაგრამ ტყეების 100%-ის იჯარით გაცემა, წინასწარი ინვენტარიზაციისა და კატეგორიზაციის გარეშე, დაუშვებელია:

საფრთხე #1 - მეიჯარეს უფლება მიეცემა ისარგებლოს ტყეში არსებული ყველა რესურსით, მაგალითად, გადაწყვიტოს ადგილზე კარიერის გაკეთება, აითვისოს ტბა ან მდინარე, ან მინერალური წყლები, ან ტურისტული ინფრასტრუქტურა შექმნას. მოკლედ, ეს არ იქნება მხოლოდ ტყითსარგებლობა.

საფრთხე #2 ბუნებრივი კატასტროფების ბუმს უკავშირდება. ხის არასწორ ადგილას მოჭრამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რაც ახლახან ალავერდის ტაძარში მოხდა, გვიხსნის რეზო გეთიაშვილი:

”არსებობს ძალიან სერიოზული ეროზიის პრობლემა. მაგალითად, წელს პირველად, ორჯერ ზედიზედ დაიტბორა ალავერდის ტაძარი. იცით, მიზეზი რა იყო? იქვე არის პატარა ხევი, რომელიც სათავეს იღებს თიანეთში, თიანეთში გაჩეხილი ტყეების გამო კი 90 კილომეტრის დაშორებით ალავერდი დაიტბორა. და ეს საფრთხე ყველგან არსებობს. მაგალითად, რაჭაში თუ გავცემ ტყეებს და მოვჭრი, ასი კილომეტრის დაშორებით რა შედეგს მივიღებ, ეს არავინ იცის.”

გარემოსდამცველები ითხოვენ გარანტიას, რომ ნებისმიერი კანონის თუ რეფორმის პირობებში ტყე, როგორც საჯარო სიკეთე, იქნება ხელშეუხებელი და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისათვის და ეს ტერიტორიები არ ჩაიკეტება ადგილობრივი მოსახლეობისათვის ისე, როგორც ეს, მაგალითად, ყვარლის ტბის შემთხვევაში მოხდა, ამბობს რეზო გეთიაშვილი.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების მიხედვით, ჯერ უნდა ზოგადად გაიწეროს სატყეო პოლიტიკა, შეიქმნას კონკრეტული სტრატეგია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პოლიტიკა, შემდეგ სახელმწიფომ ჩაატაროს ინვენტარიზაცია, მოხდეს ტყეების კატეგორიზაცია და, რაც მთავარია, კერძო სექტორის ხელში ტყეების გადასვლის შემთხვევაში სახელმწიფომ ვალდებულება კი არ უნდა მოიხნას, არამედ, პირიქით, უნდა გააძლიეროს მონიტორინგი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG