Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლას რეი - 100


ნიკოლას რეი
ნიკოლას რეი
7 აგვისტოს კინოს მოყვარულებმა დიდი ამერიკელი რეჟისორის, ნიკოლას რეის დაბადების ასი წლისთავი აღნიშნეს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სინემატეკებში, კინოს მუზეუმებში, კინოკლუბებში ხელახლა მოეწყო რეტროსპექტივა რეჟისორისა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ამერიკული კინოენა. უფრო მეტიც, გერმანელი რეჟისორი ვიმ ვენდერსი, რომელმაც ნიკოლას რეის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა, ამტკიცებს, რომ სწორედ ნიკოლას რეიმ განაპირობა ევროპული კინოს ცვლილებები 60-იან, 70-იან წლებში.

1979 წელს ნიკოლას რეი უკვე მძიმედ იყო ავად, მას ფილტვის კიბო ჰქონდა, როცა ვიმ ვენდერსმა მისი მონაწილეობით ფილმი გადაიღო - ”ელვა წყალზე”, მერე კი ნიკოლას რეის დოკუმენტური ფილმი ”ნიკის კინო” მიუძღვნა. ამ ფილმში, ფაქტობრივად, მომაკვდავი რეი ჰყვება თავის შემოქმედებაზე, იხსენებს ფილმებს, რომლებიც 50-იან წლებში გადაიღო, კინოვარსკვლავებს, - მათ შორის დირკ ბოგარტს, - რომლებიც მას აღმერთებდნენ, და ყველაზე უფრო თავის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს, 1950 წელს გადაღებულ ”მყუდრო ადგილს” - სურათს, რომელიც თავიდან ბოლომდე იმპროვიზაციაზეა აგებული:

ჩემი გმირები მაყურებელზე ნაკლებად ნევროტიკები არიან. ყოველ შემთხვევაში, იცი, რომ გმირი შენსავით იდიოტია და შენც იმავე შეცდომებს გაიმეორებ, რასაც ის უშვებს...
„ძალიან პირადული ისტორიაა, ძალიან პირადული. ჩემს ცოლს, გლორია გრეემს გავეყარე, რომელიც მაშინ ბოგისთან თამაშობდა. არავინ იცოდა, რომ დაშორებულები ვიყავით და არ მჯეროდა იმ ფინალის, რომელიც დავწერე. გადავიღე იმიტომ, რომ ვალდებული ვიყავი. ბოლოს ყველა გავყარე გადასაღები მოედნიდან ბოგარტის, არტ სმითის და გლორიას გარდა და ფინალის იმპროვიზაცია დავიწყეთ, იმ ფინალისა, რომელიც ახლაა ფილმში. სცენარში გლორიას კლავდნენ. მაგრამ მივხვდი, რომ არ შემიძლია - რომანი ასე არ უნდა დასრულდეს.“

ამ ფილმის გადაღება რეიმ მაკარტიზმის ეპოქაში დაიწყო. იმხანად ძნელი იყო ჰოლივუდში ამბოხებაზე ფილმის გადაღება, მაგრამ რეიმ არა მარტო მოახერხა ეს ერთ რომელიღაც ფილმში, არამედ, ფაქტობრივად, თავისი შემოქმედების მთავარ თემად აქცია ეს - ამბოხება ყოველგვარი მიზეზის გარეშე, როცა ახალგაზრდა ადამიანს ეღვიძება ყველაფრის დანგრევის სურვილი, მაგრამ არ ესმის, საიდანაა ეს აგრესია. ამას ემატება ალკოჰოლიზმი და ნარკომანია - აქამდე თითქმის უცხო ამერიკულ კინოში. 50-იან წლებში ნიკოლას რეის სითამამე მწვერვალს აღწევს - მაშინ, როცა ტელევიზიასთან კონკურენციის გამო მთელი ჰოლივუდი ”სუპერკოლოსების” გადაღებაზე გადადის, რეი იღებს სოციალურ მონოდრამებს ახალგაზრდებზე, რომელთა ქცევა არ ეწერება მორალის სტანდარტებში. ამ დროს იბადება სწორედ იდეა ფილმისა ”მეამბოხე იდეალის გარეშე”, რომელმაც საკულტო ფიგურად აქცია მთავარი როლის შემსრულებელი, ნიკოლას რეის აღმოჩენა - ჯეიმს დინი:

”ჩემი გმირები მაყურებელზე ნაკლებად ნევროტიკები არიან. ყოველ შემთხვევაში, იცი, რომ გმირი შენსავით იდიოტია და შენც იმავე შეცდომებს გაიმეორებ, რასაც ის უშვებს. არც კმაყოფილების გრძნობა გიჩნდება, როდესაც ის რაიმე გმირულ ქმედებას სჩადის.”

60-იან წლებში ნიკოლას რეის, რომლის ფილმებს აღმერთებენ ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორები, სულ უფრო და უფრო უჭირს კინოში მუშაობა. პროდიუსერები, მისი სკანდალური რეპუტაციის გამო, უარს ამბობენ მასთან თანამშრომლობაზე. 1971 წელს დენის ჰოპერმა ბინგჰენტომის უნივერსიტეტში მიიყვანა რეი და დაეხმარა ლექციების კურსის წაკითხვაში. ახალგაზრდები შოკში იყვნენ მისი ფილმებით - მისი კადრის სილამაზით, კამერის თავისუფლებით და თხრობის ორიგინალურობით. მოგვიანებით ჯიმ ჯარმოში იტყვის, რომ სწორედ რეიმ განაპირობა მისი მოსვლა კინოში. მას გააღმერთებენ, მასზე წიგნებს დაწერენ. მაგრამ რეი ასეთ აღიარებას ვერ მოესწრო. ისე გარდაიცვალა, რომ ვერ ნახა ვიმ ვენდერსის ფილმი ”ნიკის კინო” - ერთგვარი სახელმძღვანელო კინორეჟისურაში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG