Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: აქციების საერთაშორისო ბირჟაზე განთავსება რისკს შეიცავს


სახელმწიფო კომპანიების აქციათა საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე განთავსების განზრახვის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ღია წერილით მიმართა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. ის აღნიშნავს, რომ აქციების საერთაშორისო ბირჟაზე განთავსება თავისთავად მიღებული პრაქტიკაა, თუმცა, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, სერიოზულ რისკს შეიცავს. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებით, საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ამჟამად არსებული კრიზისული მდგომარეობა ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიების აქციათა რეალური ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირებულ შეფასებას გამოიწვევს. ამასთან, ალასანია აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის უცნობია ჩაუტარდა, თუ არა აუდიტი საქართველოს რკინიგზას, სახელმწიფო ელექტროსისტემას, გაზისა და ნავთობის კორპორაციას და სხვა სახელმწიფო კომპანიებს და სათანადოდ შეფასდა, თუ არა მათი ღირებულება. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ საერთაშორისო ბირჟებზე სტრატეგიული ობიექტების აქციათა შემცირებულ ფასად გატანით დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლება, რათა ინვესტორების მიერ ფარული პრივატიზაცია განხორციელდეს, შემდეგ ეტაპზე კი, მოხდეს საკონტროლო პაკეტის იაფად მოპოვება. ”გასათვალისწინებელია ის რისკიც, რომ ობიექტების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ მყიდველებად მხოლოდ საქართველოს მეზობელი ქვეყნები თუ მოგვევლინებიან, რათა პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენა გააძლიერონ, ამიტომ შესასწავლია, რამდენად დაცულია ქვეყნის უსაფრთხოება და არის, თუ არა სათანადოდ გათვალისწინებული მისი სტრატეგიული ინტერესები”, - ნათქვამია ნიკა გილაურისადმი ირაკლი ალასანიას ღია წერილში. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი მთავრობისგან მოითხოვს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებას სრული ინფორმაცია და დეტალური განმარტებები მისცეს და მანამდე უარი თქვას სტრატეგიული ობიექტების აქციათა გაყიდვის განზრახვაზე.
XS
SM
MD
LG