Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 16 აგვისტო, 2011


“ვის უნახავენ გადამწვარ ტყეებს?” - “24 საათი” ბორჯომის ხეობის ტყეებში სამი წლის წინ ხანძრის გაჩენას შეახსენებს მკითხველს და ტყის გადამწვარი მონაკვეთების მდგომარეობაზეც წერს. “გადამწვარი ტყის მნიშვნელოვანი ნაწილის გაცოცხლება დახმარების გარეშე წარმოუდგენელია. ამ ხნის განმავლობაში დამწვარი ტყის შესწავლა მიმდინარეობდა. შესწავლის დრო კი საკმარისზე მეტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ტყეში ქერქიჭამია მავნებლები დაბუდებულიყვნენ. როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, საშიში მწერი ნახანძრალი ტყიდან ახლად ამოსულ ხეებზეც ადვილად ვრცელდება, რაც მისი განადგურების საშიშროებასაც ქმნის. "რა თქმა უნდა, საშიშროება იყო, რომ მავნებლები დასახლებულიყვნენ, მაგრამ ეს გაზაფხული გადავიტანეთ და ნარჩენების გამო მნიშვნელოვანი ზიანი არ არის," - დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს სატყეო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნათია იორდანიშვილი”, - წერს “24 საათი”.
“რკინიგზამ ქალაქს შემოუარა და კერძო მესაკუთრეს გადაუარა” - ამ სათაურით სტატია “რეზონანსში” ქვეყნდება. ავტორი თბილისის შემოვლითი რკინიგზის ხაზის მშენებლობას შეწირული კერძო საკუთრების შესახებ წერს და მკითხველს აუწყებს, რომ ამ დროისთვის ავჭალის დასახლებაში რამდენიმე სახლი უკვე დაანგრიეს: “იმ სახლების მეპატრონეები კი, რომლებიც ლიანდაგიდან 10-15 ან თუნდაც 50 მეტრში ცხოვრობენ, ამბობენ, რომ რკინიგზის ხაზის აშენების შემდეგ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ამ ადამიანებმა დახმარებისთვის ყველა სტრუქტურას მიმართეს, თუმცა მათი გასაჭირით დღემდე არავინ დაინტერესებულა”, - წერს “რეზონანსი”.

რკინიგზის შესახებ დღევანდელ “ალიაშიც” წაიკითხავთ. ინტერვიუ არა შემოვლით რკინიგზას, არამედ ბათუმში რკინიგზის 40 თანამშრომლის დაჭერას ეხება. პარტია “თავისუფალი საქართველოს” რეგიონალური მდივანი გია ყრუაშვილი ეუბნება “ალიას” კორესპონდენტს, რომ 40-დან 5 უკვე გაათავისუფლეს: “ამ 40 კაცში შედიან თბომავლის მემანქანეები, სადგურის მორიგეები, დისპეტჩერები და ა.შ. ხელისუფლება ამ 40 კაცს ნავთობცისტერნებიდან ბენზინის მოპარვას აბრალებს”. - ყრუაშვილი ირწმუნება, რომ რკინიგზის ხელმძღვანელის გარეშე ასეთი ტიპის ძარცვა ვერ მოხდებოდა.

დღევანდელი “ალია” წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახალ - 160 მილიონ დოლარად ღირებულ - თვითმფრინავს ყიდულობს.
როგორი იქნება საქართველოს მომავალი პარლამენტი? - ამ თემას დღესაც არაერთ გაზეთში წააწყდებით. “ახალი თაობა” წერს: “ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალ პარლამენტში მოხვდება: ნაციონალური მოძრაობა, ქრისტიან-დემოკრატები, ლეიბორისტები, თავისუფალი დემოკრატები... ძირითადი კონკურენცია იმ ოპოზიციის ძალებს შორის მოხდება, რომელსაც საერთო ელექტორატი ჰყავს. ასეთი კი, ქრისტიან-დემოკრატები და თავისუფალი დემოკრატები არიან. რაც შეეხება ლეიბორისტებს, მათ ჩამოყალიბებული მხარდამჭერები ჰყავთ, რომლებიც ყველა ვითარებაში შალვა ნათელაშვილის პარტიას აძლევენ ხმას.”
“ახალ თაობაში” ზვიად ძიძიგურთან ინტერვიუ ქვეყნდება. ძიძიგური ამბობს, რომ საჭიროა ისეთი მილიონი ადამიანის პოვნა საქართველოში, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას.

ოპოზიციურ “ექვსიანს” ბოლნისელი ავტორი მიმართავს “საქართველოს რესპუბლიკის” ფურცლებიდან და მას ამომრჩეველთა სიის შედგენის წესზე კონცენტრირებას ურჩევს. “თუ საარჩევნო სიების ფორმირების წესის შეცვლა არ მიიღო ხელისუფლებამ, ამ კონკრეტულ საკითხზე დანიშნულ მიტინგზე საკუთარი ღირსების დასაცავად მოვა იმდენი მოქალაქე, რამდენიც საჭიროა მოძალადე და მატყუარა ხელისუფლების დასაფრენადო”, - წერს ბოლნისელი ავტორი “საქართველოს რესპუბლიკაში”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG