Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში საპროტესტო აქციები იმართება


ცხინვალი
ცხინვალი
ორი დღის განმავლობაში ცხინვალში ალან კოჩიევის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ალან კოჩიევი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის „რუხს ფიდანის“ („ნათელი მომავალი“) თავმჯდომარეა და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატად მოიაზრებოდა. კოჩიევს ბრალად ედება პარლამენტის დეპუტატის ალექსანდრ პლიევის ცემა და მისთვის სხეულის დაზიანება, რასაც დაკავებული კატეგორიულად უარყოფს.

საპროტესტო აქციაში ოპოზიციური პარტიების, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უფლებადამცველები მონაწილეობენ. მომიტინგეები პროკურატურისგან მოითხოვენ, დაკითხონ მოწმეები და კოჩიევის და პლიევის დაპირისპირება მოახდინონ.
აქ ძალიან დაძაბული ვითარებაა, ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბა. ეს პროვოკაციები უკვე ყველას ყელში ამოუვიდა. ხვალ 10-ჯერ და 100-ჯერ მეტი მოვა...

აქციის მონაწილეებმა მოახერხეს შეხვედროდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილე ელდარ კოკოევს, რომელმაც მომიტინგეების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. გამოძიება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას იზიარებს, დაზარალებული კი კოჩიევს და მის ორ თანმხლებ პირს ადანაშაულებს, თუმცა ინციდენტში მონაწილე სხვა პირები კატეგორიულად უარყოფენ ჩხუბში კოჩიევის მონაწილეობას.

ცხინვალელი უფლებადამცველების აზრით, დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რათა კოკოითის გზიდან ჩამოეცილებინა პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატი და საკუთარი მემკვიდრისთვის გზა გაეთავისუფლებინა. ჩვენმა რადიომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჩაწერა, რომელიც აცხადებს, რომ ცხინვალში კოჩიევის დაკავებით გამოწვეული უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება:

„აქ ძალიან დაძაბული ვითარებაა, ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბა. ეს პროვოკაციები უკვე ყველას ყელში ამოუვიდა. ხვალ 10-ჯერ და 100-ჯერ მეტი მოვა. ყველამ იცის, რომ ალან კოჩიევი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებოდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მის მიმართ ხელისუფლების მიერ აშკარა პროვოკაცია განხორციელდა, რათა რეალური კანდიდატისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ.“

პროკურატურის შენობიდან აქციის მონაწილეებმა რუსეთის საელჩოს მიმართულებით გადაინაცვლეს. გზაში მათ ჯავშანტექნიკით გზა გადაუღობეს და ”ომონის” წარმომადგენლებმა დაშლა მოსთხოვეს, მაგრამ მომიტინგეებმა საელჩომდე მიაღწიეს და კოჩიევის გათავისუფლების საქმეში რუსეთის მთავრობას დახმარება სთხოვეს. მათი აზრით, ცხინვალში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება და რეპრესიები მიმდინარეობს. ცხინვალელმა უფლებადამცველმა ინარა გაბარაევამ ჩვენს რადიოს უთხრა, რომ საპროტესტო აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ალან კოჩიევს ციხიდან არ გაათავისუფლებენ.

ჩვენ ალან კოჩიევის მხარდასაჭერად ყოველდღიურად ერთადერთი მოთხოვნით გამოვალთ - დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უდანაშაულო და ღირსეული ადამიანი...
„ჩვენ ძალიან აქტიური მოქმედებები გვექნება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ერთმანეთს ვეკითხებით, ვინ იქნება შემდეგი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ვიცით, რომ ეს მათი (ხელისუფლების) ბინძური თამაშია. ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ სიმართლისთვის. ჩვენ არავის ვემუქრებით და უკანონო ქმედებებს არ ჩავიდენთ. ჩვენ ალან კოჩიევის მხარდასაჭერად ყოველდღიურად ერთადერთი მოთხოვნით გამოვალთ - დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უდანაშაულო და ღირსეული ადამიანი“, - განაცხადა ინარა გაბარაევამ.

ამასობაში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდიუმმა დაგმო დეპუტატ პლიევზე თავდასხმა და ყველა პოლიტიკური საკითხის მუშტი-კრივის მეშვეობით გადაწყვეტა. ოპოზიცია და ადგილობრივი უფლებადამცველები კი კოჩიევს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ და რუსეთის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ისინი კოკოითის მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კოჩიევი, თორემ დაძაბულობა მოიმატებს და, შესაძლოა, ეს სამოქალაქო დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს.
XS
SM
MD
LG