Accessibility links

კადაფის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია


ლიბიის დამხობილი ლიდერის, მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი უცნობი რჩება იმ ფონზე, როცა, როგორც იუწყებიან, მისი მომხრეებისგან შემდგარმა სამხედრო კოლონამ დღეს საზღვარი გადაკვეთა და ნიგერში გადავიდა. გავრცელებული ცნობებით, კოლონა 50-მდე მანქანისგან შედგებოდა და ის დედაქალაქ ნიამეიში ჩავიდა. ნიგერის საბაჟოს ხელმძღვანელის ცნობით, კოლონას წინ მოუძღვებოდა კადაფის უშიშროების ძალების ხელმძღვანელი, მანსურ დაო. გავრცელებული ცნობებით, კოლონაში კადაფის რეჟიმის სხვა მარალჩინოსნებიც შედიოდნენ - თუმცა გაურკვეველია იქ თავად კადაფი ან მისი ოჯახის წევრებიც თუ იყვნენ. ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლეონ პანეტამ თქვა, რომ კადაფი გაქცეულია - თუმცა დასძინა, რომ მისი ადგილსამყოფელი არ იცის. ამასთანავე, გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის საგანგებო მრჩეველმა ლიბიის საკითხებში, იან მარტინმა დღეს ტრიპოლიში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიბიის დროებით მთავრობას გაერო მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს თავისუფალი არჩევნების ორგანიზებაში: „კონსტიტუციისა და არჩევნების გარეშე გასული 42 წლის შემდეგ ლიბიაში დემოკრატიაზე გადასვლის მნიშვნელოვანი გარდამავალი პროცესი იწყება. დროებითი ეროვნული საბჭოს ლიდერები ამ საარჩევნო პროცესის წარმართვისას მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიიღებენ გაეროსგან“ - განაცხადა მან. პარალელურად, დროებითი საბჭოს წარმომადგენლები განაგრძობენ თემების ლიდერებთან მოლაპარაკებას კადაფის მომხრეთა ერთ-ერთი უკანასკნელი ბასტიონის, ბანი ვალიდის მშვიდობიან ჩაბარებაზე. ამ ტრიპოლიდან სამხრეთით, 140-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქის გარშემო კადაფის მოწინააღმდეგე ძალების პოზიციების გამაგრება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG