Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპერის ახალზელანდიელი ვარსკვლავი


კირი ტე კანავა
კირი ტე კანავა
9 სექტემბერს ახალ ზელანდიაში დაიწყება მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი. ამ დიდი სპორტული ტურნირის გახსნაზე გაიჟღერებს რაგბის არაოფიციალური ჰიმნი, რომლის შემსრულებლებს შორის არის გამოჩენილი ახალზელანდიელი მომღერალი კირი ტე კანავა. დღეს მას ეძღვნება ყოველკვირეული პროგრამა „მუსიკა-მუსიკა“.

ახალზელანდიელი სოპრანოს, კირი ტე კანავას ხმა ერთ-ერთ უმშვენიერესად არის აღიარებული ოპერის ისტორიაში. ცოცხალი, თბილი, ხავერდოვანი, ტკბილი, მსუბუქი - ეს ეპითეტები ისმის მისი ვოკალის შეფასების მცდელობისას. 40-წლიანი კარიერის მანძილზე კირი ტე კანავა ოპერის მრავალი მოყვარულის ფავორიტი იყო მთელს მსოფლიოში. თუმცა ახალ ზელანდიაში 1944 წელს დაბადებული მომღერალი მარტო ოპერის ვარსკვლავი არ არის. მას შესრულებული აქვს მიუზიკლების პარტიებიც, ისევე როგორც რაგბის არაოფიციალური ჰიმნი და ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეობის, მაორების ხალხური სიმღერები.

მომღერალს, რომლის პოპულარობაც, დიდებულ ხმასთან ერთად, უთუოდ მშვენიერმა გარეგნობამ განაპირობა, მაორი წინაპრებიც ჰყავდა, ევროპელებთან ერთად. სხვათა შორის, კირი ტე კანავა არ იცნობს თავის ბიოლოგიურ მშობლებს. ის იშვილა წყვილმა, რომელსაც უკვე ჰყავდა საკუთარი შვილები და მათთან ერთად გაზარდა გოგონა. კირი ტე კანავა ყოველთვის დიდი სითბოთი და მადლიერებით იხსენებს დედობილსა და მამობილს.

„არაჩვეულებრივი მშობლები მყავდა. ამას სულ ვამბობ და ძალიან მადლიერი ვარ“, - თქვა კირი ტე კანავამ ინტერვიუში, რომელიც შარშან დეკემბერში ჩაწერა ბი-ბი-სიმ (ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციამ). ეს იყო ხანგრძლივი საუბარი ცნობილ პროგრამა „ჰარდ ტოკში“, რომლის წამყვანმაც მომღერალს თავდაპირველად ჰკითხა, როგორ აღიქვამს თავის ნიჭს - იმად, რაც დაბადებიდანვე ჰქონდა, თუ რასაც შრომით მიაღწია? „მართლაც მეგონა, რომ დაბადებიდანვე რაღაც ნიჭით ვიყავი დაჯილდოებული, თუმცა ის განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე მე მქონდა წარმოდგენილი“, - მიუგო ჟურნალისტს პასუხად მომღერალმა და განაგრძო: „ მაგრამ ვფიქრობ, სწორად არის ნათქვამი, რომ რაც მეტს მუშაობ, მით უკეთესი ხდები. და ახლა, როცა ოთხი ათწლეული გავიდა და უკან ვიხედები ხოლმე, ვფიქრობ - ღმერთო ჩემო, რა წარმოუდგენლად დიდი შრომა იყო! მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ამის შესაძლებლობა მომცა. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს შრომა, რაც უნდა მძიმე ყოფილიყო, ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა. ის მართლაც სიამოვნება იყო ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი, როცა გაციებული ვიყავი, გრიპიანი, ხმის, ან ყელის პრობლემები მქონდა და რამენაირად უნდა გამეძლო მთელი წარმოდგენისთვის. უკან ვიხედები და ვფიქრობ - მაინც როგორ გამიმართლა!“

კირი ტე კანავას სახელი გაუთქვა პარტიებმა მოცარტისა და რიხარდ შტრაუსის, ვერდისა და პუჩინის ოპერებიდან. საოპერო საშემსრულებლო კარიერის ორი წლის წინ დასრულებამდე, ახალზელანდიელი სოპრანო ყველა წამყვან სცენაზე გამოდიოდა - ლა სკალაში, ზალცბურგში, პარიზის ოპერაში, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენში, ლონდონის კოვენტ-გარდენში.

ოპერის რიგითი მოყვარულებისაგან განსხვავებით, მუსიკის კრიტიკოსები ყოველთვის კეთილგანწყობილი არ იყვნენ. მათთვის, ბუნებრივია, შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ კირი ტე კანავას რეპერტუარს მრავალფეროვნება აკლდა, რომ ის დიდხანს უნდებოდა ახალი პარტიის ათვისებას და სათანადოდ ვერ უმკლავდებოდა რთულ პერსონაჟებს. მაგრამ ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი აღიარებენ მის ხმის გამორჩეულობას. რამდენად კეთილხმოვანია კირი ტე კანავას ვოკალი, კარგად ჩანს პუჩინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არიით, „O mio babbino caro”.
XS
SM
MD
LG