Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 9 სექტემბერი, 2011


”ხელისუფლება საარჩევნო კოდექსისთვის ვერ იცლის”- პუბლიკაციაში, რომელსაც გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ ყველა დაპირებული ვადის ამოწურვის მიუხედავად, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტზე მუშაობა, სავარაუდოდ, არ განახლებულა. „რეზონანსის“ თანახმად, ოქტომბრის ბოლომდე საარჩევნო კოდექსის მიღების საკითხი უკვე დგას ეჭვქვეშ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპორექტი ერთთვიან საერთო-სახალხო განხილვაზე გატანას ითხოვს. ”რეზონანსი” ეჭვობს, რომ ცვლილებების პროექტი არც ვენეციის კომისიას გადაჰგზავნია. არაფერია ცნობილი ასევე სპეციალური კომისიების შექმნის შესახებ, რაც გაზეთს აძლევს იმ ეჭვის გამოთქმის საფუძველს, რომ, შესაძლოა, პარტიებს შორის შეთანხმებული საკითხების ისევ შეცვლა იგეგმებოდეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან გაზეთმა კომენტარის მოპოვება ვერ შეძლო. მათი მოსაზრების გარეშე აგრძელებს ”რეზონანსი” მსჯელობას კიდევ ერთ საკითხზე - ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი. კითხვა, დაუპირისპირდებიან თუ არა ერთმანეთს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და თბილისის მერი გიგი უგულავა, ბოლო დღეებში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „ვიკილიკსმა“ საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, ჯონ ტეფტის მიერ გაგზავნილი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ტეფტი წერს, რომ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი, შესაძლოა, სწორედ პარლამენტის ამჟამინდელი სპიკერი გახდეს. გაზეთი ”რეზონანსი” ამ საკითხზე პოლიტოლოგებსა და ოპოზიციის ლიდერებს ესაუბრა. მათგან ნაწილი თვლის, რომ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია და ჯერ მხოლოდ სპეკულაციას წარმოადგენს, ნაწილი კი ვარაუდობს, რომ ბაქრაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში ძალოვანთა კონფიგურაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ხოლო თუკი გიგი უგულავა გახდება პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა მინისტრად ნიკა რურუას დანიშნავს და მთლიანად შეცვლის ელიტას. „რეზონანსთან“ საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ თუ პრემიერ-მინისტრის პორტფელს მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს, მისთვის უფრო კომფორტული იქნება დავით ბაქრაძე, რომელიც გაწონასწორებული ადამიანია, ზომაგადასული ამბიციებით არ გამოირჩევა და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს არ იღებს.

„სახალხო კრება” ოქრუაშვილთან არ ითანამშრომლებს”, - უთხრა გაზეთ ”ახალ თაობას” ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელმა გიორგი კობახიძემ, რომელიც ღიმილისმომგვრელს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ქართული პარტია“ და „სახალხო კრება“ სექტემბრის ბოლოდან ერთობლივ ნაბიჯებს გადადგამენ და ერთიანი გეგმით იბრძოლებენ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ. ” ყველაზე უფრო მტკივნეული და მძიმე დარტყმა ვინც მიაყენა ჩვენს ბრძოლას, ეს იყო ”ქართული პარტია” და ამან შედეგად მოიტანა არა მარტო ის, რომ კრებას პრობლემები შეექმნა, არამედ თვითონ „ქართული პარტიაც“ დაიშალა. ამის შემდეგ მე ძალიან გამიჭირდება პერსპექტივები დავინახო კიწმარიშვილ-ოქრუაშვილის ტანდემთან, პოლიტიკური მომავლის კუთხით”, განუცხადა ”ახალ თაობას” ”სახალხო კრების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კობახიძემ.

სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამინისტრო საგანგებო რეჟიმზე გადადის, იუწყება ასევე ”ახალი თაობა”. პუბლიკაციის თანახმად, თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაძაბულობა მატულობს. სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა კოკოითის დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა ელდარ თედეევმა, თუ როგორ შესთავაზეს მას კოკოითის ოპონენტის ჯამბოლატ თედეევისა და თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი განათლების მინისტრის, ალა ჯიოევას ლიკვიდაცია. „ახალი თაობის“ თანახმად, კოკოითის უშიშროების სამინისტრომ ამ აღიარების უარყოფის მიზნით გაავრცელა განცხადება, რომ მთელი რიგი ოპოზიციური პარტიები ბოლო დროს ხელისუფლების კომპრომეტირების მიზნით ”სენსაციურ” მასალებს აქვეყნებენ. „ახალი თაობა“ იუწყება, რომ დე ფაქტო სამინისტრო პროვოკატორებს კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ჰპირდება და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
XS
SM
MD
LG