Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 12 სექტემბერი, 2011


მიმოხილვას ”მთელი კვირით” დავიწყებთ, რომელიც დღეს უბრუნდება ქსნის N15 საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრების ცემის შესახებ ინფორმაციას. ”პატიმრების ცემის ფაქტი ქსნის N15 დაწესებულებაში ომბუდსმენმაც დაადასტურა”, - წერს გაზეთი და ამატებს: ”სახალხო დამცველი დირექტორ ლევან ლეჟავას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას დიდი ხანია ითხოვს, მაგრამ ის ჯერაც ქსნის N15 საპყრობილის დირექტორიაო.”

”კვირის პალიტრა” წერს, ახალი წლიდან სამარშრუტო ტაქსები შესაძლოა ერთ ლარამდე გაძვირდესო. გაზეთი ამას მიკროავტობუსების მძღოლების ცნობებზე დაყრდნობით წერს. ახალ სამარშრუტო ტაქსზე მუშაობა არამომგებიანია, რადგან შემოსავალი ხარჯებს ძლივს ფარავსო, - უთქვამთ მათ. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სამარშრუტო ტაქსების მფლობელი კომპანია ყველაზე დიდ იმედებს, შემოსავლის მიღების თვალსაზრისით, სწავლის დაწყების პერიოდზე ამყარებს, მაგრამ მთავარ კონკურენტად მუნიციპალურ ტრანსპორტს, ე.წ. ყვითელ ავტობუსებს მიიჩნევს.

”ახალ თაობაში” წაიკითხავთ ინტერვიუს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ, "ეროვნული ფორუმის" წევრ ნოდარ ჯავახიშვილთან. ის პენსიებზე ლაპარაკობს და ამბობს, "ეს არ არის მომატება, პრეზიდენტი, უბრალოდ, "აბოლებს" საზოგადოებას.” ნოდარ ჯავახიშვილი განაგრძობს: ”სარეკლამო რგოლებში გაშარჟებულია შევარდნაძის პერიოდი, თითქოს შევარდნაძის ლეკვი არ იყოს სააკაშვილი და მის პოლიტიკას არ აგრძელებდეს ყველა მიმართულებით... თუ მეხსიერება არ მღალატობს, 14 ლარი კი არ იყო, ბოლოს 37 ლარი იყო პენსია. 12-15 წლის წინანდელი ფასებით, 37 ლარით გაცილებით მეტი პროდუქციის შეძენა შეიძლებოდა, ვიდრე დღევანდელი 100 ლარით. ის ინფლაციის კომპენსაციადაც არ გამოდგება, მატებაზე საუბარი არ არისო.

”კვირის ქრონიკა” და ”ასავალ-დასავალი” კი კვლავინდებურად იმის გამოაშკარავებას ცდილობენ, თუ ვინ არის მოღალატე წმინდა სინოდში და ვინ არა. მათი პირველი გვერდების დიდი ნაწილი სწორედ ამის განხილვას ეძღვნება. ”კვირის ქრონიკა” კითხულობს, რომელ ეპისკოპოსებს გამოუყვეს თანხები ჯიპების საყიდლად და რეზიდენციების მოსაწყობადო”. „ასავალ-დასავალი“ კი წერს, ფრთხილად, წმინდა სინოდში მიშას მარგალიტიაო და ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს ასახელებს - ერისკაცობაში შოთა მარგალიტაშვილს, რომელსაც პრეზიდენტისათვის ლექსი მიუძღვნია, სადაც ასეთი სიტყვებია: „იღვაწე ერისთვის, ქვყნისთვის აენთე, დაგჭირდეს, დაღვარე სისხლიც!“ - ამ და არაერთ სხვა პუბლიკაციას სასულიერო პირებზე ”ასავალ-დასავალში” წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG