Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავ ეკონომიკური კრიზისის შესახებ


მადრიდის ერთ–ერთი პიცერიის ვიტრინაზე გადახაზული ევრომონეტა გამოსახეს
მადრიდის ერთ–ერთი პიცერიის ვიტრინაზე გადახაზული ევრომონეტა გამოსახეს
ევროს მოქმედების ზონის ქვეყნებში შექმნილი კრიზისი და მისი გაღრმავების საფრთხე დღევანდელი ევროპისთვის უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს.

ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ევროს მოქმედების ზონის ქვეყნებს ბრალი დასდო, რომ ისინი საკმარისს არ აკეთებენ დავალიანების კრიზისთან საბრძოლველად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი კი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე გამოვიდა მოწოდებით გაფართოვდეს ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდი, რომელსაც ევროს მოქმედების ზონის ქვეყნები აფინანსებენ დავალიანების კრიზისთან ბრძოლის მიზნით.

სამშაბათს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, გერმანია ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის - საბერძნეთის - მიმართ ბაზრების ნდობა აღდგესო.
საბერძნეთის წინააღმდეგ მიმართული ქრონიკული კრიტიკა დიდ იმედგაცრუებას იწვევს, იმედგაცრუებას არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე...

მერკელი ამ განცხადებით მრეწველთა შეხვედრაზე გამოვიდა, რომელსაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გეორგ პაპანდრეუც ესწრებოდა. მისი თქმით, ის ცალსახად დადებითად აფასებს ათენის მიერ გატარებულ სტრუქტურულ რეფორმებს, თუმცა მერკელმა იქვე დასძინა, რომ გერმანია მონაწილეობას აღარ მიიღებს ეკონომიკის მასტიმულირებელ პროგრამებში, რომლებიც მოთხოვნილების გაზრდის მიზნით ტარდება.

თავის მხრივ, პაპანდრეუმ მადლობა გადაუხადა გერმანელ ბიზნესმენებს - მათ საბერძნეთში ინვესტირებისკენ მოუწოდა და განაცხადა, ჩემს ქვეყანას „დიდი პოტენციალი“ აქვსო:

„საბერძნეთის წინააღმდეგ მიმართული ქრონიკული კრიტიკა დიდ იმედგაცრუებას იწვევს, იმედგაცრუებას არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, სადაც, ღრმა რეცესიის მიუხედავად, უდიდესი ძალისხმევა ხმარდება აუცილებელი გეგმის განხორციელებას, არამედ იმედგაცრუებას ბერძნებში, რომლებიც მტკივნეული მსხვერპლის ფასად ახორციელებენ რთულ ცვლილებებს.“

მიმდინარე კვირაში გერმანიის პარლამენტმა მნიშვნელოვანი კენჭისყრა უნდა გამართოს - უნდა გადაწყვიტოს, გაზარდოს თუ არა ევროზონის დახმარების ფონდი, ანუ ევროპის ფინანსური სტაბილურობის მექანიზმი, რომლის მაქსიმალური მოცულობა 440 მილიარდი ევროთია განსაზღვრული. ასეთი მოწოდებით, როგორც უკვე ვთქვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი გამოვიდა. ასეთივე კენჭისყრა უნდა გაიმართოს ფინეთში და სხვა ქვეყნებშიც. თუმცა რა შედეგით დამთავრდება დისკუსია, ძნელი სათქმელია. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ სამშაბათს უკვე განაცხადა, ფონდის გაზრდა „სულელური აზრიაო“.

ევროპაში ექსპერტები და ჟურნალისტები აცხადებენ, რომ პრობლემა ძალიან მწვავეა და რომ აუცილებელია ევროპის საბანკო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენა.

იტალიაში გამომავალი ბიზნეს-გაზეთი „ილ სოლე ვენტიკვატრე ორე“ სამშაბათის ნომერში წერს, მართალია, აშშ-ის და ჩინეთის წარმომადგენლები ევროპელ პოლიტიკოსებს ევროპის ფინანსური სტაბილურობის მექანიზმის გაფართოებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ მზარდი არასტაბილურობის პირობებში ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ევროპის საბანკო სისტემის მიმართ აღდგეს ნდობაო.

ევროპაში ერთიანი ფინანსური პოლიტიკის გატარების ინიციატივით გამოდის გერმანიაში გამომავალი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“. გაზეთში ვკითხულობთ, რომ ახალი წინადადებების თანახმად, ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდს შესაძლებლობა უნდა მიეცეს შეუზღუდავად ისესხოს ფული ევროპის ცენტრალური ბანკისგან. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფოს დეფიციტს ფულის დაბეჭდვის გზით შეავსებენო, წერს ეს მემარცხენე-ლიბერალური გამოცემა და დასძენს: „ევროს მოქმედების ქვეყნებისთვის ცენტრალური ბანკი თუ მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება, ეს ინფლაციას გამოიწვევს. აუცილებელი არ არის, ამან სამომხმარებლო საქონელზე მოიტანოს ფასების ზრდა. მაგრამ ახალი სპეკულაციური ბუშტები ნამდვილად გაჩნდება - გაიზრდება ფასები უსაფრთხოების მომსახურებასა და უძრავ ქონებაზე. აშშ და მისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი ფედერალური რეზერვი წარმოადგენენ დამთრგუნველ მაგალითს იმისა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ მოქმედებას. ევროპის ცენტრალური ბანკი მხოლოდ და მხოლოდ სახანძრო ბრიგადის ფუნქციებზე უნდა დათანხმდეს და ისიც მხოლოდ დროის გარკვეულ პერიოდში და მკაცრი პირობებით, ამის სანაცვლოდ კი ევროს მოქმედების ზონის ქვეყნებისგან უნდა მოითხოვოს ერთიანი ფისკალური პოლიტიკის შემუშავება და დეფიციტის მხრივ არასწორად მოქმედი ქვეყნებისთვის ავტომატური სანქციების ამოქმედება. ერთობლივად, ევროს მოქმედების ზონის ქვეყნებში მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე აშშ-ში, მაგრამ მათ მიერ ცალ-ცალკე გადადგმული ნაბიჯები ევროს მოქმედების ზონას ასუსტებს“, - ვკითხულობთ „ზიუდდოიჩე ცაიტუნგის“ ფურცლებზე სამშაბათს.

საფრანგეთის „მონდის“ ბლოგ-პოსტში კი ავტორი - ეკონომისტი ჟორჟ უგე - წერს, ევროკავშირმა თვითონ უნდა იხსნას საკუთარი თავიო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც შაბათ-კვირას ვაშინგტონში გაიმართა, მსოფლიოს ეკონომიკურმა ძალებმა განაცხადეს, რომ კრიზისს ერთობლივად უპირისპირდებიან. მაგრამ, ავტორის აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდ ძალისხმევას ვერ გაიღებენ ევროპის გადასარჩენად. „მნიშვნელოვანი, მსოფლიო ასპარეზზე სულ უფრო მეტი გავლენის მქონე ქვეყნების განცხადებები ეჭვებს ნაკლებად ტოვებს იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ვითარებას. მათ სწორად მიაჩნიათ, რომ ევროპას შეუძლია თავისი პრობლემები საერთაშორისო ჩარევის გარეშე გადაჭრას“, - წერს ავტორი და განაგრძობს: „ამდენად, მათი მხარდაჭერის იმედი არ შეიძლება გვქონდეს. ასევე, ვერც საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოვთხოვთ ევროკავშირის მხარდასაჭერად მასშტაბური ინვესტიციები გაიღოს. ... ევროპა კრიზისშია და პრობლემას თავად ევროპელებმა უნდა მიხედონ. ევროპას ვერავინ დაიხსნის - მაშინაც კი, თუკი აქა-იქ გარკვეულ დახმარებას სთავაზობენ ხოლმე. დიდ ოცეულს, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებები უფრო მიზნების დეკლარირებაა, ვიდრე ჭეშმარიტი მოტივაციის გამოხატულება“, - წერს ეკონომისტი ჟორჟ უგე თავის ბლოგში, გაზეთ „მონდის“ საიტზე.
XS
SM
MD
LG