Accessibility links

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია სამ ქალს მიანიჭეს


ლიბერიის პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სერლიფი, ლიბერიაში დაბადებული მშვიდობის მოძრაობის აქტივისტი ლეიმა გბოვი და იემენელი უფლებადამცავი ტავაკულ კარმანი

ლიბერიის პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სერლიფი, ლიბერიაში დაბადებული მშვიდობის მოძრაობის აქტივისტი ლეიმა გბოვი და იემენელი უფლებადამცავი ტავაკულ კარმანი

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 2011 წლის ლაურეატი სამი ქალი გახდა. მათ პრემია მიენიჭათ კონფლიქტების განმუხტვასა და მსოფლიოში ქალების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტმა პარასკევს გამოაცხადა ამ სამი ქალის ვინაობა. ესენი არიან ლიბერიის პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სერლიფი, ლიბერიაში დაბადებული მშვიდობის მოძრაობის აქტივისტი ლეიმა გბოვი და იემენელი უფლებადამცავი ტავაკულ კარმანი. ოფიციალურ ტექსტში წაიკითხავთ, რომ ისინი დააფასეს „ქალების უსაფრთხოებისა და ქალების უფლებებისთვის არაძალადობრივი ბრძოლისა და სამშვიდობო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის გამო“. ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ თორბიორნ იაგლანდმა გამოაცხადა ლაურეატების ვინაობა:

„ნორვეგიის ნობელის კომიტეტი იმედს გამოთქვამს, რომ ელენ-ჯონსონ სერლიფის, ლეიმა გბოვისა და ტავაკულ კარმანისთვის პრემიის მინიჭება ხელს შეუწყობს ქალების, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებული, ჩაგვრის დასრულებას. ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიისა და მშვიდობისთვის იმ დიდი პოტენციალის რეალიზებას, რომელსაც ქალები შეიძლება წარმოადგენდნენ.“
ტავაკულ კარმანმა სიმამაცე გამოიჩინა რევოლუციის დაწყებამდე ბევრად უფრო ადრე. მრავალი წლის წინ ის წინ აღუდგა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტარულ და ავტოკრატიულ რეჟიმს...

იაგლანდმა ხოტბა შეასხა ჯონსონ-სერლიფის საქმიანობას იმ მიმართულებით, რომ მოეტანა მშვიდობა თავისი ქვეყნისთვის და წვლილი შეეტანა სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობის განვითარებაში მას მერე, რაც ის ლიბერიის პრეზიდენტი გახდა. იაგლანდმა ილაპარაკა მეორე ლაურეატზე, გბოვიზე, რომლის ღვაწლი დიდია ლიბერიასა და დასავლეთ აფრიკაში მშვიდობის დამყარების საქმეში. იაგლანდმა აღნიშნა, რომ იემენელი ქალის, კარმანისთვის პრემიის მინიჭება ხაზს უსვამს ნობელის კომიტეტის თვალსაზრისს, რომ ქალების ჩაგვრა არაბულ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მან თქვა, რომ „არაბულ გაზაფხულად“ წოდებულ ამბოხამდე ბევრად უფრო ადრე იბრძოდა კარმანი უფლებების დაცვისთვის. იაგლანდმა შეკითხვაზე, თუ რატომ არ დაასახელეს „არაბული გაზაფხულის“ მონაწილე სხვა აქტივისტები, ასე უპასუხა:

„ტავაკულ კარმანმა სიმამაცე გამოიჩინა რევოლუციის დაწყებამდე ბევრად უფრო ადრე. მრავალი წლის წინ ის წინ აღუდგა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტარულ და ავტოკრატიულ რეჟიმს. ნობელის პრემიას ასე უბრალოდ ვერ მიიღებ. მე დიდად ვაფასებ ბლოგერებს, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ მათ, ვინც სიმამაცე გამოიჩინა უფრო ადრე - მანამ, სანამ მსოფლიო მედია იქ ჩავიდოდა და ცნობებს გაავრცელებდა.“

იემენის რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში კარმანი აქტიურად არის ჩართული, ის ერთი-ერთი ლიდერია საპროტესტო მოძრაობისა. მას რეჟიმის შეიარაღებული მომხრეები თავსაც კი დაესხნენ. თვითონ კარმანი მშვიდობიანი ბრძოლის, მაჰათმა განდის და მარტინ ლუთერ კინგის, ასევე ნელსონ მანდელას ტაქტიკის მიმდევარია. ნობელის პრემიის მინიჭების თაობაზე მან თქვა, რომ ის პრემიას იემენის რევოლუციის ახალგაზრდა მონაწილეებს და იემენის ხალხს უძღვნის.

10 დეკემბერს უკვე ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართება ოსლოში, სადაც სამივე ლაურეატი ქალი მიიღებს სიგელებს, ოქროს მედლებს. ფულად პრიზს - მილიონ ოთხას ოთხმოცი ათას დოლარს -ისინი თანაბრად გაინაწილებენ.
XS
SM
MD
LG