Accessibility links

logo-print
სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დედამიწის მოსახლეობის თითქმის მეათედ ნაწილს შეადგენენ. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები უმეტეს ქვეყნებში უმცირესობაში იმყოფებიან - მათი უფლებები უმრავლესობის მხრიდან, როგორც წესი, იგნორირებულია. დროთა განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჯგუფებმა თავად დაიწყეს ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად. ამ ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარებაა. ამ თემას მიეძღვნა დისკუსია, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ფონდ ”თანადგომის” ოფისში გამართა.
მნიშვნელოვანია დღევანდელი სასწავლო გეგმა, სადაც ინკლუზიურ განვითარებას ცალკე თავი მიეძღვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებთან აღარ გვჭირდება ბრძოლა ...

2009 წელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და ნორვეგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში ხელი მოაწერეს პროექტს ”ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 10 რეგიონის საჯარო სკოლებში”. სამწლიანი (2009-2011) პროექტით დაგეგმილი იყო სკოლებში შესაბამისი ფიზიკური გარემოსა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა რეგისტრაცია, შეფასება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შექმნა; სკოლის პედაგოგების, ადმინისტრაციისა და სპეციალისტების პროფესიული განვითარება. ინკლუზიური განათლება დაინერგა, წარმატებებიც მიღწეულია, თუმცა პრობლემებს რა დალევს... ის საათნახევარი, რომელიც დისკუსიისთვის გამოიყო ფონდ ”თანადგომის” ოფისში, ნამდვილად არ იქნებოდა საკმარისი საქართველოში ინკლუზიური განათლების დონეზე სასაუბროდ... მაგრამ განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების კოორდინატორის, ეროვნული სასწავლო ცენტრის წარმომადგენლის თათია პაჭკორიას თქმით, მთავარი ამ საქმეში უკვე მიღწეულია.

”მნიშვნელოვანია დღევანდელი სასწავლო გეგმა, სადაც ინკლუზიურ განვითარებას ცალკე თავი მიეძღვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებთან აღარ გვჭირდება ბრძოლა და რაღაცების მტკიცება - ეროვნულ სასწავლო გეგმას ხომ კანონის ძალა აქვს. აქ ხაზგასმულია, რომ პროგრამა გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო სისტემის საჭიროების ბავშვებს”, -აღნიშნა თათია პაჭკორიამ.
პირველად, როცა ინკლუზიური განათლების პრობლემებზე მუშაობა დავიწყე, შიში მქონდა იმის, რომ არ ვიყავი კომპეტენტური...

არადა, დისკუსიაზეც ითქვა, ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ და მოსახლეობას ვკითხოთ, რას ნიშნავს ინკლუზიური განათლება, უმრავლესობა პასუხს ვერ გაგვცემსო. და საქმე მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობის უცოდინრობაში არ არის - ქართული საზოგადოება კვლავაც ძალიანაა გამიჯნული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისგან... ამის მიზეზი ისიცაა, რომ ინვალიდებად წოდებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები - განსაკუთრებით ბავშვები - არ იყვნენ ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებასთან, ისინი გარეთ არ გამოჰყავდათ. კულტურული ცენტრის, ”თანადგომის” ხელმძღვანელი ნანა გეგელაშვილი იხსენებს, როგორ ჩაერთო ის ინკლუზიური განათლების დანერგვის ამ პროცესში:
ყველამ ვიცით, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ხშირად ყველაზე მეტად განიცდიან ძალადობას...

”პირველად, როცა ინკლუზიური განათლების პრობლემებზე მუშაობა დავიწყე, შიში მქონდა იმის, რომ არ ვიყავი კომპეტენტური. 15 წლის წინ, როცა პოლონეთში მკითხეს, რა ხდება ამ მიმართულებითო, ვუპასუხე, საქართველოში ძალიან ცოტაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი-მეთქი, საერთოდ არ არის-მეთქი.”

ნანა გეგელაშვილი ამბობს, რომ პროექტის წარმატებით განხორციელება მშობლების აქტიურობას მოითხოვს. თუმცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრაცია მთლიანად საზოგადოების პრობლემაა. ანა არგანაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ხდება ზუსტად სკოლეში, როცა ბავშვები მარტონი რჩებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანატოლებთან ერთად:

”ხაზი მინდა გავუსვა, რომ ინკლუზივის გარდა, სკოლებში სხვა უამრავი პრობლემაა - მაგალითად, ბავშვთა ძალადობის პრობლემა, და ყველამ ვიცით, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ხშირად ყველაზე მეტად განიცდიან ძალადობას. რამდემად არიან ისინი დაცულნი? ხომ არ დასცინიან, აბუჩად ხომ არ იგდებენ მათ? საერთოდ, უღირთ თუ არა ბავშვებს იმ სკოლაში სიარული, სადაც არც ვიცით, როგორ ექცევიან?“

ფონდ ”თანადგომის” ოფისში გამართულ დისკუსიას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები დაესწრნენ. ისინი ამბობენ, რომ ინკლუზიური განათლების პროგრამა ჯერ კიდევ ცუდად მუშაობს და პირველ რიგში იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ დამოკიდებულების პრობლემა, ემპათიის დეფიციტის პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება ქართულ საზოგადოებაში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG