Accessibility links

logo-print

ომის 150 ვეტერანი სამსახურის გარეშე?


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის, “თავისუფალ ასოციაციათა კავშირის” ცნობით, მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ სამსახურიდან ომის 150 ვეტერანი დაითხოვა. ასოციაციის თანახმად, ოფიცრების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზია ის, რომ 20-25 წლის წინ მათ სამხედრო განათლება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის აკადემიაში მიიღეს.
ვეტერანთა კანონის შესაბამისად, შემცირება ვეტერანების არ შეიძლება...

სამსახურიდან დათხოვნის ფაქტსა და მიზეზებზე თავად ვეტერანები დროებით დუმილს ამჯობინებენ. მათი ნაწილი იმედოვნებს, რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის და შესაძლოა უმუშევრობას გადაურჩნენ. ”თავისუფალ ასოციაციათა კავშირის” ხელმძღვანელი ალექსანდრე შალამბერიძე კი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ოფიცრებმა მხოლოდ სიტყვიერი შეტყობინება მიიღეს და სათანადო დოკუმენტი, ბრძანების სახით, მათ ჯერჯერობით არა აქვთ. შესაბამისად, მათთვის უცნობია, რა კონკრეტული საბაბით დარჩნენ სამსახურის გარეშე:

”ვეტერანთა კანონის შესაბამისად, შემცირება ვეტერანების არ შეიძლება და ჩვენი მოთხოვნაა, რომ აღდგენილ იქნენ ეს ვეტერანები კანონის მუხლების შესაბამისად და დაბრუნდნენ სამსახურში. 150 ვეტერანია ასე განთავისუფლებული და მიგვაჩნია, რომ არის უკანონო.”

ალექსანდრე შალამბერიძის მოსაზრებას იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ვეტერანები ვეტერანებისათვის” წარმომადგენელი დავით დავითაშვილიც.

შეიარაღებულ ძალებში მომსახურე იმ პიროვნებების სამსახურებიდან გათავისუფლების პროცესი, რომლებმაც ჯარში სამსახური ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყეს და არიან სხვადასხვა ომების ვეტერანები, მართლაც მიმდინარეობს...
”თავდაცვის სამინისტროში რაც არ უნდა შემცირება მიმდინარეობდეს, კანონში ვეტერანთა შესახებ წერია, რომ უფლება არა აქვთ გათავისუფლებისა. ესე იგი, თუ შტატი მცირდება, ვალდებულნი არიან, გადაიყვანონ სხვა თანამდებობაზე.”

თავდაცვის სამინისტროდან ომის ვეტერანთა ჯგუფური დათხოვნის რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, თავის მხრივ, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის - ”არსენალის” - მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. იგი მიუთითებს ტენდენციაზე, რომლის მიხედვითაც, ვინც საბჭოთა დროს კადრის ოფიცერი იყო ან რუსულ საბჭოთა სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, მიუღებელია ქართული ჯარისთვის. ოფიცერთა სამსახურიდან გათავისუფლების ბოლო ფაქტზე მას ინფორმაცია არა აქვს და მიაჩნია, რომ თითოეული პირის საქმეს კონკრეტული შესწავლა სჭირდება. ზოგადი შეფასებით კი:

”შეიარაღებულ ძალებში მომსახურე იმ პიროვნებების სამსახურებიდან გათავისუფლების პროცესი, რომლებმაც ჯარში სამსახური ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყეს და არიან სხვადასხვა ომების ვეტერანები, მართლაც მიმდინარეობს. მე პირადად ვიცნობ რიგ პიროვნებებს, რომლებსაც აკლდათ პენსიაზე გასვლამდე რამდენიმე კვირა, თვე, ზოგს დღეც კი აკლდა და ისინი გაუშვეს სამსახურიდან. ანუ არ მისცეს საშუალება, რომ სამხედრო კარიერა ღირსეულად დაემთავრებინათ და აეღოთ შემდგომ პენსია.”

ვერც წარმოვიდგენ, რომ ახლა ეგეთი მითითება იყოს, რომ ვინც კი მაშინ მუშაობდა, ყველა ის იყოს გათავისუფლებული...
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ომის 150 ვეტერანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გადამოწმების საშუალება არ მოგვეცა. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში კი გვითხრეს, რომ ამ ფაქტის შესახებ არაფერი იციან.

”ვეტერანების წყენა მართლაც სამართლიანია სახელმწიფოსთან მიმართებაში, მათ ფინანსურ უზრუნველყოფაში, პენსიებში და ასე შემდეგ. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით ეს ინფორმაცია ჩემთვის უცნობია და გადავამოწმებ“, ამბობს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქრისტიან-დემოკრატი რატი მაისურაძე.

ამავე კომიტეტისა და უმრავლესობის წევრმა ხათუნა ოჩიაურმა კი გვიპასუხა, რომ ოფიცრების სამსახურიდან დათხოვნის ფაქტის გადამოწმება საკანონმდებლო ორგანოს მოვალეობა არ არის, მათი მასობრივი დათხოვნა კი ჭორს ჰგავს.

”არ გამიგია და, ალბათ, არის აბსოლუტური ჭორი. ვერც წარმოვიდგენ, რომ ახლა ეგეთი მითითება იყოს, რომ ვინც კი მაშინ მუშაობდა, ყველა ის იყოს გათავისუფლებული. რატომ? რა მიზეზი შეიძლება ამისი იყოს. სინამდვილეში რა ხდება, როგორ, რა რეორგანიზაცია თუ საკადრო ცვლილებები მიდის ან, თუნდაც, როტაცია - არ ვიცი, რაზეა ლაპარაკი. ეგ შეგიძლიათ გაიგოთ სამინისტროში, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი უშუალო საქმე.”

ხათუნა ოჩიაურის რჩევის მიუხედავად, ინფორმაციის მოპოვება თავდაცვის სამინისტროდან 14 ოქტომბერს შეუძლებელი აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG