Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 7 ნოემბერი, 2011


“ამერიკისა და რუსეთის ადმინისტრაციები გარიგდნენ? - ივანიშვილისა და ალასანიას კანდიდატურები დასავლეთთან შეთანხმებულია” - წერს დღევანდელი ”მთელი კვირა”. ”მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელიწადია დარჩენილი, საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე აღარ ეჭვობს, რომ სიტუაციის დრამატულად შეცვლა შესაძლებელია და 2012-2013 წლებში საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. სერიოზულად საუბრობენ იმის შესახებაც, რომ აშშ და რუსეთი პრაქტიკულად გარიგდნენ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს ბიძინა ივანიშვილი, ხოლო პრეზიდენტისას ირაკლი ალასანია დაიკავებს”. გაზეთი არ წერს, თუ ვინ საუბრობს სერიოზულად ამ გარიგების შესახებ, მაგრამ ამატებს: "ამ ხმების საფუძველს ის გარემოებაც იძლევა, რომ დასავლეთი უკვე ცალსახად და არაორაზროვნად უჭერს მხარს ძლიერი ოპოზიციური ცენტრის შექმნას საქართველოში და ამ თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მხარდაჭერით ხვდება.”

თავად ბიძინა ივანიშვილთან ვრცელ ინტერვიუს დღეს ”კვირის პალიტრა” აქვეყნებს. აქვე ნახავთ რამდენიმე ინტერვიუს ბიზნესმენის როლის შესახებ ქართულ პოლიტიკაში. ერთ-ერთია ინტერვიუ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერ გიორგი თარგამაძესთან. ის ამბობს, "ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა უკიდურესობაში არ გადავვარდეთ - 20 წელია ახალი კერპების შექმნისა და ძველის ნგრევის გარდა სხვა არაფერი გაგვიკეთებიაო", თუმცა ამატებს: "ოპოზიციურ ფლანგზე იმედგაცრუება სუფევდა, საზოგადოება ხედავდა, რომ ერთი-ორი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებდა ხელისუფლებასთან თანასწორ პაექრობას. სააკაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილ ვაკუუმში ვიღაც უნდა გამოჩენილიყო და გამოჩნდა ბატონი ივანიშვილი. ამიტომაც მის პოლიტიკაში შემოსვლას დადებითად ვაფასებთო.”

ისე, დღემდე აქტუალურია ბიძინა ივანიშვილის წინა კვირას ჩატარებული პრესკონფერენცია. მას სხვადასხვა გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუებში სრულიად განსხვავებული პოლიტიკოსები და კომენტატორები ეხებიან. ”ვერსია” აქვეყნებს მოსაზრებას, სათაურით ”სახედაჭყლეტილები და შეშინებულები”, რომლის ავტორიც ასეთ რამეს წერს: ”ივანიშვილის პრესკონფერენციამდე მეგონა, რომ ქვეყანას ნიჭიერი არამზადები მართავდნენ. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ საქართველო იდიოტი ნაძირლების ხელშია”.

ივანიშვილზე ამდენმა ლაპარაკმა უკანა პლანზე გადასწია სხვა პარტიებში მიმდინარე გადაჯგუფებები, თუმცა რამდენიმე გაზეთი მათ მაინც ეხება. ”კვირის ქრონიკა” წერს ”ქართულ პარტიაში” მიმდინარე პროცესებზე - 28-ე გვერდზე, მაგრამ მაინც. რა ხდება რეალურად „ქართულ პარტიაში“? - სტატიაში ლაპარაკია ოქრუაშვილის, კოტე გოგელიასა და სუბარის დაპირისპირების დეტალებზე. მთლად გასაგები ამ დაპირისპირების დეტალები არ არის, თუმცა კი კარგა ვრცელ სტატიაში ბევრია ყურმოკრული საუბრები იმაზე, თუ რას ყვიროდა ტელეფონში ოქრუაშვილი და რას ფიქრობს მიუნხენში სოზარ სუბარი.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG