Accessibility links

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების ბეჭდვა დაასრულა. სულ 52 ათასი ცალი ბიულეტენი დაიბეჭდა. ამ დროს, ცესკოს მონაცემებით, 34 ათასი ამომრჩეველია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში. ოპოზიცია ამ მონაცემსაც გადაჭარბებულად მიიჩნევს,ზედმეტი ბიულეტენების დაბეჭდვას კი არჩევნების გაყალბების მცდელობად აფასებს. მართალია, თითოეული ბიულეტენის უკანა მხარეს ბეჭედი და კომისიის ორი წარმომადგენლის ხელმოწერა უნდა დაფიქსირდეს, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატის წარმომადგენელი, რობერტ ბიაზროვი, ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ზედმეტ ბიულეტენებს ხმების დათვლის შემდეგ გამოიყენებენ და რეალურად სხვა შედეგს დადებენ.

ამასაობაში წინასაარჩეევნო კამპანია უკვე ურთიერთშეურაცხყოფაში გადავიდა. 17 კანდიდატიდან უმრავლესობა - მათ შორის, კოკოითის ხელისუფლებიდან გამოსული კანდიდატებიც - ამჟამინდელ ხელისუფლებას მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და ჩავარდნილი აღდგენითი სამუშაოების გამო აკრიტიკებს. კოკოითის კრიტიკას მისი ყოფილი მეგობრებიც აღარ ერიდებიან. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა კანდიდატების ქცევას ამორალური და მახინჯი ქმედება უწოდა და თვითონაც ჩაერთო მათ ლანძღვაში. კოკოითიმ დაგეგმილ არჩევნებს უკვე უწოდა ყველაზე სამარცხვინო, ზოგიერთ კანდიდატს კი -ამორალური წარსულის მქონე. ჩრდილოეთ ოსეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში მან კანდიდატების ნაწილი გარე ძალების მიერ მართულებად მოიხსენია.

ცხინვალში მიმდინარე საარჩევნო პროცესები პოლიტოლოგ დინა ალბოროვას არ მოსწონს. მისი აზრით, თუ არჩევნებზე ამორალური წარსულის მქონე პირები მოხვდნენ, ეს საარჩევნო კომისიის პასუხისმგებლობაა.

13 ნოემბერს დე ფაქტო რესპუბლიკაში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მასში მონაწილეობას 17 კანდიდატი იღებს, ოპოზიცია კი მათ მომხრეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ინტერნეტგამოცემა „უასამონგას“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი კანდიდატის - ალა ჯიოევას - მომხრეებს სასტიკად სცემეს. გამოცემა ნაცემი დიმიტრი სობაევის ფოტოსაც ავრცელებს - მას დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული.
XS
SM
MD
LG