Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აშშ-ის მარიონეტად მიიჩნევს გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელს


ირანის განცხადებით, გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი, იუკია ამანო არის შეერთებული შტატების მარიონეტი და გამოდის დოკუმენტებით, რომლებსაც მას ამერიკელი ოფიციალური პირები აძლევენ. ამ შინაარსის განცხადება ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში გააკეთა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გაეროს დოკუმენტის გამოქვეყნებამდე, რაც ოთხშაბათისთვისაა მოსალოდნელი. აჰმადინეჟადმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მიზნად არ ისახავს ბირთვული იარაღის შექმნას და რომ თეირანი არ აპირებს, უარი თქვას სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ეჰუდ ბარაკის ასევე დღევანდელი განცხადებით, ისრაელი კვლავაც საჭიროდ მიიჩნევს, რომ არ გამოირიცხოს ირანის ბირთვულ პროგრამაზე რეაგირების არც ერთი ზომა, მათ შორის არც სამხედრო ოპერაცია. როგორც ჩანს, ეჰუდ ბარაკის ამ განცხადებაზე საპასუხოდ, ირანის თავდაცვის მინისტრმა, აჰმად ვაჰიდიმ აღნიშნა, რომ ირანი მტკიცედ უპასუხებს ნებისმიერ დარტყმას. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი, ჩინეთი და საფრანგეთი გამოთქვამენ უარყოფით დამოკიდებულებას ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესაძლებლობის მიმართ.
XS
SM
MD
LG