Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს


ლონდონში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან. გავრცელებული ინფორმაციით, კემერონმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ის შეეხო აგრეთვე საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და გამოთქვა მათ მიმართ, ისევე როგორც ნატოში გაწევრიანებისაკენ საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა კამერონთან საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირა „ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსათვის საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით". სააკაშვილის განცხადებით, რუსეთთან ვმო–ზე „მართლაც ისტორიული“ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოში იმყოფებოდა ნატოს მაღალი რანგის დელეგაცია, რასაც მოჰყვა შეხვედრა საქართველოს „დიდ მეგობართან“, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან. ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობს საერთაშორისო დემოკრატიულ კავშირში შემავალი პარტიების ლიდერთა შეხვედრაში. ეს კავშირი აერთიანებს კონსერვატიულ, ქრისტიან–დემოკრატიულ და მსგავსი მსოფლმხედველობის მქონე პოლიტიკურ პარტიებს. წევრებს შორის არის საქართველოს ნაციონალური მოძრაობაც. საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის შეხვედრაში მონაწილეობენ აგრეთვე ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე. პარტია „ახალი მემარჯვენეები“ საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის ასოცირებული წევრია, ხოლო ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას დამკვირვებლის სტატუსი აქვს.
XS
SM
MD
LG