Accessibility links

ეგზიტ პოლი: რუსეთში მმართველი პარტია ხმათა 50 პროცენტზე ნაკლებით ლიდერობს


რუსეთის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული ეგზიტ-პოლის თანახმად, კენჭისყრაში პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მმართველი პარტია, ერთიანი რუსეთი იმარჯვებს, მისი მაჩვენებელი კი ხმათა 50 პროცენტზე ნაკლებია. სახელმწიფო კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად - რომლის შედეგები სახელმწიფო ტელევიზიითაც გადაიცა - ერთიანი რუსეთი სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის არჩევნებს ხმათა 48.5 პროცენტით მოიგებს. მაშინ, როცა 2007 წელს მას 64.3 პროცენტი ერგო. მეორე ადგილზე კომუნისტური პარტია გადის, ხმათა 19.8 პროცენტით. არჩევნებს თან ახლდა დამკვირვებლებზე ზეწოლა და ბრალდებები საარჩევნო დარღვევების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ლეონიდ ივლევმა განაცხადა, რომ ყველა საჩივარს გამოიძიებენ: „ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა საჩივარს განვიხილავთ. ამ პროცესში ჩაერთვებიან სამართალდამცავი ორგანოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, საგამოძიებო კომიტეტი. ყველა საჩივარი იქნება განხილული“ - განაცხადა მან. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტს, ვიტალი კამიშევს მოსკოვში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესვლის უფლება არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა მოქმედი აკრედიტაცა. შენობაში შესვლის აკრძალვის მიზეზები მისთვის არ განუმარტავთ. მასშტაბური დარღვევების შესახებ ჩიოდნენ კომუნისტური პარტია და ლიბერალური ორიენტაციის „იაბლოკო“. მათი თქმით, დამკვირვებლებს ნორმალური მუშაობის საშუალება არ ეძლეოდათ, დარღვევების მიზანს კი მმართველი პარტიის მაჩვენებლის გაუმჯობესება წარმოადგენდა. სააგენტო ასოშიეიტედ პრესის ცნობით, ვლადივოსტოკში ამომრჩევლებმა პოლიციას აცნობეს, რომ ერთიანი რუსეთის წარმომადგენლები მათ სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ ამომრჩევლებს უფასო საკვების დარიგებას პირდებოდნენ. პოლიციის და თვითმხილველვების განცხადებით, 180-მდე პირი დააკავეს სამ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე, რომლებიც მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გაიმართა. დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციის ლიდერები, სერგეი უდალცოვი და ედუარდ ლიმონოვი. რამდენიმე დამოუკიდებელ ვებსაიტზე კიბერ-შეტევა განხორციელდა და ისინი მწყობრიდან გამოვიდა. მათ შორის იყო ლიბერალური, კრემლის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამორჩეული რადიოსადგურის, ეხო მოსკვის საიტი. იერიში მიიტანეს ასევე რუსეთში მოქმედი ერთადერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფის, „გოლოსის“ საიტზეც. ამ ჯგუფმა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას 5,000-ზე მეტი დარღვევა აღრიცხა. 450 ადგილიან სახელმწიფო სათათბიროში მანდატების მოსაპოვებლად შვიდი პარტია იბრძოდა.
XS
SM
MD
LG