Accessibility links

logo-print

პუტინი აშშ-ს ადანაშაულებს საპროტესტო აქციების წაქეზებაში


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი აშშ-ს ადანაშაულებს საპარლამენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო აქციების წაქეზებაში. საქმე ეხება პუტინის პირველ გამოხმაურებას დემონსტრაციებზე, რომლებიც დაიწყო 4 დეკემბრის არჩევნების შემდეგ, ამ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა „სიგნალი მისცა“ ოპოზიციას. „მე ვნახე ჩვენი ამერიკელი პარტნიორების პირველი რეაქცია. პირველი, რაც გააკეთა სახელმწიფო მდივანმა, იყო დახასიათება, რომ არჩევნები არ ჩატარდა პატიოსნად და სამართლიანად - მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ არ ჰქონდა მიღებული ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მასალები. მან (კლინტონმა) ტონი მისცა ზოგ მოღვაწეს ჩვენს ქვეყანაში, მისცა სიგნალი! მათ ეს სიგნალი გაიგეს და, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით დაიწყეს აქტიური მუშაობა“, განაცხადა პუტინმა, რომელიც, სავარაუდოდ, მარტის არჩევნების შედეგად დაუბრუნდება რუსეთის პრეზიდენტის პოსტს. ასევე პუტინის თქმით, რუსების უმრავლესობას არ სურს, იხილოს ისეთი „ქაოსი“ რუსეთში, როგორიც უკრაინას და ყირგიზეთს დაატყდა. საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ნაკლებად მკვეთრი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც პრაღაში იმყოფება. ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მედვედევმა აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს დემონსტრაციებში“, რადგან ისინი დემოკრატიას ეკუთვნის. მაგრამ, დასძინა მედვედევმა, „ყველა აქცია უნდა ჩატარდეს საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში და რუსეთის კანონების შესაბამისად“. კვირის საპარლამენტო არჩევნებში ხმების თითქმის ნახევარი ერგო პუტინის პარტია „ერთიან რუსეთს“, თუმცა, წინა არჩევნებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ხმა. არჩევნების შემდგომი საპროტესტო აქციების მსვლელობაში, პოლიციამ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დააკავა ასობით ადამიანი. დემონსტრანტები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის ჰილარი კლინტონი, შეშფოთებას გამოთქვამენ არჩევნების გაყალბების ბრალდებების გამო.
XS
SM
MD
LG