Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაპეტ გრიგორიანცის ძველი თბილისი


გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა კარაპეტ გრიგორიანცის (1866–1943) წიგნი „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“, რომელიც ავტორისავე ნახატებითაა გაფორმებული. კარაპეტ გრიგორიანცი ფიროსმანის თანამედროვე მხატვარია, რომელიც ძირითად საქმიანობასთან ერთად მხატვრული და დოკუმენტური ტექსტების შექმნითაც იყო დაკავებული. კარაპეტ გრიგორიანცის პიესის, „ძმისმჭამელის“, ავლაბრის არაქსიანის თეატრში დადგმას დადებითად გამოეხმაურნენ იმ დროის ავტორიტეტული გამოცემები - „ივერია“ და „ცნობის ფურცელი“, თუმცა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გრიგორიანცის შემოქმედება დავიწყებას მიეცა. ამჟამად მისი ტექსტების დიდი ნაწილი დაკარგულად ითვლება, ნახატების მცირე კოლექცია კი საქართველოს მუზეუმებშია დაცული. ვინ იყო კარაპეტ გრიგორიანცი და რაზე მოგვითხრობს მისი „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“?
ძირითადად დავტოვეთ ისე, როგორც იყო, რადგანაც დროის დოკუმენტია, რომელშიც ავტორი ძალიან დეტალურად აღწერს თბილისის ყოფას...

კარაპეტ გრიგორიანცი ტფილისში არ დაბადებულა. მის მშობლებს განჯის გუბერნიის ყაზახის მაზრის სოფელ კულალიაში უცხოვრიათ. მომავალმა მხატვარმა, უფროს ძმებთან ერთად, ტფილისისკენ გეზი მშობლების გარდაცვალების შემდეგ აიღო. ერთი ხანობა ძმები ტფილისის გავლენიანი მოქალაქის არტემ იუზბაშევის მფარველობის ქვეშ იყვნენ, მოგვიანებით კი პატარა კარაპეტი უფროსმა ძმამ ქართული წერა-კითხვის შესასწავლად თელავში სომეხ მღვდელს მიაბარა. სწავლის დასრულების შემდეგ თელავშივე იდგა ბაზაზის დუქანში. სერგო კლდიაშვილი მხატვრის მცირე ბიოგრაფიაში, რომელიც „ძველი თბილისის დაუჯერებელ ამბებს“ აქვს წამძღვარებული, წერს: „რაკი კარაპეტა პატარაობიდანვე ხატვასა და ლექსების წერას მიზდევდა, ამის გამოთაც ყველანი იმის ხაზეინს ეუბნებოდნენ: „ამსუსია ეს ბავში რომ ვაჭრობაზედ არის მიბარებულიო“.

მომავალმა მხატვარმა ვაჭრობისგან თავი 1884 წელს დაიხსნა, როცა თბილისში გადავიდა და ხატვას მიჰყო ხელი. „კავკასიის კალენდრის“ 1899 წლის გამოცემაში მითითებულია მხატვრის გვარი და მისამართი: ტფილისი, აბას-აბადის მოედანი, თავად არღუთინსკი-დოლგორუკოვის სახლი. 1890 წელს კი ჯვრის მამის ქუჩაზე გაუხსნია საკუთარი სახელოსნო, რომელიც, თურმე, დიდძალ ხალხს იზიდავდა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფერწერის კოლექციის კურატორის იზოლდა ქურდაძის თქმით, კარაპეტ გრიგორიანცი ძირითადად პორტრეტებსა და ნატურმორტებს ხატავდა, მუზეუმში ინახება მხატვრის მიერ დამზადებული ერთი აბრაც.

„ეს არის აბრა, რომელსაც პირობითად ხრამული ჰქვია. თემატიკაში ასევე გვხვდება იმ დროის თბილისისათვის დამახასიათებელი ტიპაჟები: კინტოები, ჩარჩი და სხვა. მუშაობს ძირითადად დიქტზე ზეთით. გრაფიკული ნამუშევრები მას არ აქვს, მხოლოდ ფერწერა“. - იზოლდა ქურდაძის თქმით, სულ შემორჩენილია კარაპეტ გრიგორიანცის 40 ნამუშევარი: ერთი ნახატი ერევანში ინახება, ექვსი - საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში, ოცდაცამეტი კი - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომლის ინვენტარიზაციის წიგნის მიხედვით, ფერწერის ფონდში ნახატები თავად მხატვარს მიუტანია 1935 წელს.

იზოლდა ქურდაძე: „ეს რუსთაველია, ეს - თამარ მეფე, ეს კი კინტოს პორტრეტია! აქვეა მინაწერი: „1930 წ. К. Григорянц. Старый Тифлис“. ძველი ტფილისი“.
როცა საბჭოთა ხელისუფლება მოვიდა, რასაკვირველია, მისი ხელოვნება აღარავის აღარ აინტერესებდა და ძალიან დიდ გაჭირვებაში გარდაიცვალა......


ამგვარი ავტოგრაფი - „კარაპეტ გრიგორიანცი. ძველი ტფილისი“ - მხატვრის თითქმის ყველა ფერწერულ ტილოზე გვხვდება, თუმცა ცნობილია, რომ გრიგორიანცი ფერწერასთან ერთად ინტერიერის მოხატვითაც იყო დაკავებული. მხატვარ ივანე ვეფხვაძის მოგონებების მიხედვით, კარაპეტ გრიგორიანცს მოუხატავს ერევნის მოედნის მახლობლად, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სასადილო „სიმპატია“, სადაც ცნობილი ადამიანების პორტრეტები გამოუსახავს. კარაპეტ გრიგორიანცს ახსენებს იოსებ გრიშაშვილი „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“, ამასთან, ახსენებს არა როგორც მხატვარს, არამედ როგორც ლიტერატორსა და 1910 წელს გამოცემული ლექსების კრებულის ავტორსა და სომხურად „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელს.
ეს და სხვა წიგნებიც დაჰქონდა რედაქციებში და ითხოვდა გამოცემას, მაგრამ ვერავინ დააინტერესა

სერგო კლდიაშვილის გადმოცემით, გრიგორიანცი 12 წიგნის ავტორი ყოფილა, თუმცა ამჟამად მისი ტექსტები თითქმის მთლიანადაა დაკარგული, გამონაკლისი აღმოჩნდა „ძველი თბილისის დაუჯერებელი ამბები“, რომელიც, როგორც საქართველოს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე ვარაუდობს, ხელნაწერის სახით მუზეუმში მწერალ სერგო კლდიაშვილს შეუტანია შორეულ 1944 წელს:

„ძალიან უბრალოდ დაწერილი ტექსტია. შეიძლება ითქვას, რომ კარგად წერა-კითხვა არ იცოდა... თუმცა ტექსტი არ შეგვიცვლია, მხოლოდ და მხოლოდ სასვენი ნიშნები დავუმატეთ, რათა უკეთესად წასაკითხი გამხდარიყო. ძირითადად დავტოვეთ ისე, როგორც იყო, რადგანაც დროის დოკუმენტია, რომელშიც ავტორი ძალიან დეტალურად აღწერს თბილისის ყოფას. მსგავსი წიგნებით ქართველი მკითხველი დიდად განებივრებული არაა. განსაკუთრებულად ცუდადაა შესწავლილი ყოველდღიური ცხოვრება.“
ლაშა ბაქრაძე
ლაშა ბაქრაძე

ლაშა ბაქრაძის თქმით, „ძველი თბილისის დაუჯერებელი ამბები“ მნიშვნელოვანად გამოასწორებს ამ ხარვეზს. წიგნიდან მკითხველი შეიტყობს იმას, თუ როგორ იყო მოწყობილი სახლები ძველ თბილისში, როგორ ტანისამოსს ატარებდნენ თბილისელები, რა ვითარება იყო ქარხნებში, სად და როგორ ერთობოდნენ, როგორ სჯიდნენ დამნაშავეებს, რა იყიდებოდა ბაზრებში და ასე შემდეგ. წიგნში ასევე შესულია ამბები მეხის დაცემაზე, ბუხარის ემირის სტუმრობაზე თბილისში, გრიგორ არწრუნის შთამბეჭდავ დასაფლავებაზე, ავაზაკ წულუკიძის სიკვდილით დასჯაზე, მტკვრის ადიდებაზე, გველისგან ღვინის დაშხამვაზე და სხვა... – ყოველივე ამასთან ერთად, ავტორმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა საქმიანობაც აღწერა. ფრაგმენტი წიგნიდან:

„ფქვილის მოედნიდან დაწყობილი ვიდრე აბანოებავსიდინ, ქუჩების ორივე მხარეს მრავალი საროსკიპო სახლები იყო. ამ ქალებში მეტი წილი მაჰმადიანები იყო. სადაც პოლიციის მოხელენი არ არიან, ეჭვი არ არის, რომ ყველა ადამიანი თავის ნანდომს იზავს. იმ დროსაც სწორეთ ისე იყო, ყოველ საღამოთი საღებავებით გაგლესილი ქუჩის აქეთ იქით გამწკრივებული ისხდნენ ხოლმე და გამვლელ კაცებს სახლში ეპატიჟებოდნენ, ხშირად კაცების ქუდებს იტაცებდნენ და სახლში გარბოდნენ. უკეთუ ვისმეს შენიშნავდნენ, რომ ზედ ფული აქვს, მოკვლა და მტკვარში გადაგდებაც იმათი ხელობა იყო.“

ლაშა ბაქრაძე: „ეს კაცი თავისთავად იყო ძალიან საინტერესო ადამიანი. იყო, როგორც ჩვენში დღემდე ხმარობენ ამ სიტყვას, პრიმიტიული მხატვარი ფიროსმანის დროს, თუმცა თავის დროზე ფიროსმანზე უფრო წარმატებული იყო ფინანსური თვალსაზრისით, რადგანაც შედარებით მეტ შეკვეთას იღებდა... მაგრამ მერე, როცა საბჭოთა ხელისუფლება მოვიდა, რასაკვირველია, მისი ხელოვნება აღარავის აღარ აინტერესებდა და ძალიან დიდ გაჭირვებაში გარდაიცვალა. ეს და სხვა წიგნებიც დაჰქონდა რედაქციებში და ითხოვდა გამოცემას, მაგრამ ვერავინ დააინტერესა. გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს, უაღრესად დიდ გაჭირვებაში.“

ნახატების დიდი ნაწილისა და ტექსტების მსგავსად, დაკარგულად ითვლება კარაპეტ გრიგორიანცის საფლავიც. ამის შესახებ წერს ტელმან ზურაბიანი 1981 წელს გამოცემულ წიგნში „ბედნიერების ტალღები“. წიგნის მიხედვით, თვით ლადო გუდიაშვილს დაუჩივლია, ფიროსმანის მსგავსად, ძველი ტფილისის კიდევ ერთი თვითმყოფადი მხატვრის საფლავი დაგვეკარგაო.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG