Accessibility links

logo-print

უკრაინაში ბრალდება მოუხსნეს ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას


უკრაინაში სასამართლომ ბრალდება მოუხსნა ყოფილ პრეზიდენტს, ლეონიდ კუჩმას, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან კავშირში. ღონღაძე - უკრაინაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი - 2000 წლის სექტემბერში მოიტაცეს, რის შემდეგაც ის მოკლული იპოვეს კიევის მახლობლად, ტყეში. ღონღაძე ხშირად აკრიტიკებდა კუჩმას, უკრაინის პრეზიდენტს 1994-2005 წლებში. მარტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 72 წლის კუჩმას წინააღმდეგ, მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე. კუჩმა უარყოფს დანაშაულში რაიმე სახის მონაწილეობას. კუჩმას წინააღმდეგ აღძრული საქმე ემყარებოდა მისი ყოფილი მცველის, მიკოლა მელნიჩენკოს მიერ გაკეთებულ საიდუმლო ჩანაწერებს, რომლებიც თითქოს მიანიშნებდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა გასცა ღონღაძის მოკვლის დავალება. კიევის სასამართლოში დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, ჩანაწერი უკანონოდ გაკეთდა და ამის გამო არ შეიძლება მისი გამოყენება მტკიცებულებად. ღონღაძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე, სასჯელს უკვე იხდის ორი ყოფილი პოლიციელი. გარდა ამისა, მიმდინარეობს კიდევ ერთი ბრალდებულის, გენერალ ოლექსი პუკაჩის სასამართლო პროცესი.
XS
SM
MD
LG