Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა. 22 დეკემბერი, 2011

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი ”ახალი თაობა” გვემუქრება, ”შაშკინი სკოლებს ციხეებად გადააკეთებსო”. სტატიის ქვესათაურია - ”მოსწავლეებს სკოლა-პანსიონებში გამოკეტავენ, მშობლებს ათასი ლარით დააჯარიმებენ”. "პარლამენტში ისეთ კანონს იღებენ, რომელიც სკოლას ნამდვილ სადამსჯელო დაწესებულებად აქცევს. ცელქი მოსწავლეები ე.წ. გადამისამართებას დაექვემდებარებიან, რაც მათ სპეცსკოლაში თვეობით გამოკეტვას ნიშნავს. ბავშვების გარდა, სანქციები არც მშობლებს ასცდებათ - ისინი შესაძლოა ათასობით ლარით დააჯარიმონო”, - წერს გაზეთი და შემდეგ აშუქებს პარლამენტარ ჯონდი ბაღათურიას მიერ მოწვეულ შეხვედრას. გაზეთის ცნობით, ამ შეხვედრას უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ესწრებოდა, რომელიც ამბობს, „შესაძლოა სრულიად უდანაშაულო ბავშვი, სანამ სიმართლე გაირკვევა, რამდენიმე თვის განმავლობაში სულ ტყუილად ამყოფონ პანსიონში. ასევე ეს კანონი ლახავს საერთაშორისო კანონმდებლობას თუ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, რომელიც ოჯახის ერთიანობისკენაა მოწოდებული, აქ კი საუბარია ბავშვის ოჯახიდან მოცილებაზეო”.

”ალია” უბრუნდება პრესის ჯიხურებთან დაკავშირებულ ვითარებას და ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილ და დაფინანსებულ ორგანიზაციაზე, რომელიც არსებული გავრცელების სამსახურების დახმარებას და ჯიხურების ნაცვლად ალტერნატიული სამსახურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. "პლანეტა ფორტეს" ხელმძღვანელმა მერაბ ჩანჩალაშვილმა ”ალიას” უთხრა, ის, რაც მე შემომთავაზეს, ჩემთვის ჯერჯერობით მიუღებელიაო: „კრიკუნები“ რომ დადგებიან და 300 ლარი რომ იქნება ხელფასად დანიშნული, ვფიქრობ, ეს ნარკოტიკივით იმოქმედებს ამ სფეროზე; ახლავე ვიტყვი, 300 ლარს მე ვერ გადავუხდი და ჩემი გამყიდველიც ხომ იქით გაიქცევა, - ამაში ვხედავ საშიშროებასო”.

”რეზონანსი” კი გვპირდება, რომ გვიამბობს, თუ რა უთხრეს ელჩებს დახურულ შეხვდერაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, და ამ პირობას ნაწილობრივ ასრულებს: სტატიაში მოყვანილია "ქართული ოცნების" იურიდიული ჯგუფის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარი ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, თუმცა ელჩების კომენტარები გაზეთში არ არის მოყვანილი. ზაქარია ქუცნაშვილმა ”რეზონანსს” უთხრა, იყო რამდენიმე შეკითხვა დიპლომატების მხრიდან, მაგრამ თავს შევიკავებდი მათი შეკითხვების დასახელებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ დიპლომატებთან შეხვედრა დახურული იყო და არ დავარღვევ ეთიკის ნორმებსო.
XS
SM
MD
LG