Accessibility links

logo-print
უფლებადამცველთა შეფასებით, წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები სასჯელაღსრულების სისტემაში ირღვეოდა. საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებდამცველები საუბრობდნენ სასამართლო გადაწყვეტილებების შერჩევითობაზე, თუმცა, როდესაც უფლებადამცველებს წლის განმავლობაში ყველაზე თვალსაჩინო უფლებადარღვევების შესახებ ვეკითხებით, მათ 26 მაისის ღამით „სახალხო კრების“ და 3 იანვარს ვეტერანთა აქციების დაშლა ახსენდებათ. რა ვითარება იყო 2011 წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, რა ძირითადი უფლებები ირღვეოდა და რა სფეროებში გაუმჯობესდა ამ თვალსაზრისით მდგომარეობა?

გასული წელი სხვადასხვა მოთხოვნით ჩატარებული საპროტესტო აქციებით იყო დატვირთული. მათი ნაწილი მშვიდობიანად იშლებოდა, - ისე როგორც დევნილთა რამდენიმე აქცია, ადვოკატების, ექიმების, მეტალურგების და მაღაროელების აქციები, -ნაწილს კი პოლიცია ძალის გამოყენებით შლიდა. 3 იანვარს საქართველოს ტერიტორიული მთლინობისთვის დაღუპულთა მემორიალთან მიმდინარე 8 დღიანი შიმშილობის აქცია, რომელსაც 90-იან წლებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანები მართავდნენ, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილე ვეტერანებს 2 მოთხოვნა ჰქონდათ - დასაქმება და მინიმალური ყურადღება. ვეტერანები ამბობდნენ, რომ მათი აქცია გმირთა მოედანზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსკორტის ჩავლიდან ერთ საათში დაშალეს: ვეტერანების შიმშილობის აქცია საახალწლო განწყობას აუფერულებდა.
დამოუკიდებლობის დღის შემდეგ აქციის დაშლის დროს ჩადენილი ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად ...

ყველაზე მასშტაბური მაინც 26 მაისის ღამით „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქციის დაშლა იყო. ოფიციალური ინფორმაციით, ეს იყო აქცია, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად დასრულდა მსხვერპლით - მსხვერპლი იყო როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე სამართალდამცავთა მხრიდან. აქციის დაშლიდან მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უფლებადამცველები უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებდნენ. სახალხო დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები სპეციალურ განცხადებებს ავრცელებდნენ. 26 მაისს დაზარალდნენ ჟურნალისტებიც. მათ სარჩელს სასამართლო რამდენიმე თვის განმავლობაში იხილავდა და, საბოლოოდ, ჟურნალისტთა სასარგებლო განაჩენი გამოვიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო თანამდებობიდან გათავისუფლდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი. თუმცა აქციის დაშლის შესახებ კითხვები ჯერ კიდევ რჩება, მათ შორის კითხვები აქვს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს ჯონ ბასს, რომელმაც 9 დეკემბერს რადიო თავისუფლებას უთხრა:

”დამოუკიდებლობის დღის შემდეგ აქციის დაშლის დროს ჩადენილი ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად. მოვუწოდებთ მთავრობას გამოძიება ჩაატაროს. ჩვენ გვარწმუნებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს და დასრულდეს, ხოლო ის პირები, რომლებიც დამნაშავეები იყვნენ, - თუ ასეთებად დადგინდებიან, - იყვნენ ანგარიშვალდებულნი და ეს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ.”

სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის განცხადებით, წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ირღვეოდა. ომბუდსმენის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში 2011 წლის პირველ ნახევარში სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს ასახავს. ანგარიშის მიხედვით, კვლავ გაზრდილია პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი და კვლავ აქვს ადგილი პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ანგარიშის მიხედვით, ცალკეული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, პატიმრებისთვის კვლავ მიუწვდომელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, რასაც უფლებათა დამცველები სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის უმთავრეს მიზეზად მიიჩნევენ. სახალხო დამცველის თქმით, საგანგაშოა ის, რომ 2010 წლის პირველ ნახევარში 56 პატიმარია გარდაცვლილი, 2011 წლის პირველ ნახევარში კი - 77.

გიორგი ტუღუში

გიორგი ტუღუში

„პატიმართა რაოდენობა პრაქტიკულად არ შეცვლილა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად ის პრობლემები, რომლებიც არსებობდა 2010 წელს, სათანადოდ გაანალიზებული არ ყოფილა. შემთხვევათა ნახევარი კვლავ დაკავშირებულია ტუბერკულოზთან. ამასთან, დასკვნათა უმეტეს ნაწილში ჩვენ წავაწყდით ისეთ პრობლემებს, როდესაც დაავადება იდენტიფიცირებული არ ყოფილა პირის სიცოცხლეში. იყო შემთხვევა, როცა გარდაიცვალა ქალი პატიმარი და სერიოზული ეჭვია იმაზე, რომ დროულად ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება პრობლემის, თორემ, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნებოდა მისი გადარჩენა“, - უთხრა გიორგი ტუღუშმა რადიო თავისუფლებას.

სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებად სახალხო დამცველი მიიჩნევს პატიმრებისთვის ხანგრძლივი პაემნის შესაძლებლობას. ზოგადად, სახალხო დამცველის შეფასებით, დადებითი ცვლილება საკანონმდებლო სფეროში რამდენიმე იყო. ეს არის ცვლილებები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რომელიც 12 მსაჯულის ინსტიტუტის დამკვიდრებას შეეხება, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს. პოზიტიურად აფასებენ უფლებადამცველები რელიგიის შესახებ კანონში შესულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან მჭიდრო ისტორიული კავშირის მქონე კონფესიებს რეგისტრაციის უფლება ეძლევათ. თუმცა პრობლემად რჩება სასამართლოსადმი ნდობის საკითხი, მუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, სასამართლოს მომხმარებელთა 72 პროცენტი სასამართლო სისტემას ნდობას უცხადებს. განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ამ თვალსაზრისით ადამიანის უფლებდამცველ ორგანიზაციებს.

საჭიროა გადამჭრელი ზომების მიღება პოლიციის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად ...
2011 წელს პირველად შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში გაჩნდა ტერმინი „კანონის შერჩევითი გამოყენება“. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანგარიშს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ყველაზე კრიტიკული უწოდეს. შერჩევითი სამართლის შესახებ საუბრობდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგიც 2011 წლის აპრილში საქართველოში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოქვეყნებულ ანგარიშში ”მართლმსაჯულების განხორციელება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სამართლებრივ სისტემაში”, სადაც ერთი თავი სასამართლო სისტემას მიეძღვნა.

”პროკურორებს წამყვანი პოზიცია უკავიათ საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურორები აღძრავენ ან აგრძელებენ სისხლისსამართლებრივ დევნას, მიუხედავად პოლიციის მიერ წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაშვებული პროცედურული დარღვევებისა, სერიოზულ განხილვას მოითხოვს. საჭიროა გადამჭრელი ზომების მიღება პოლიციის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად”, - წერია თომას ჰამარბერგის ანგარიშში.
ის, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში ტექნიკური სახის პოზიტიური ცვლილებები არის, არ უარყოფენ ადამიანის უფლებადამცველები, თუმცა ის გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მაინც ვერ გახდა.

დევნილთა გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დარღვევებით. ისინი გაფრთხილებას იღებენ ძალიან მცირე დროით ადრე ...
2011 წლის განმავლობაში პრობლემად რჩებოდა დევნილების დროებითი ჩასახლების ადგილებიდან გამოსახლება-განსახლების საკითხი. თბილისში ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთიდან“ დევნილთა გამოსახლება იმ ნიშნით იყო გამორჩეული, რომ იქ მცხოვრებ დევნილებს რეგისტრაციის ადგილად სასტუმროს მისამართი ეწერათ და, შესაბამისად, კანონმდებლობით, შენობის მესაკუთრესთან გათანაბრებული უფლებით სარგებლობდნენ, თუმცა გაფრთხილებიდან რამდენიმე დღეში სასტუმრო რამდენიმე საათის განმავლობაში დაიცალა. დევნილთა უმრავლესობა 10 ათასი დოლარის კომპენსაციაზე დათანხმდა, თუმცა მათი ნაწილი აცხადებს, რომ საკომპენსაციო თანხა ამ დრომდე არა აქვთ მიღებული. დევნილთა თემა კვლავ რჩებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების თემად. მაშ შორის იყო „Amnessty International“ და „Human Rights Watch“.

„Human Rights Watch“-ის წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიას განცხადებით, დევნილთა გამოსახლების პროცესი მთელი რიგი სამართალდარღვევებით განხორციელდა:

”დევნილთა გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დარღვევებით. ისინი გაფრთხილებას იღებენ ძალიან მცირე დროით ადრე, მათი გადასახლება ხდება ადგილებში, სადაც, მათი განცხადებით, დასაქმების საშუალება არ არის და არ არის სოციალური ინფრასტრუქტურა, ანუ ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა მთელ რიგ დარღვევებს.”

წლის განმავლობაში ირღვეოდა საკუთრების უფლებაც, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს 147 ქვეყანას შორის 120-ე ადგილი უჭირავს, ამის მიზეზად კი საკუთრების უფლების არაერთი დარღვევა სახელდება. სხვა საკითხებთან ერთად ამაზეც იყო გამახვილებული ყურადღება სახელმწიფო დეპარტამენტის ანაგარიშში, სადაც საუბარი შეეხებოდა ელიტურ კორუფციას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG