Accessibility links

logo-print

დღეს გაიმართა დიპლომატიური კორპუსისა და "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლების შეხვედრა


საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს თბილისში შეხვდნენ "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლებს. ერთ-ერთი მათგანის ვლადიმერ ხუნდაძის განცხადებით, ოქტომბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობის განზრახვა დაადასტურა, ”ქართუ ჯგუფის” ყველა ტვირთი საბაჟოს ე.წ. წითელ დერეფანში ხვდება. ხუნდაძის თქმით, თუ ოქტომბრამდე ტვირთის დეტალურად დათვალიერების აუცილებლობა მხოლოდ 5-10%-ის შემთხვევაში იქმნებოდა, ამჟამად 100%-ზე ვრცელდება. ”ქართუ ჯგუფის” წარმომადგენლებმა, რომელთა განცხადებით, ხშირ შემთხვევაში საბაჟოზე ტვირთს მიზანმიმართულად აზიანებენ, ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნები და ვიდეომასალა დღეს დიპლომატებს გადასცეს. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების შეტევა მრავალი მიმართულებით და ყველა მეთოდის გამოყენებით მიმდინარეობს, რასაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მონიტორინგი სჭირდება. თინა ხიდაშელის განცხადებითვე, იანვარში დიპლომატებს კიდევ ორჯერ შეხვდებიან და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან იმ პრობლემებზე, რომლებსაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ახალი კანონი უქმნის ფონდების "ქართუსა" და "ატუს" საქველმოქმედო საქმიანობას. გარდა ამისა, თინა ხიდაშელი კონტროლის პალატის ხელმძღვანელს მიმართავს, კონკრეტულად განმარტოს, თუ ვინ იგულისხმება ახალი კანონით პოლიტიკურ პარტიებთან ”დაკავშირებულ პირებად" და აქვს, თუ არა ფონდ "ქართუს" ოპერის შენობის რემონტის გაგრძელებისა და თეატრების თანამშრომელთა დახმარების უფლება.
XS
SM
MD
LG