Accessibility links

ევროკავშირი ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს


ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ.

ორშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. ევროკავშირი მზად არის, გააფართოვოს ირანისა და ბელორუსიის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. მოელიან, რომ გაერთიანების 27 წევრი ქვეყანა თანხმობას განაცხადებს, ემბარგო დააწესოს ირანის ნავთობის ექსპორტზე და გარკვეული სანქციები დაუწესოს ირანის ცენტრალურ ბანკსაც.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟიუპემ პარიზში, ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში სანქციების დაწესება "სამხედრო მოქმედების" საუკეთესო ალტერნატივაა:

"იმისათვის, რომ არ გადავაბიჯოთ ზღვარს, საიდანაც უკან მობრუნება შეუძლებელი იქნება, იგულისხმება სამხედრო გზა, ვფიქრობთ, უნდა გავამკაცროთ სანქციები იმისათვის, რათა ვაიძულოთ ირანის რეჟიმი განვითარდეს", - აღნიშნა ჟიუპემ. "ჩვენი წინადადებაა, გამკაცრდეს ზომები ორ სფეროში: ეს არის ემბარგოს დაწესება ირანის ნავთობის ექსპორტზე და ირანის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა. ამერიკის კონგრესმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება ამ მიმართულებით და პრეზიდენტმა ობამამ დაამტკიცა ის. ახლა ჩვენ, ევროკავშირი, ვმუშაობთ იმავეზე და ვფიქრობთ, ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, შევძლებთ შეთანხმებას ამ ორ სფეროში სანქციების პაკეტზე."

"P5+1"-ის სახელით ცნობილი ჯგუფი, რომელშიც შედიან გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ) და გერმანია, და რომელიც წლების განმავლობაში შეიმუშავებს ირანისთვის შესათავაზებელ წინადადებებს, თეირანთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეთრინ ეშტონმა აღნიშნული ექვსეულის სახელით განაცხადა, რომ "ჯგუფი მუდამ სათანადოდ აფასებს ორმხრივი მოძრაობის ეფექტიანობას" და ამით სანქციებისა და დიპლომატიის კომბინირებულ მიდგომას გაუსვა ხაზი. თუმცა, ეშტონმა ისიც აღნიშნა, რომ თეირანს ჯერაც არ უპასუხია 21 ოქტომბრის წერილისთვის, რომელიც მოლაპარაკების შესაძლებლობას შეეხებოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას, განაცხადა, რომ ევროკავშირი ერთსულოვანია ირანთან დაპირისპირების განზრახვაში.

"ევროკავშირი ამ ორშაბათს დააწესებს ახალ და ძალიან მნიშვნელოვან სანქციებს იმისათვის, რათა მკაფიოდ გამოხატოს თავისი პოზიცია - რომ ირანის მოქმედება ბირთვულ სფეროში მიუღებელია და საფრთხეს უქმნის მშვიდობას მსოფლიოში.".

თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კითხვის ნიშნები რჩება სანქციების ამოქმედების თარიღის მიმართ. ევროკავშირის სახელმწიფოთა უმრავლესობა, - მათ შორის საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი - თვლიან, რომ სანქციები ირანის წინააღმდეგ 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, ანუ იმავე თარიღიდან, რაც შეერთებულმა შტატებმა დაუწესა ირანს მსგავსი სანქციების ამოქმედებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებული იქნებიან, მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე დაასრულონ არსებული კონტრაქტები და ივლისის დასაწყისამდე შეაჩერონ ნავთობის იმპორტი ირანიდან.

საბერძნეთმა სანქციების ამოქმედებამდე უფრო ხანგრძლივი ვადის დაწესება მოითხოვა - 9-დან 12 თვემდე, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ნავთობის იმპორტის ალტერნატიული წყაროების მოძებნა. საბერძნეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ირანიდან ნავთობის იმპორტზე და თეირანისგან გაიოლებული საკრედიტო რეჟიმით სარგებლობს.

ახლა ევროკავშირისა და აშშ-ის დიპლომატები მუშაობენ იმაზე, რომ ირანიდან ნავთობის იმპორტი საუდის არაბეთიდან იმპორტით ჩაანაცვლონ. აღსანიშნავია ისიც, რომ შარშან ირანის ნავთობის ექსპორტის 20 პროცენტი ევროკავშირზე მოდიოდა.

20 იანვარს, გიდო ვესტერველესთან, შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ბირთვული პროგრამის განხორციელებით ირანი "სახიფათო გზით" მიექანება. კლინტონმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ თეირანმა უნდა დაამტკიცოს, რომ მართლაც სურს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნება.

"ჩვენ ყველანი ვცდილობთ გავარკვიოთ, რა დგას ირანის განცხადებების უკან, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. ჩვენ უნდა დავინახოთ მათი განზრახვის სერიოზულობა და გულწრფელობა", თქვა კლინტონმა.

ირანის ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე უფრო რთული საკითხია სანქციების შემოღება ირანის ცენტრალური ბანკის მიმართ - ისე, რომ არ დაზარალდეს ევროკავშირსა და ირანს შორის ვაჭრობის ლეგალური ნაწილი.

ირანის საკითხის გარდა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ ბელორუსიაში ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებზეც. დღემდე ევროკავშირმა პირადი ანგარიშები გაუყინა და სავიზო აკრძალვა დაუწესა ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებულ 200-ზე მეტ პირს. საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, "შავ სიაში" შეიყვანენ როგორც ადამიანის უფლებათა დამრღვევებს, ისე იმათაც, ვინც რეჟიმს ეკონომიკურად ამყარებს. დღეს ამ სიის ახალი სახელები ცნობილი არ გახდება, მაგრამ ევროკავშირის წყაროების თანახმად, "შავ სიას" 140-მდე პირის სახელები დაემატება.
XS
SM
MD
LG