Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის შეფასებით, ობამას და სააკაშვილის შეხვედრას დიდი პოზიტიური მნიშვნელობა აქვს


აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ვიდეოკომენტარი მის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ივანიშვილის შეფასებით, პრეზიდენტების შეხვედრას ჰქონდა დიდი პოზიტიური მნიშვნელობა, რადგან აშშ-მა კვლავ დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა, როდესაც პრეზიდენტმა ობამამ სამომავლოდ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა შესთავაზა. "ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა მომავლისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მან ხაზი გაუსვა ნატოში საქართველოს გაწევრიანებისადმი აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერას და საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებზეცაა დამოკიდებული. ”არ მეგულება ნატოს წევრი არცერთი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხს პრინციპულად ეწინააღმდეგებოდეს, რადგან მხარდჭერას ერთხმად გამოხატავენ. ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და ჩვენც მივესალმებით ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას” - განაცხადა ივანიშვილმა. მისი შეფასებით, ერთადერთი ვინც ამას ხელს უშლის, მიხეილ სააკაშვილია, რომლის განსაკუთრებით ბოლო წლების მოქმედებები გამოკვეთილად ეწინააღმდეგება ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ნაციონალური ტელეარხები და სახელმწიფოს იდეოლოგები ცდილობენ, საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა პირადად სააკაშვილის დამსახურებად წარმოაჩინონ, თუმცა, სინამდვილეში ეს იყო პატივისცემა საქართველოსა და მისი მოსახლეობისადმი. ”თუმცა, ამ შეხვედრაში შეგვიძლია დავინახოთ რაღაც ქვეტექსტი, როდესაც ობამა სააკაშვილს შეახსენებს, რომ მას იმედი აქვს, საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემისა" - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
XS
SM
MD
LG