Accessibility links

logo-print
დღევანდელი ”რეზონანსი” წერს, რომ ”ნამახვანის ჰესის მშენებლობის პროექტი ჩავარდა”. სტატიაში წაიკითხავთ: ”ნამახვანის ჰესი კორეელების შემდეგ თურქებმაც მიატოვეს. არადა, ჰესის მშენებლობა უკვე გადაწყვეტილი იყო და საუბარი მოსახლეობის გამოსახლებაზე მიდიოდა. ენერგეტიკის სამინისტროში ჰესიდან თურქი ინვესტორის წასვლის მიზეზებს არ ასახელებენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ინვესტორთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამჯერად სამინისტრო ახალი ინვესტორის ძიებაშია. შესაბამისად, საკუთარი საცხოვრებლებიდან სოფელ ჟონეთის, საკირისა და მამაწმინდის მოსახლეობის აყრა დროებით - შესაძლოა, სამუდამოდაც - გადაიდოს. ახალმა ინვესტორმა ”ნამახვანის კასკადის” მშენებლობასთან დაკავშირებით წინადადებები აპრილამდე უნდა წარადგინოს”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი.

”რეზონანსი” და ”ახალი თაობა” 2006 წლის 9 თებერვალს თბილისში კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის სახელით ცნობილი მოვლენისას დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეკრების შესახებ წერენ. ”ახალ თაობას” ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ, დამფუძნებელმა სამოქალაქო მოძრაობისა ”გადაარჩინე სიცოცხლე”, იური ვაზაგაშვილმა უთხრა: ”ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ ჩვენმა ორგანიზაციამ - ”გადაარჩინე სიცოცხლე” - შეძლო ის, რომ შეაჩერა ქუჩაში დახვრეტები. სანამ ცოცხალი ვარ, ვიბრძოლებ იმისათვის, რომ აუცილებლად დაუდგეს საქართველოს სამართლიანობა და ყველა დამნაშავე, შემკვეთიც და შემსრულებელიც, ციხეებში ჩავსვათ, მაგრამ არა ის, როგორც სააკაშვილი-მერაბიშვილის ხელისუფლებამ გაავსო ციხეები ალალ-მართალი უდანაშაულო ადამიანებით. სამართლიანი ქვეყანა უნდა ავაშენოთ.”

პრესა დღეს აქტიურად ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის 8 თებერვლის შეხვედრას ჟურნალისტებთან. სათაურები: ”ახალი თაობა” – ”ბიძინა ივანიშვილმა პრესსპიკერად ირაკლი ალასანიას ცოლისდა დანიშნა”; ”24 საათი” – ”ივანიშვილის კოალიციის კარი ბოლომდე არ დახურულა”; ”რეზონანსი” – ”ივანიშვილის პოლიტიკური არჩევანი”; ”ალია” – ”რას წერს ივანიშვილის პრესსპიკერი თავის დღიურებში?!”.

”რეზონანსს” ექსპერტებმა ბიძინა ივანიშვილის მიერ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიმართ გამოხატული პოზიციების შესახებ გაუზიარეს მოსაზრებები. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კახა კუკავასა და ნინო ბურჯანაძის პარტიებთან კოალიციის ფარგლებში ვერ ითანამშრომლებს. სოსო ცისკარიშვილი შენიშნავს: ”ივანიშვილმა დააფიქსირა კეთილგანწყობა კუკავასა და ბურჯანაძის პარტიების მიმართ, განაცხადა, რომ არ გააკრიტიკებს მათ და ამას, იმედია, მისი პარტნიორი პარტიებიც გაიგებენ და არ გაუჭირდებათ ამაზე გაჩუმება”. ”რეზონანსშივე” რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, ბიძინა ივანიშვილს კუკავასა და ბურჯანაძის პარტიები ”რუსულ ძალად” არ მიაჩნია, ”მაგრამ არ უნდა, რომ ხელისუფლებას მისცეს ახალი სალაპარაკო თემა”.

”24 საათი” – ”ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადების თანახმად, საზოგადოება მის კოალიციაში კახა კუკავასა და ნინო ბურჯანაძეს ვერ ნახავს”.

”ალიაში” ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან ვრცელი ინტერვიუ ქვეყნდება. ის აცხადებს, რომ ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ”ფაქტორი მარტო ფულია”. ინტერვიუს დასასრულს კი წაიკითხავთ: ”ჩემთვის ”ნაცმოძრაობა” არ არის პირველი ცენტრი, ის არის მტრის ბანაკი და მტრის ბანაკს სხვადასხვა მხრიდან არტყამენ ალყას. მთავარია, ჩვენ არ ვიყოთ ერთმანეთის ოპოზიცია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ გვქონდეს, სულ ცოტა, თავდაუსხმელობის პირობა, ერთმანეთის დაბომბვა უნდა დამთავრდეს, ერთმანეთზე წამოძახება აღარ არის აქტუალური, რადგან ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთზე ამ ქვეყანაში”.

”ალიას” ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ მარიანა იველაშვილზე ზეწოლის შესახებ უყვება. იველაშვილი რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა პატიმრობიდან. ის ”არასათანადო საადვოკატო მომსახურების” გამო გაასამართლეს და მისი საქმით არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დაინტერესდა. დღეს კი, ზაზა ხატიაშვილის თქმით, მასზე ზეწოლას იმით ცდილობენ, რომ მისგან ”ნაციონალურ მოძრაობაში” გაწევრიანებას მოითხოვენ.

”საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზე - ”იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ისევ მიზანში ამოიღეს”. ავტორი წერს: ”7 თებერვალს ისრაელში უკანონო ფორპოსტების ლიკვიდაციის მოწინააღმდეგეებმა იერუსალიმში ორი ექსტრემისტული აქცია განახორციელეს, სახელწოდებით ”ტაგ მეხირ”. კერძოდ, მემარჯვენე რადიკალებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი შეურაცხყვეს.”
XS
SM
MD
LG