Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლის პალატა არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური შემოწმების მიზეზებს უხსნის


საქართველოს კონტროლის პალატა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც ორი დღის წინ კონტროლის პალატამ ფინანსური ანგარიშგების ბრუნვის შესახებ ინფორმაციისთვის ორ არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა, რამაც არასამთავრობო სექტორის უკმაყოფილება გამოიწვია. შეხვედრაზე, რომელსაც ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა, კონტროლის პალატამ მათ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა გააცნო. საინტერესოა,მიიღეს თუ არა კონკრეტული პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციებმა კითხვებზე, რომლებიც მათ კონტროლის პალატის მიმართ დაუგროვდათ.
უმეტეს შემთხვევაში ეს განხილული იყო როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შეზღუდვების დაწესების მცდელობა ...
ლევან ბეჟაშვილი


პირველი ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც კონტროლის პალატამ ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა, ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” და ”რესპუბლიკური ინსტიტუტი” იყო. მოთხოვნას საფუძვლად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლი და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი დაედო, რომლის მიხედვითაც, პარტიას აქვს ვალდებულება წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია. ამის თანახმად, კონტროლის პალატა ზეპირ განცხადებაში მიუთითებდა, რომ აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასოცირებული პირები დღესდღეობით აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. რაც შეეხება წერილობით გზავნილს, რომელიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეგზავნათ, კონტროლის პალატის ხელმძღვანელის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათ ვერ მოიძიეს ორგანიზაციების ოფიციალურ გვერდებზე სათანადო ფინანსური ინფორმაცია და გადაწყვეტილება შემოწმების შესახებაც სწორედ ამიტომ მიიღეს:

”გაუგებარი ინტერპრეტაციები გაისმა, უმეტეს შემთხვევაში ეს განხილული იყო როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შეზღუდვების დაწესების მცდელობა. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ კონტროლის პალატის ფინანსურ სამსახურს ამგვარი განზრახვა ნამდვილად არ ჰქონია. ეს არის ინფორმაციის გამოთხოვის ჩვეულებრივი პროცედურა, რადგან ჩვენ სხვა ალტერნატიული ღია წყაროებიდან ვერ მოვიძიეთ ინფორმაცია ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივის” ფინანსური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მთავარი ტესტი არის ის, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ყველა არგუმენტი და ყველა მასალა იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ არასამთავრობო ორგანიზაციების რაიმე სახის ფინანსური კავშირი პოლიტიკურ პარტიებთან”, - ირწმუნება ლევან ბეჟაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” 9 თებერვლის საღამოს კონტროლის პალატას ელექტრონული ფორმით სრულად გადაუგზავნა ინფორმაცია ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ დევდარიანი დარწმუნებულია, რომ კონტროლის პალატა შემოწმების შედეგად ვერანაირ, ვერც ფინანსურსა და ვერც სხვა ტიპის საქმიანობის კავშირს ვერ აღმოაჩენს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. მისი თქმით, დადებითად შეიძლება შეფასდეს კონტროლის პალატის წარმომადგენლების ერთი განმარტება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათგან 10 თებერვალს მოისმინეს:

”არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმება მოხდება მხოლოდ მონიტორინგის მიზნით და მას შემდეგ, თუკი დადასტურდება, რომ რაიმე ხარჯები მიმართული არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან, მხოლოდ მას შემდეგ იქნება გამოყენებული შეზღუდვები. ამ მხრივ ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა და დარწმუნებულნი ვართ, რომ ნებისმიერი სახის ტესტს ჩავაბარებთ”, ამბობს მიხეილ დევდარიანი.
რამდენად ერთნაირია კრიტერიუმები და რა კრიტერიუმით სარგებლობს კონტროლის პალატა, როდესაც არჩევს იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ეგზავნებათ წერილი ფინანსური შემოწმების შესახებ ...
ნინა ხატისკაცი

მიხეილ დევდარიანისათვის მიუღებელი და გაუგებარია კონტროლის პალატის ზეპირი განცხადება, ორგანიზაციის შემოწმება გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ მასთან ასოცირებული პირები დღეს პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიანო. შეგახსენებთ, რომ ასეთ პირად ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივის” შემთხვევაში მოიაზრება ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოკი იონათამიშვილი, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი და ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 10 თებერვალს კონტროლის პალატის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოა”. ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნინა ხატისკაცს კონტროლის პალატის წარმომადგენლების მიმართ კითხვები დაუგროვდა, თუმცა, როგორც ის ამბობს, მათგან ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მოისმინა. მისი თქმით, კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ არის ბევრი ბუნდოვანი და გაუაზრებელი მუხლი, რომლის აღსრულება დიდ სიძნელეს წარმოადგენს. კონტროლის პალატასთან მას სწორედ აღსრულებასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები:

”ეს კითხვები ძირითადად ეხება იმას, თუ რამდენად ერთნაირია კრიტერიუმები და რა კრიტერიუმით სარგებლობს კონტროლის პალატა, როდესაც არჩევს იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ეგზავნებათ წერილი ფინანსური შემოწმების შესახებ. ასევე არის კითხვები იმის თაობაზე, რომ კონტროლის პალატა ზოგ შემთხვევაში ითხოვს ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ერთი თვის მანძილზე, ანუ მას მერე, რაც კანონი ამოქმედდა, ზოგ შემთხვევაში კი ერთი წლის პერიოდს, მაშინ, როდესაც კანონი არ მოქმედებდა. ჩვენ ვერც იმასთან დაკავშირებით მივიღეთ ზუსტი განმარტება, თუ რამდენად არის კონტროლის პალატის მანდატი და ფუნქცია, რომ წინასწარ, როდესაც მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია პოლიტიკურ პარტიებთან კავშირის შესახებ და ეყრდნობა მხოლოდ ეჭვს, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია”, - ამბობს ნინა ხატისკაცი.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიმართ პრეტენზიები აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც“. კანონის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ცხადად არ იკვეთება, ვის ეხება კანონი, როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, რა შეზღუდვები წესდება და ა.შ., აღნიშნავს თამარ ჩუგოშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. მისი მტკიცებით, თუკი კანონი არ შეიცვლება, კონტროლის პალატა ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის შემოწმებას შეეცდება:

”მე არანაირად არ ვაპირებ იმის აღიარებას, რომ ამ კანონის რეგულაცია ვრცელდება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე“. ეს არის ნონსენსი და ეს უნდა დაასაბუთოს კონტროლის პალატამ, თუკი ისინი ასე ფიქრობენ. ეს ძალიან უხეში ჩარევაა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში”, - მიაჩნია თამარ ჩუგოშვილს.

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ორგანიზაცია უახლოეს მომავალში გეგმავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას. ისინი საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტს და, გარდა ამისა, კანონის წინააღმდეგ გეგმავენ აქტიური სამოქალაქო კამპანიის წარმოებას.
XS
SM
MD
LG