Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 14 თებერვალი, 2012


მიმოხილვას „ალიათი“ დავიწყებ, რომელიც დღეს აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”რატომ გაწირა ადეიშვილმა ერთგული თანამშრომელი?” ეს ”ერთგული თანამშრომელი”, გაზეთის ცნობით, პროკურორი კახა ცნობილაძეა, რომელიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს. "ალიამ" გაარკვია დეტალები, რის გამოც ადეიშვილმა საკუთარი არცთუ დაბალი რანგის პროკურორი ციხისთვის გაიმეტაო, წერს გაზეთი და მოჰყავს ინტერვიუ ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან, რომელიც ამბობს, კახა ცნობილაძე ცნობილია როგორც ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც ამ ხელისუფლების ყველა უკანონობას "აპრავებდა" - ეს ეხება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ჩადებას პოლიციელთა მხრიდან, რის გამოც ძალიან ბევრი მსჯავრდებული ასევე უკანონოდ იხდიდა სასჯელსო. იგი ასევე ამბობს, ”ცნობილაძის დაკავების ფაქტმა დაადასტურა ასეთი საადვოკატო ბიუროების არსებობა. სპეციალური ბიუროები და სპეციალური ადვოკატები ჰყავთ, რომლებიც, გარდა იმისა, რომ საპროცესო თანხას ახდევინებენ უკანონოდ დაკავებულებს, ასევე განსაზღვრული რაოდენობის თანხა მიაქვთ "საქმის მიმცემ" პროკურორებს. ასე ერთობლივად, დეგრადირებული ადვოკატების საშუალებით აყიდვინებენ სახლებს და ტოვებენ ქუჩაში ასობით ადამიანსო”, - უთხრა ”ალიას” ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ.

”რეზონანსის” დღევანდელი მოწინავე სტატიის სათაურია ”ბოლო 3 წელიწადში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოსახლეობისგან თანხების ამოღება გააათმაგა”. გაზეთი წერს, 2011 წელს აღმასრულებლებმა ბიუჯეტში 110 მლნ ლარი გადარიცხეს, 2008 წელს კი მხოლოდ 10 მილიონიო, და მოჰყავს ეკონომიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის სიტყვები: ”აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ბიუჯეტში გადარიცხული თანხის ზრდა მიუთითებს, რომ ჩვენთან სამართლებრივი ურთიერთობები და იურიდიული ფორმით პრობლემების მოგვარება თანდათანობით ფეხს იკიდებსო”. თუმცა, ამატებს ის, ”პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში დაიხვეწა თაღლითური გზებით თანხის ამოღების პროცესი და, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში მიმნდობ ადამიანთა რიცხვი შემცირდა, საჭიროა მოსახლეობამ ეკონომიკურ თვითგანათლებას მიაქციოს ყურადღება, რათა თაღლითურ სქემებში არ გაებნენო”.

”ახალი თაობა” დღეს „ეროვნული ფორუმის“ ლიდერის, გუბაზ სანიკიძის პრესკონფერენციას აშუქებს. ”ივანიშვილისგან ფული არ აგვიღიაო”, - თქვა მან, თუმცა ასევე დასძინა, ხელფასებს არ ვითხოვთ, მაგრამ ზოგადად ფულზე უარს არ ვიტყვითო.”

”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს წერილს, რომელიც გაზეთს უცხოეთიდან მოსწერა იქ, თავიანთი თქმით, კონსპირაციულად მცხოვრებმა ზვიად გამსახურდიას სამმა თანამებრძოლმა. ”შენ და შენისთანა გამყიდველები მაშინ ბუნაგში იმალებოდით” - ასეთია სტატიის სათაური, თავად წერილიდან კი ირკვევა, რომ ადრესატი სანდრო ბრეგაძეა. ”სამშობლოს მოღალატე ბრეგაძევ, ტყუილად იბრძვი ამერიკის ვასალი ივანიშვილისთვის. ის პირსისხლიან შევარდნაძეზე და ტირან სააკაშვილზე უარესიაო”, - წერია პუბლიკაციაში, რომელსაც დღეს ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG