Accessibility links

logo-print
დღეს ტიმ ბაკლის შესახებ უნდა მესაუბრა, მაგრამ გეგმები მეტად სამწუხარო ამბავმა - უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებამ - შეცვალა. ამიტომ ფოლკ-მომღერალს თვის ბოლომდე მოუწევს მოცდა. რაც შეეხება უიტნი ჰიუსტონს, თავიდანვე ვაღიარებ, რომ მისი ფანი არა ვარ, გულაჩუყებულმა ცრემლიანი თვალებით რომ გავიხსენო; მით უმეტეს - არც მუსიკალური კრიტიკოსი, რომელსაც ნებისმიერი მუსიკალური ჟანრის თანაბრად ცივსისხლიანი ანალიზი მოეთხოვება. აქედან გამომდინარე, თუ უიტნი ჰიუსტონის შემოქმედებითი ცხოვრების რომელიმე დეტალი გამომრჩა ან სათქმელი არასათანადოდ სევდიანი მოგეჩვენათ, წინასწარ უნდა მომიტევოთ.



დავიწყოთ ბავშვობის წლებით, რომელიც მუსიკოსმა ქალაქ ნიუ-არკში, ნიუ-ჯერსის შტატში გაატარა. მის ოჯახთან ვისაც კი ოდესმე ახლოს მაინც ჩაუვლია, ყველა მაგრად მღეროდა. მაგალითად, დეიდები - დიდი და დაიონ უორვიკები - ერთმანეთზე უკეთესი სოულის შემსრულებლები იყვნენ, ხოლო დედამისი, სისი ცალკე თემაა - სამოციანი წლების რიტმენბლუზის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მომღერლად ითვლებოდა და თვით ელვისთან ერთადაც მდგარა სცენაზე. ასე რომ, რა გასაკვირია, თუ პატარა უიტნი მუსიკის სიყვარულით ბავშვობიდანვე ”მოიწამლა”. ბოლოს და ბოლოს, უნამუსობა იქნებოდა არეტა ფრანკლინის ნათლულს, მაგალითად, იურისტობაზე ან ჟურნალისტობაზე დაეწყო ფიქრი.

გოგონა მხოლოდ 11 წლის გახლდათ და უკვე დედასთან ერთად იდგა პროფესიულ სცენაზე. ვოკალურ წიგნიერებას ბაპტისტური ეკლესიის გუნდში ეუფლებოდა, რომელიც მოგეხსენებათ, ნებისმიერ კოლეჯსა თუ აკადემიაზე მაგარი სკოლაა. თანაც, აქ ისეთ გოსპელსა და სპირიჩუელს ასწავლიან ხოლმე, ვერც ერთ სახელმძღვანელოში რომ ვერ ამოიკითხავ.



უიტნი ჰიუსტონის არაორდინარულად ლამაზი და ძლიერი ხმა, ბუნებრივია, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. 1985 წლის სადებიუტო ალბომმა ამერიკულ თუ ევროპულ ჩარტებში წამყვანი ადგილები დაიკავა. როგორც ხდება ხოლმე, ალბომს საგასტროლო ტურნე მოჰყვა და პირველი „გრემით“ დაგვირგვინდა. თუ „გრემი“ ვახსენეთ, ბარემ აქვე ვთქვათ, რომ, ჯილდოთა რაოდენობის მხრივ, მომღერალი გინესის უკონკურენტო რეკორდსმენი, 411 სხვადასხვა პრემიისა თუ ჯილდოს მფლობელი გახლდათ.

მომღერლის მეორე ალბომმა პირველზე მეტად ივარგა - მსოფლიოს მასშტაბით 20 მილიონამდე გაიყიდა და ამერიკაში ცხრაგზის მიიღო პლატინის დისკის სტატუსი. თუმცა ჰიუსტონის ვოკალურ მონაცემებსა თუ ულამაზეს ტემბრს აქამდე თუ ხოტბას ასხამდნენ, პირველი მწარე კრიტიკაც გაისმა: ”ლაივებზე” გენიალურად მღერის, სტუდიური ვერსიები უსიცოცხლო და ხელოვნურიაო; ხოლო აფროამერიკელმა კოლეგებმა ისიც კი მიაძახეს: თეთრების მუსიკას ასრულებს, ჩვენს მოდგმასთან საერთო აღარაფერი აქვს და მაგიტომაც ეყიდებაო. ასეა თუ ისე, ჟურნალმა „როლინგ სთოუნზმა“ 1990 წლის, რიგით მესამე ალბომს - I’m Your Baby Tonight - ამგვარი შეფასება მისცა: „უიტნი ჰიუსტონის საუკეთესო და ყველაზე წარმატებული ალბომი”.



აი 1992 წელს კი ის ცნობილი ფილმიც გამოვიდა, სადაც კევინ კოსტნერთან ერთად ისეთი რომანტიკული ისტორია გაითამაშა, ჩემი მშობლების თაობას დღემდე ცრემლი არ შეშრობია. საუნდტრეკისათვის სულ 6 სიმღერა ჩაიწერა, მათ შორის, რა თქმა უნდა, I Will Always Love You, რომელიც ჰიუსტონის სავიზიტო ბარათად იქცა.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს პერიოდი უიტნი ჰიუსტონის კარიერის პიკი გახლდათ. შემდეგ კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. წლების მანძილზე მთვრალი გამოხტომები, გაუთავებელი ძალადობა, ღალატი და პრობლემები ნარკოტიკებთან - ეს იმ უბედურებათა მცირე ჩამონათვალი გახლავთ, რაც ბობი ბრაუნთან ქორწინებამ მოუტანა. სცენაზე იშვიათად, მაგრამ თუ მაინც გამოჩნდებოდა, არც ჩვეული ხმა შემორჩენოდა და არც ძველებურად უელავდა თვალები, მზერაში მხოლოდ ნაღველი და უიმედო მწუხარება გამოსჭვიოდა.



უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალება ”ფეისბუკით” გავიგე. უფრო სწორად, სიმღერებით აჭრელებული კედლები რომ ვნახე, ვიფიქრე, მის თავს რაღაც კარგი ამბავი არ უნდა იყოს-მეთქი. სამძიმარი საყოველთაოდ მიღებული სიტყვებით გამოიხატებოდა, რომელთა მარაგი მეტად შეზღუდულია ხოლმე. ზოგს ”იაღლიში” მოუვიდა, ჰიუსტონის ნაცვლად, ჯვარი სწერია და, ოპრა უინფრის ფოტო განათავსა, წარწერით: R.I.P. შემდეგ სხვადასხვა უცხოური გამოცემის ვებგვერდებზე შევედი, სადაც მოესწროთ და ჰიუსტონის ცხოვრებაზე უზარმაზარი სტატიები დიდი ოპერატიულობით გამოეცხოთ. რამდენიმე მათგანი წავიკითხე და გამიჩნდა შეგრძნება, თითქოს ხსოვნის ტექსტები მის გარდაცვალებამდე უკვე ჰქონდათ შედგენილი, მხოლოდ ბოლო დეტალის დაზუსტება სჭირდებოდათ: სად, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა. იმ ჟურნალისტებს ვგულისხმობ, ბოლო წლები სვავებივით რომ დასტრიალებდნენ თავს, მომღერლის თვითგანადგურების პროცესით ტკბებოდნენ, დღენიადაგ ნარკოტიკების მავნებლობაზე უკითხავდნენ მორალსა და წამხდარ ვოკალზე ქილიკობდნენ.

დიახ, უიტნი ჰიუსტონს გარდაცვალებამდე გადაუხადეს პანაშვიდი და დიდი პატივითაც დაკრძალეს, მაშინ როცა ჯერ კიდევ ცოცხალი გახლდათ, ძალების მოკრეფასა და ყველაფერის თავიდან დაწყებას ცდილობდა. 2008 წლის მის ბოლო ალბომში ერთი სიმღერაა, რომელსაც Like I Never Left – „თითქოს არსად წავსულვარ“ - ჰქვია. დისკის გამოსვლისას კი ასეთი რამე უთქვამს: დარწმუნებული ვარ, რომ ძველებურად გიყვარვართ. თითქოს არსად წავსულვარ. იმედი მაქვს, სულ ასე იქნება!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG