Accessibility links

კოსოვოელმა სერბებმა პრიშტინის მთავრობა უარყვეს


ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებმა სერბებმა რეფერენდუმით უარყვეს კოსოვოს ეთნიკურად ალბანური მთავრობა, რომელიც პრიშტინაშია განთავსებული. კოსოვოელი სერბების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორდღიან რეფერენდუმზე პრიშტინის ხელისუფლების აღიარების საკითხს უარყოფითად 99-მა პროცენტმა უპასუხა. ევროკავშირი, დასავლეთის სხვა ქვეყნები და სერბია ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მოუწოდებდნენ არ გაემართათ ეს რეფერენდუმი. სერბიის პრეზიდენტის, ბორის ტადიჩის სიტყვებით, რეფერენდუმი არ დაეხმარება დიალოგს ბელგრადსა და პრიშტინას შორის. სერბიას ევროკავშირში სურს გაწევრიანება - ბრიუსელს კი უნდა, ბელგრადმა გააუმჯობესოს კავშირები კოსოვოს ალბანელების მთავრობასთან. ორმა მხარემ მოლაპარაკებები 11 თვის წინ დაიწყო. კოსოვოში ნატოს მშვიდობისდამცველთა ხელმძღვანელმა, გენერალმა ერჰარდ დრეუსმა განაცხადა, რეფერენდუმმა შესაძლოა ექსტრემისტი ალბანელების მხრიდან ძალადობა მოიტანოსო. კოსოვომ სერბიისგან დამოუკიდებლობა ოთხი წლის წინ გამოაცხადა. მისი დამოუკიდებლობა დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ აღიარა - მაგრამ ბელგრადი, კოსოვოელი სერბები და რუსეთი მას არ სცნობენ. ჩრდილოეთ კოსოვოში, სერბიასთან საზღვართან 40,000-მდე სერბი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG