Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანური დოკუმენტური ფილმი „ოსკარზეა“ წარდგენილი


”ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონიალი
”ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონიალი
კვირას, 26 თებერვალს, როცა ჰოლივუდში მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პრემიის, „ოსკარის“ ლაურეატთა გამოცხადების ცერემონია შედგება, იქ მყოფნი ერთმანეთის და მსოფლიო მედია კი მათი ცქერით დატკბება. მაგრამ იქ მყოფთათვის არ იქნება იოლი უყურონ პაკისტანელი კინემატოგრაფისტების მიერ გადაღებულ მცირე დოკუმენტური ფილმის კლიპს, სახელწოდებით „სახის შენარჩუნება“. ფილმი ექიმზეა, პლასტიკურ ქირურგზე, რომელიც ეხმარება იმ ქალებს, რომლებიც სახეში მჟავის შესხმით დაისაჯნენ. ამგვარად სჯიან ხოლმე პაკისტანსა და სხვა მაჰმადიანურ ქვეყნებში კაცები ქალებს, ქმრები, საყვარლები და თაყვანისმცემლები მათ, ვისზეც იეჭვიანეს, მათ, ვინც მათი აზრით, უღალატა. მჟავის შესხმის შედეგად სახე ნახევრად დნება. დამახინჯება სამუდამოა. ის არ არის მხოლოდ ტკივილი, ის უკიდურესი ფიზიკური და მორალური ტრავმაა, რომლის შემსუბუქებას ცდილობს პაკისტანური წარმოშობის ექიმი, ამ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გმირი. ფილმის რეჟისორი, პაკისტანელი შარმინ ობაიდ ჩინოი ამბობს, კარგად ვიცი, როცა „ოსკარის“ ცერემონიაზე, ლოს ანჯელესში, ჩემი ფილმის ათწამიანი კლიპი გავა, ზოგი მაყურებელი თვალს მოარიდებს ეკრანსო:

„ხალხისთვის, რა თქმა უნდა, ძნელია იმ კადრების ყურება, სადაც საშინლად დასახიჩრებული ქალების სახეები ჩანს. წარმოიდგინეთ, ხედავ სახეებს, რომლებიც ნაწილობრივ დამდნარია, დამწვარია. მაგრამ ამ ფილმის ნახვის შემდეგ უმეტესობა ამბობს, რომ ის ხელს შეუწყობს ამ ქალების რეაბილიტაციას, იმას, რომ პაკისტანში სხვა ქალებმა აღარ გადაიტანონ იგივე.“
როცა ამ შემთხვევების შესახებ შევიტყვე, ჩემს თავს ვუთხარი, ამის დამალვა არ შეიძლება, რაიმე ფორმით უნდა გამოააშკარავდეს-მეთქი ...
მოჰამად ჯავადი

ჩინოი, რომელმაც ფილმი ამერიკელ კოლეგა დენიელ იუნგესთან ერთად გადაიღო, ფიქრობს, რომ ამ მჟავით თავდასხმის შემთხვევებისთვის ყურადღების მიქცევაა ერთ-ერთი საშუალება, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. პაკისტანში არსებობს „მჟავას გადაარჩენილთა საზოგადოება“, რომლის ინფორმაციითაც, წელიწადში 150 ქალზე ხდება ამგვარი თავდასხმა. თუმცა, სავარაუდოდ, ქალთა რიცხვი, რომლებსაც მჟავა შეასხეს სახეში, ბევრად დიდია. უბრალოდ, ქალებს რცხვენიათ მომხდარის გამხელა. როგორც ითქვა, ფილმის გმირია ექიმი, მოჰამად ჯავადი, პლასტიკური ქირურგი, რომელიც ლონდონში მუშაობს, თავისსავე კერძო კლინიკაში, და წელიწადში ოთხჯერ ჩადის პაკისტანში, სადაც, ასევე თავის საკუთარ კერძო კლინიკებში დახმარებას უწევს მჟავით თავდასხმის მსხვერპლ ქალებს. ჯავადი, რომელიც ახლა ლოს ანჯელესშია ჩასული, გვიამბობს, რომ პაკისტანში დაიბადა, მაგრამ ასეთი ტიპის შურისძიების შესახებ არაფერი გაეგონა:

„როცა ამ შემთხვევების შესახებ შევიტყვე, ჩემს თავს ვუთხარი, ამის დამალვა არ შეიძლება, რაიმე ფორმით უნდა გამოააშკარავდეს-მეთქი. ეს მოვლენა ჩვენ გვეხება, ჩვენს საზოგადოებას, და თუკი რამე შემიძლია, თუკი მაქვს უნარი რაიმე ვიღონო იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემმავე თანამემამულეებმა დაამცირეს, ჩემმავე მთავრობამ ვერ დაიცვა, რათა სამართლისთვის მიეღწიათ... ვიგრძენი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა.“
როცა ზაკია სასამართლოს ოთახიდან გამოდიოდა, ქმარი დახვდა, სახეში მჟავა შეასხა და მიაძახა, წადი ახლა და გამშორდიო ...
მოჰამად ჯავადი

ექიმმა ჯავადმა დაიწყო მუშაობა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, რათა დახმარებოდნენ მსხვერპლს. ამ დახმარების ერთ-ერთი სუბიექტი იყო ზაკიაც, ფილმის „სახის შენარჩუნება“ ერთ-ერთი გმირი ქალი. ზაკიას ქმარმა მჟავა შეასხა სახეში. მისი სახისგან დარჩენილია მხოლოდ ერთი თვალი, ცხვირის ნახევარი და პირი, რომელსაც აღარ ძალუძს გაღიმება. ფილმის ავტორი გვიამბობს ზაკიას შესახებ:

„ზაკიას სურდა ლოთ ქმარს გაშორებოდა. ქმარი უარზე იყო. შემდეგ ზაკიამ სასამართლოს მიმართა. როცა ქმარმა ამის შესახებ შეიტყო, დაემუქრა, სეირს გიჩვენებო. ერთხელაც, როცა ზაკია სასამართლოს ოთახიდან გამოდიოდა, ქმარი დახვდა, სახეში მჟავა შეასხა და მიაძახა, წადი ახლა და გამშორდიო. ქმრის სურვილი იყო ოთხ კედელს შორის გამოეკეტა ცოლი და მწარედ ენანებინა, რომ გაშორება გადაწყვიტა.“

ქალები, რომლებიც მჟავის შესხმის შედეგად სასტიკად სახიჩრდებიან, არა მხოლოდ ფიზიკურად, მორალურადაც ღრმად ტრავმირებულნი არიან და კარგავენ საკუთარი თავის რწმენას, საზოგადოებაში ვეღარ ჩნდებიან. ჯავადი, არამხოლოდ როგორც პლასტიკური ქირურგი, ამბობს, მე ვიცნობ პაკისტანის კულტურას, მესმის მათი ენა და ამ ქალებს ჩემთან ურთიერთობა უადვილდებათო; მე მათ ფიზიკურად ნაწილობრივ მაინც სახეს აღვუდგენ და როცა ჩემგან მიდიან, მართალია, მთლად ბედნიერები არა, მაგრამ იმაზე უფრო ბედნიერები კი არიან, ვიდრე მანამდე იყვნენო. ადვოკატებმა, რომლებიც იცავენ ამ ქალებს, იმას მიაღწიეს, რომ პაკისტანის კანონმდებლობა ამგვარ დანაშაულს სჯის 14 წლამდე პატიმრობით. მაგრამ ასეთი განაჩენის გამოტანა იშვიათია. ქალებს რცხვენიათ გაამხილონ მომხდარი და ხშირად არ სურთ ოჯახის წევრი მართლმსაჯულებას ჩააბარონ. „სახის შენარჩუნების“ ავტორები იმედოვნებენ, რომ ფილმი ამ მხრივ მცირე ზემოქმედებას მაინც იქონიებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG