Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ქართულ ბაზას ესტუმრა


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლიონ პანეტამ 14 მარტს ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა. ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამხედრო ბაზა ”შუკვანში” ლიონ პანეტას სტუმრობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ სამხედროებს ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და ავღანეთში დაჭრილი ვიცე-პოლკოვნიკის, ალექსანდრე ტუღუშის წერილი წაუკითხა. „ამერიკელ სამხედროებთან ერთად ავღანეთის ყველაზე ცხელ რეგიონში სამშვიდობო მისიის შესრულება დიდი პატივია. მე ვერ შევძელი თქვენთან ერთად მისიის დასრულება, მაგრამ ძალიან მეამაყებით - თქვენ ხართ გმირები, რომლებიც საქართველოს ისტორიაში შეხვალთ,” - ნათქვამია წერილში. ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში იმყოფება აშშ-ში, ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, სადაც რეაბილიტაციის კურსს გადის. 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში სამშვიდობო მისიას 2011 წლის ნოემბერიდან ასრულებენ და ჰელმანდის პროვინციაში აშშ-ის კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობენ. ერთი ასეული კი საფრანგეთის ბატალიონთან ერთად ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ასრულებს სამხედრო ამოცანებს.
XS
SM
MD
LG