Accessibility links

logo-print
ჩვენ რამდენიმე რეპორტაჟი მივუძღვენით ბელორუსიაში ტერაქტის ბრალდებით გასამართლებული და დახვრეტილი დმიტრი კონოვალიოვისა და ვლადისლავ კოვალიოვის ისტორიას. სადავოდ ქცეულ სასიკვდილო განაჩენსა და სიკვდილმისჯილთა თვენახევრიან სასამართლო პროცესზე წიგნი დაწერა ჩვენმა კოლეგამ, რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის კორესპონდენტმა.

ალეგ ჰრუზილოვიჩმა ზემოხსენებული წიგნი ასე დაასათაურა : „ვინ ააფეთქა მინსკის მეტრო?“ ეს არ არის რიტორიკული შეკითხვა. მიუხედავად ბელორუსიის სასამართლო გადაწყვეტილებისა, წიგნის ავტორი ფიქრობს, რომ სასამართლომ არ გასცა პასუხი მთავარ შეკითხვას, ნამდვილად იყვნენ თუ არა ტერორისტები დმიტრი კანავალიოვი და ვლადისლავ კოვალიოვი და იდგა თუ არა ტერაქტის უკან პოლიტიკური ინტერესი.

ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ აფეთქებას არავითარი კავშირი არ ჰქონდეს პოლიტიკასთან და იყო ორი უბრალო ბიჭი, რომლებმაც ისე ააფეთქეს მეტრო, თითქოს საახალწლო ფოიერვერკი მოეწყოთ ...
„სასამართლომ დაასახელა ტერორისტები -კონოვალიოვი და კოვალიოვი, მაგრამ ჩემი გამოცდილება და ჩემთან კონტაქტში მყოფი ადამიანების დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ ასეთი კითხვები ლამის ყველას აქვს. ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს ტერორისტები დმიტრი კონოვალიოვი და ვლადისლავ კოვალიოვი იყვნენ, განსაკუთრებით არ გვჯერა იმისა, რომ ზომა სასჯელისა, რაც, კერძოდ, კოვალიოვმა მიიღო, შეესაბამებოდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. თანაც ეს ბადებს უმთავრეს შეკითხვას, თუ ვინ მოაწყო ტერაქტი - შეკითხვას, რომელსაც, ვფიქრობ, პასუხი ნამდვილად უნდა გაეცეს.“

ჟურნალისტი ალეგ ჰრუზილოვიჩი ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ პოლიტიკურ მომენტზე, რომელიც წინ უძღოდა მინსკის მეტროში შარშან აპრილში მომხდარ ტერაქტს. ეს ის პერიოდია, როდესაც ოპოზიციის მიტინგის დაშლიდან ოთხი თვეა გასული და ბელორუსიის ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს დასავლეთის ქვეყნები ბევრს აკრიტიკებდნენ ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების დაპატიმრების გამო. ჟურნალისტი ალეგ ჰრუზილოვიჩი ფიქრობს, რომ არსებობს ძალიან მკაფიო პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც სასამართლომ უარყო:

„ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ აფეთქებას არავითარი კავშირი არ ჰქონდეს პოლიტიკასთან და იყო ორი უბრალო ბიჭი, რომლებმაც ისე ააფეთქეს მეტრო, თითქოს საახალწლო ფოიერვერკი მოეწყოთ. სასამართლო პროცესზე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ხელისუფლებას ეს პოლიტიკური ფაქტორი უკვე ჰქონდა მიღებული მხედველობაში. ამაში თქვენ დარწმუნდებით საქმის მასალების გაცნობითაც. პროცესის მოსამართლე შეეცადა დაემალა ეს პოლიტიკური ფაქტორი, მაგრამ ის კვლავ იჩენს თავს. და ეს მხედველობაშია მისაღები. და თუკი პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ ამ ტერაქტში, მაშინ სრულიადაც არ არის გასაკვირი, რომ შეკითხვას, თუ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, პასუხის გაცემა სჭირდება.“

ასე ფიქრობს ჩვენი კოლეგა, რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის კორესპონდენტი, ჟურნალისტი ალეგ ჰრუზილოვიჩი, რომელმაც მინსკის მეტროს ტერაქტის საქმეზე წიგნი დაწერა, სათაურით „ვინ ააფეთქა მინსკის მეტრო?“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG