Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო განცხადება სირიაზე


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული განცხადება სირიის შესახებ ”შემობრუნების წერტილად” იქცევა. უშიშროების საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებას სამშვიდობო გეგმას, რომელიც გაეროს წარგზავნილმა კოფი ანანმა წარმოადგინა და ითვალისწინებს ძალადობის დასრულებას სირიაში, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფას და პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობას. უშიშროების საბჭოს ეს განცხადება არასავალდებულო ხასიათის არის. მასში აღნიშნულია, რომ უშიშროების საბჭო ”იმსჯელებს მომავალ სათანადო ნაბიჯებზე”, თუკი კოფი ანანი საბჭოს პროგრესის შესახებ არ აცნობებს. ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ”საბჭოს ეს მძლავრი და ერთსულოვანი მოქმედება იქნება შემობრუნების წერტილი სირიის კრიზისზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის რეაქციის თვალსაზრისით”. ოთხშაბათის განცხადებას წინ უძღოდა ინტენსიური მოლაპარაკებები რუსეთსა და ჩინეთთან, რომლებიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან და რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სირიის პრეზიდენტის გადადგომისკენ მოწოდებას. ორივე ქვეყანამ მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო განცხადებას სირიაზე.
XS
SM
MD
LG